სამხედრო დაძაბულობიდან ერთი თვის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ახალ ნაბიჯს დგამენ მშვიდობის მისაღწევად. 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანეულ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით, პრაღაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე რიგით პირველი შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებების შემდეგ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში ერევანი და ბაქო ხელს მოაწერენ ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ორმა ქვეყანამ შეძლო კონფლიქტის მოგვარების პროცესებზე შეთანხმების მიღწევა, მათ შორის საერთო საზღვრის დემარკაციისა და დელიმინაციის საკითხებზე. ამავდროულად, აზერბაიჯანის მოკავშირე ქვეყნის – თურქეთის საგარეო მინისტრმაც განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება იქნება „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ და აღნიშნა, რომ ერევანი და ბაქო უკვე მორიგდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების მთავარ პუნქტებზე.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა 30 წლის განმავლობაში მხოლოდ დაპირისპირებით შემოიფარგლებოდა, ამიტომ მოცემულ სამომავლო შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლია, ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დოკუმენტის შინაარსი ჯერ კიდევ უცნობია, ორივე ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ის ტერიტორიების საერთო აღიარებას მოიცავს, რაც კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მოცემული ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის შესაძლო დაპირისპირებების შანსსაც შეამცირებს.
შეთანხმებაზე ხელმოწერა დასავლეთის დიპლომატიური ზეწოლის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და აშშ ყარაბაღის 44-დღიან კონფლიქტში არ იყვნენ ჩართული, ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი როლის გაძლიერებას ცდილობდნენ. 2021 წლის დეკემბრიდან ევროკავშირმა ბრიუსელში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეხვედრებს რამდენჯერმე უმასპინძლა, რაშიც ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩართული. ამავდროულად, აშშ-მაც გააძლიერა საკუთარი ჩართულობა ვაშინგტონში ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მაგიდის გამართვით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაქოსა და ერევანს შორის შერიგების პროცესებში დასავლეთის ჩართულობა დიდწილად განაპირობა რეგიონში რუსეთის პასიურობამ, რასაც განაპირობებს კრემლისთვის უკრაინის დასაპყრობად დაწყებულ ომში არსებული სამხედრო სირთულეები.
ასევე აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის სადაზვერვო მისიის გაგზავნაზე, რომელიც საქართველოში არსებული მისიის მსგავსი იქნება. ევროპული საბჭოს მიხედვით, მისიის გუნდი 40-მდე მონიტორინგის ექსპერტისგან შედგება, რომლებიც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვარზე მოახდენენ სიტუაციის მონიტორინგსა და ანალიზს და ჯერჯერობით ორი თვის განმავლობაში განახორციელებენ სამუშაოს. მიუხედავად, იმისა, რომ მისიის ხანგრძლივობა მცირეა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შერიგების პროცესებში ასე აქტიურადაა ჩართული.
რუსეთი ერევანსა და ბაქოს შორის სექტემბერში მომხდარ დაპირისპირებებში მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა, რამაც სომხეთში საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია და ქვეყნის დედაქალაქში მას მყისვე მოჰყვა დემონსტრაციები იმ მოთხოვნით, რომ სომხეთს დაეტოვებინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში, დასავლეთის აქტიური ჩართულობა კრემლისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია. თუმცა მას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გარდა დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებს მოსკოვის მიერ ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის მისაღწევად გაწეული მცდელობების ძირის გამოთხრაში.
სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გააქტიურებული ჩართულობა და ბაქოსა და ერევანს შორის პოტენციური ხელშეკრულება მდგრადი მშვიდობის საფუძველი შეიძლება ვერ გახდეს. ამ შემთხვევაში მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი აზერბაიჯანის მიდგომაა, რომელიც სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლით ცდილობს მოლაპარაკებებში უკეთესი პოზიციის დაკავებას. ეს კი ეჭვს ბადებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე ზეწოლა და მის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირება მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, ხაზგასასმელია, რომ დეკემბრის სამშვიდობო ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ წარმატებით ხელმოწერისა და საზღვრის დელიმინაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელი სამხედრო შეტაკებების შესაძლებლობა საკმაოდ შემცირდება. აზერბაიჯანი ამჟამად დაინტერესებულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი ენერგოპარტნიორი გახდეს და შესაძლოა, იგი არ იყოს დაინტერესებული იმ ხელშეკრულების დარღვევით, რომლის მედიატორიც ევროკავშირი იქნება. ამისთვის ასევე საჭიროა, რომ ორივე ქვეყანა დათმობებზე წასვლისთვის მზად იყოს. ამჟამად, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ხელშეკრულების წარმატებით დასრულება საკმაოდ რეალისტურია. ამავდროულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის შუამდგომლობის დასავლეთით ჩანაცვლება. რუსეთის სამხედრო პრობლემების გათვალისწინებით, მას შესაძლოა გაუჭირდეს სამხრეთ კავკასიაში დაკარგული ბერკეტების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელმა შეთანხმებამ შესაძლოა რუსული სამშვიდობო მისიის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობა სრულიად არარელევენტურიც კი გახადოს.
დატოვე კომენტარი