დასაქმების სააგენტო „ეიჩარს” შვიდი წელია, გიორგი კიკნაძე ხელმძღვანელობს. საბანკო სექტორში დაგროვილი 12-წლიანი გამოცდილებით, მან კომპანიის ზრდა და განვითარება უწყვეტად უზრუნველყო. გიორგი კიკნაძის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის მორიგ მიზანს კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წარსულში ტერაბანკის თანამშრომელი და ახლა უკვე ლოიალური მომხმარებელი Forbes Georgia-მ ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება „სელექტის“ სპეციალური რუბრიკისთვის ჩაწერა.
გიორგი, რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად როგორც დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ ხელმძღვანელი?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის ყველა მიღწევა არის მთლიანად გუნდის დამსახურება. რაც მთავარია, კომპანიას არ შეუწყვეტია ზრდა და განვითარება. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ვითარდება სამი მიმართულებით: ვაკანსიების განთავსება, რეკრუტინგული მომსახურება და აუტსორსინგის სერვისი. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, კომპანიას 30%-ზე მეტი აქვს ზრდა როგორც შემოსავლებში, ასევე განცხადებების განთავსების რაოდენობაშიც, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი, როგორც პოსტპანდემიური წელიწადი, გამოწვევებით იყო სავსე.
ამასთან, რეკრუტინგულ მომსახურებაში უფრო მაღალი – 37%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენი დიდი უპირატესობაა ის, რომ ვიცით, რა არის ბიზნესის მოთხოვნები და მათ შესაბამისად ვაწვდით ხარისხიან კადრებს, საერთაშორისო ბიზნესებს კი აუტსორსინგის მომსახურებას ვუწევთ. პანდემიის დროს, როდესაც ბიზნესები არაერთი გამოწვევის წინაშე დადგნენ, ჩვენი გუნდი ერთიანი მიდგომით მათ მხარდაჭერას ახერხებდა.
რამდენად არის უცხოური ბიზნესისგან აუტსორსის სერვისზე მოთხოვნა?
აღნიშნული სერვისი ათ წელზე მეტია, გვაქვს. დღეს ჩვენი კორპორაციული პორტფელი რამდენიმე ათეულ საყოველთაოდ ცნობილ საერთაშორისო კომპანიას მოიცავს, რომელთაც მუდმივი წარმომადგენლობა არა აქვთ საქართველოში და შესაბამისი პერსონალის მიწოდების საჭიროების წინაშე დგანან. პანდემიის დროს ზოგადად ბიზნესაქტივობები შემცირდა როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. საერთაშორისო კომპანიები აქ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგნენ, თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, მოვახერხეთ მათთვის თანამშრომლების შენარჩუნება და უკვე 2022 წლის ბოლოდან ამ მიმართულებამაც დაიწყო ზრდა.
ბოლო პერიოდში ბიზნესი ხშირად საუბრობს კადრების დეფიციტზე, ძირითადად რა პოზიციებზე და რომელ სექტორებშია მოთხოვნა სამუშაო ძალაზე?
ჩვენ რეკრუტინგის დეპარტამენტის საშუალებით საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და ვიცით, რა არის მათი გამოწვევები. დავიწყებთ იმით, რომ ჰორეკა და ტურიზმის სექტორმა ამ მხრივ ბოლო წლებში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. პანდემიის დროს, როდესაც ეს ორი სექტორი ფაქტობრივად გაჩერებული იყო, დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსი დაიკარგა, ამიტომ პოსტპანდემიურ პერიოდში სექტორს თავიდან მოუხდა კადრების მოძიება. 2021 წელთან შედარებით 2022 წელს ვაკანსიების რაოდენობამ ჩვენთან 30%-ით მოიმატა. მათგან 19%-იანი ზრდის წილი სწორედ ჰორეკა სექტორზე მოდის.
ამას გარდა, გაგიკვირდებათ, მაგრამ კადრების დეფიციტის პრობლემა იკვეთება საფინანსო სექტორშიც, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. მსხვილ ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში რიტეილ-პოზიციებზე შესაბამისი კადრის მოძიება უკვე საკმაოდ რთული გახდა, განსხვავებით ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკისა, რომ ბანკში მუშაობა პრესტიჟული იყო.
აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მზარდია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მე პირადად მაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთაც აქ წარმომადგენლობების გახსნა სურთ. ეს პროცესი არ ჩერდება, თანდათან აქტიურდება და მიმაჩნია, რომ თუ ჰორეკა და ტურიზმის სექტორი კადრების დეფიციტის პრობლემას გარკვეულ პერიოდში გადაჭრის, IT-სფეროში კადრებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა იქნება, გლობალური მოთხოვნის ზრდის შესაბამისად.
როგორია ტენდენციები დასაქმების მსურველთა თვალსაზრისით? ძირითადად რომელ პოზიციებზე შემოდის ყველაზე მეტი განაცხადი?
ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა და პანდემია იყო ამ ცვლილების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მიზეზი. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ თუკი ადრე ნებისმიერ ვაკანსიაზე ძალიან ბევრი, მათ შორის არათავსებადი, რეზიუმე შემოდიოდა, ახლა უკვე უმეტეს შემთხვევაში შემოდის ძირითადად პროფესიულად თავსებადი CV-ები. ასევე, კიდევ ერთი ტენდენცია, რაც შევნიშნეთ, ისაა, რომ დასაქმებულები საშუალო და მაღალ პოზიციებზე ნაკლებად ცდილობენ ახალი სამსახურის ძებნას, ვიდრე ადრე. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, CV-ების რაოდენობა გამოცხადებულ ვაკანსიებზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, ამიტომაც შესაბამის საშუალო და საშუალოზე მაღალ პოზიციებზე კადრების საპოვნელად კომპანიებს ძირითადად რეკრუტინგულ მომსახურებას ვურჩევთ.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც პანდემიას უკავშირდება, არის ე.წ. ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, როდესაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ როგორც კომპანიის ოფისში, ისე დისტანციურად, რაც ბოლო პერიოდზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა უშუალოდ დასაქმების მაძიებელთა მხრიდან.
როგორია თქვენი, როგორც ხელმძღვანელის გეგმები „ეიჩარის“ განვითარებასთან დაკავშირებით?
შესაბამისად, უკვე დავაარსეთ იურიდიული პირი, მაგალითად, სომხეთში და ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. გვინდა, რომ ეს პროცესები გავაგრძელოთ.
გარდა ამისა, ვაკანსიების ვებგვერდის გაკეთება ყაზახეთშიც გვსურს. შესაბამისი დომენიც გვაქვს ნაყიდი www.jobs.kz. ვგეგმავთ, რომ ვებგვერდი გავმართოთ საქართველოდან და მხარდაჭერაც იქნება საქართველოდან, თუმცა მოვემსახურებით ყაზახეთის დასაქმების ბაზარს. ამ მიზნის მიღწევას მიმდინარე წლის განმავლობაში თუ არა, მომავალ წელს ვაპირებთ.
თქვენ უძრავი ქონების ბიზნესშიც ხართ. ვგულისხმობ კომპანია „სკას“. რამდენად ჩართულია გიორგი კიკნაძე ამ ბიზნესის მართვაში?
უძრავი ქონების ბიზნესში ყოველდღიურად დიდი ჩართულობა არ მაქვს. ამ კომპანიას ჰყავს თავისი დირექტორი, რომელიც ყოველდღიურ ამოცანებს წყვეტს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა რიტეილ-ფართების ყიდვა-გაყიდვა და იჯარით გაცემაა. ასევე, გარკვეული ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული მიწის ნაკვეთებში.
რა შედეგები გაქვთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა?
ვიცით, რომ გლობალურად სტაბილური გარემო არ არის. თუმცა საქართველოს შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომი უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითად არ ასახულა. ფასები 35%-ით გაიზარდა და წელს კიდევ 20%-ზე მეტი ზრდის მოლოდინია. შესაბამისად, როდესაც ბაზარზე მოთხოვნაში ზრდას ვხედავთ, ჩვენც ამ კუთხით ინვესტიციებს ვაფართოებთ. ვფიქრობთ, რომ კომპანიაში უცხოური კაპიტალი მოვიზიდოთ. თუმცა, „სკა“ ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და მომავალში მეტად გაიზრდება და განვითარდება. მიგვაჩნია, რომ უახლოეს წლებში უძრავი ქონების ბაზარში ინვესტიციები გაიზრდება და მივმართავთ ძალისხმევას, რომ ამ ტემპს არ ჩამოვრჩეთ. გვაქვს კონკრეტული შემოთავაზებები და პროექტები, რომელთაც განვიხილავთ და ველით, რომ უახლოეს წლებში ჩვენი კომპანიის წილი უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ტერაბანკთან თქვენ მჭიდრო კავშირები გაქვთ, წარსულში ამ ბანკის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით. ახლა, როგორც მომხმარებელს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
კი, მართალია, ამ ბანკის მიმართ მაქვს ახლობლური დამოკიდებულება, თუმცა საბოლოოდ, როდესაც ირჩევ კომერციულ ბანკს, ირჩევ მას პროფესიონალიზმიდან, სანდოობიდან და მისი პროდუქტებიდან გამომდინარე. ეს ის ბანკია, რომელთანაც გრძელვადიანად ვთანამშრომლობ. ვსარგებლობ ტერაბანკის სხვადასხვა პროდუქტით, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია.
„სელექტის“ ძირითადად რომელ პროდუქტებს იყენებთ და რატომ?
რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი
დატოვე კომენტარი