ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა გამოავლინონ რომელ ქვეყანაში მალავს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკო ფულს, თუ მათ სურთ დაეხმარონ რევოლუციას ქვეყანაში. ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციის ლიდერმა ვალერი ცეპკალომ EUobserver-ს განუცხადა.
“მას აქვს თავშესაფარი, სადაც ის ინახავს ფულს. და კარგი იქნება და ჩვენ ძალიან დავაფასებთ იმას, თუ აშშ-ი და დასავლეთის ქვეყნები გამოამჟღავნებენ მის აქტივებს ბელარუსის საზოგადოებისთვის, ასე მთელი მსოფლიო შეძლებს დაინახოს თუ როგორ იყენებდა ის ბოროტად ძალაუფლებას იმისათვის, რომ გამდიდრებულიყო“, – განაცხადა ოპოზიციონერმა.
მისივე თქმით, ლუკაშენკო ფულს ევროპაში, სავარაუდოდ შვეიცარიაში ინახავს, ასევე ყატარსა და დუბაიში. როგორც ცეპკალო აღნიშნავს, მისი აზრით, ეს დიდ საიდუმლოს გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის არ უნდა წარმოადგენდეს.
“მთელი ბელარუსი ტაშს დაუკრავს, თუ დასავლეთი ამას მართლა შეძლებს“, – აღნიშნა მან.
ცეპკალო, რომელიც ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატია, ამჟამად პოლონეთში იმყოფება, სადაც ის საკუთარი ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ რაც მინსკში 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები და არეულობა დაიწყო.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნები გეგმავენ დაუწესონ ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები და აქტივების გაყინვა. ახალ “შავ სიაში“ სავარაუდოდ მოხვდება თავად ლუკაშენკოც, თუმცა, როგორც წესი, ფინანსური სანქციები დახურულ კარს მიღმა წესდება, ამიტომაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ სად გაიყინება მისი აქტივები.
პარალელურად კი მინსკში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ამ დრომდე უკვე ხუთი აქტივისტი დაიღუპა, დაახლოებით 80 ადამიანი კი დაკარგულია. გარდა ამისა, აქციის ასობით მონაწილე დააკავეს. როგორც ცეპკალო ამბობს, დაკავებულების ნაწილი სასტიკი ძალადობის მსხვერპლია.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება 8 ნოემბრამდეც, როდესაც ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონიალი უნდა გაიმართოს.
“იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვეღარ იტანენ მას, იზრდება მიუხედავად იმისა, რას აკეთებს და ამბობს ის. ლუკაშენკო დასრულდა. ის პოლიტიკურად მკვდარია. ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ამბავია“, – აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.
თავის მხრივ რუსეთმა უკვე შესთავაზა ლუკაშენკოს დახმარება და სპეციალური დანიშნულების პოლიციის გაგზავნა, თუმცა, ცეპკალო ამბობს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდეს.
“თუ პუტინი ჩაერევა ამ კუთხით, ეს სერიოზულად დააზიანებს მის პოპულარობას თავის ქვეყანაში“, – აღნიშნა ბელარუსმა ოპოზიციონერმა.
ცეპკალოს თქმით, მათი მოთხოვნაა ლუკაშენკოს გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ცნობისთვის, 55 წლის ყოფილმა ბელარუსმა დიპლომატმა ცეპკალომ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესპარკის შექმნას შეუწყო ხელი. მან ასევე €400,000-დ გაყიდა საკუთარი სახლი თავისი, 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად. მისი თქმით, ლუკაშენკოს ბოლო 10 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ბელარუსის ეკონომიკის სტაგნაცია შეჩერებულიყო.
“ის ანგრევს ქვეყანას და პატივსაცემი ადამიანი რომ ყოფილიყო დიდი ხნის წინ გადადგებოდა. თუმცა, ეს ასე არ არის. მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და მოსწონს როდესაც ძალაუფლებას გამდიდარებისთვის იყენებს. მან ბელარუსში თავისთვის 90 რეზიდენცია აიშენა. ეს იგივე რაოდენობაა, რაც საბჭოთა რუსეთში სტალინს ჰქონდა“, – დასძინა ცეპკალომ.
დატოვე კომენტარი