რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება. ბარელი Brent-ის ფასმა 130 დოლარს გადააჭარბა, Crude-ის ღირებულება კი 126 დოლარს აღწევს, რაც 2008 წლის შემდეგ ნავთობის ფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ნავთობის თითქმის 10%-ით გაძვირების მიზეზი, სავარაუდოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის და შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
„ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას“ – თქვა ბლინკენმა.
გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკელი კანონმდებლები რუსული ენერგოსექტორის შემზღუდავი რეგულაციების მიღებას განიხილავენ.
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის ფედერაციის იზოლირება ნავთობის ბაზარზე მიწოდების პრობლემას და დეფიციტს გამოიწვევს, რადგან რუსეთი ევროპის უდიდესი ენერგომომმარაგებელია. საგულისხმოა, რომ თავად რუსეთის ეკონომიკა ყველაზე მეტად ენერგორესურსებით ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობის 54% გაზზე, ნავთობსა და სხვა ენერგოპროდუქტებზე მოდის, ამ სექტორის შეზღუდვა კი დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება, სავარაუდოდ, საქართველოში საწვავის ფასების ზრდასაც გამოიწვევს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნავთობის ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე მყისიერად არ აისახება და ამისთვის გარკვეული დრო, დაახლოებით, 2-3 კვირაა საჭირო.
დატოვე კომენტარი