დაბინძურებული ჰაერი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას თამბაქოზე მეტად ამცირებს

დაბინძურებული ჰაერი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას თამბაქოზე მეტად ამცირებს

MARK SCHIEFELBEIN/ASSOCIATED PRESS

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დაბინძურებული ჰაერი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2.3 წლით ამცირებს. ამ მხრივ, თამბაქოს გამოყენების გავლენა – 2.2 წელია. ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის წამყვან საფრთხედაც განიხილავს.

მაგალითისთვის, ჩინეთმა 2013-2021 წლებში ჰაერის საერთო ხარისხი 40%-ზე მეტით გააუმჯობესა, რის შედეგადაც, მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ორ წელზე მეტით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ კი, უკანასკნელ რვა წელიწადში, დაბინძურებული ჰაერის გამო გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი ოთხ ქვეყანაზე – ინდოეთზე, ბანგლადეშზე, ნეპალსა და პაკისტანზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, გლობალურად ჰაერის დაბინძურების ზრდის 60%-ზე ინდოეთია პასუხისმგებელი. ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთი ნაწილაკებით დაბინძურების შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს შეასრულებდა, ნიუ-დელიში მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 წლით გაიზრდებოდა.

ენერგეტიკის პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიში გრინსტოუნისა და სხვა მკვლევრების მიერ შემუშავებულ „ჰაერის ხარისხის ცხოვრების ინდექსს“ ემყარება. ინდექსის დაშვებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ერთი წლით მცირდება, თუ ადამიანი ხანგრძლივი პერიოდით სუნთქავს ჰაერს, რომელშიც წვრილი ნაწილაკების კონცენტრაცია თითო კუბურ მეტრზე 10 მიკროგრამს უტოლდება.

გარდა ამისა, სხვა კვლევების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მუდმივი ზემოქმედება სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის გულის დაავადებებს, ფილტვის კიბოსა და დიაბეტს იწვევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *