დასტაბილურდა თუ არა ლარის კურსი?

დასტაბილურდა თუ არა ლარის კურსი?

ბოლო ერთი თვეა ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.39-დან 2.40-მდე არეალში მერყეობს. ვალუტის კურსის ცვლილების ასეთი დიაპაზონი ნორმალურია თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმის მქონე ქვეყნისთვის. თუმცა, ერთი თვე არ არის ის პერიოდი, რომ ვთქვათ, კურსმა ახალი წონასწორობის ნიშნული იპოვა და მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება.

ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საზღვარგარეთიდან შემომავალი უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება იყო, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება. შესაბამისად, თუ დღეს ვიტყვით, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა, სახეზე უნდა იყოს ან ექსპორტის და გზავნილების ზრდა, ან ქვეყნიდან გამავალი ვალუტის ნაკადების შემცირება.

ოქტომბერში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით 84 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა 34 მლნ დოლარით მოიკლო. ჯამში, აღნიშნული 2 წყაროდან 118 მლნ დოლარით ნაკლები შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლა ისევ მცირდება, პარალელურად კლებულობს საქართველოდან გასული ვალუტის მოცულობაც. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია საქონლის იმპორტის შემცირება. ოქტომბერში იმპორტი 168 მლნ დოლარით შემცირდა, ანუ 50 მლნ დოლარით გადააჭარბა ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ჯამობრივ მონაცემს – 118 მლნ დოლარს.

ეს გვაძლევს საფუძველს, დავუშვათ, რომ ამ ეტაპზე ლარის კურსზე საგარეო ფაქტორების ზეწოლა არ არის და თუ მიმოქცევაში არსებული ლარის მასა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, ან ინვესტიციებში, სასესხო კაპიტალში და ტარუზმში კლება არ გვექნება, ლარის კურსი მეტად აღარ გაუფასურდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *