Alliance Group-მა $200 მილიონი დააბანდა ქართული უძრავი ქონების სექტორში, მისმა გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა აკაკი სონგულიამ კი $5.54-მილიარდიან ბაზარში შედგა ფეხი. მისი ნოვატორული ნაბიჯი იმ შეთავაზებულ ხელშეკრულებაში მდგომარეობს, რომელიც RCI-სთან –დასვენების დროის გაზიარებისა და გაცვლის მსოფლიოს უმსხვილეს ქსელთან ერთად შემუშავდა, ეს უკანასკნელი კი Wyndham Worldwide Group-ის ნაწილია, რომლიც თავის მხრივ გლობალური ლიდერია მოგზაურობისა და სასტუმრო ბიზნესის ბაზარზე და ევროპული ლიდერი – დასასვენებელი ადგილების გაქირავებაში .
“ტურიზმი საქართველოს აქტივია”, – ამბობს აკაკი სონგულია და თავის სამუშაო მაგიდაზე აკურატულად დალაგებულ ბროშურებზე უთითებს, რომლებზეც ვკითხულობთ: RCI (Resort Condominiums International). სწორედ აკაკი დგას გაცვლით დასვენებასთან დაკავშირებული შეთავაზებული ხელშეკრულების უკან, რომელიც გაცვლითი დასვენების რუკაზე, ისტორიაში პირველად, საქართველოს მიუჩენს ადგილს. ცოტა ხნის წინ Alliance Group-ის გენერალური დირექტორის მიერ დაფუძნებული Alliance Privilege Club-ი საშუალო ფენის ქართველების სამოგზაურო ოცნებებს რეალობად გადააქცევს. კანარის კუნძულების სანაპიროებზე Cosmo-ს წრუპვა და მზის აბაზანების მიღება, საოჯახო აუზებითა და სხვა დასასვენებელ-გასართობი საშუალებებით ტკბობა RCI-სთან დაკავშირებულ 59-დან რომელიმე კურორტზე ტენერიფეში, Michelin-ის ვარსკვლავებიან რესტორნებში სადილი, ბასკური სამზარეულოს ჭეშმარიტ გემოებს რომ გვთავაზობს… ეს გახლავთ ოცნება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის ზაფხულიდან გაუსინჯავენ გემოს, ამის შესაძლებლობას კი მათ RCI-ის დასვენების გაცვლითი პროგრამის წევრობა მისცემს. “Alliance Privilege Club-თან ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიხარულით ველით RCI-ის ბენეფიტების გაზრდას მისი მფლობელებისთვის. დასვენების გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, დროებით მფლობელს საოჯახო ზომის პრემიუმ კლასის აპარტამენტების დაქირავების შესაძლებლობა მიეცემა გაცილებით ნაკლები ხარჯების სანაცვლოდ, ვიდრე სასტუმროს რამდენიმე ნომრის ან იმავე ზომის კერძო დასასვენებელი ობიექტის დაქირავებისთვის დასჭირდებოდა”, – ამბობს დიმიტრის მანიკისი, RCI-ის ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
Alliance Privilege Club-ში 15-წლიანი დროებითი მფლობელობის შესაძენი საწყისი ფასი, რომელიც ყოველწლიურად ერთი კვირის გამოყენებას გულისმობს, სულ რაღაც $4,500-ია. მფლობელებს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ: ან დარჩებიან Alliance-ის ბრენდირებულ დასასვენებელ კომპლექსებში, ან RCI-ს დასვენების გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებული 4,300 დასასვენებელი ობიექტიდან, რომლებიც 100 სხვადასხვა ქვეყანაშია მიმობნეული, სასურველს აირჩევენ. RCI-ს მცირეთანხიან საწევროს დაფარვა წლიურადაა შესაძლებელი, თუმცა ერთკვირიანი დასვენების საფასურის გადახდა წინასწარ ხდება. დამსვენებლებს დამატებითი კვირების შეძენაც შეუძლიათ, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მფლობელობის პერიოდში ცხოვრების ან ქირის ერთი კვირის საფასურის გადახდა კვლავ მოუწევთ. საუბარია იმაზეც, რომ 2018 წლიდან Alliance-ის რჩეული კურორტები The Registry Collection-თანაც გახდეს აფილირებული. ეს უკანასკნელი 40-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე 200 მაღალი კლასის დასასვენებელი ობიექტის ელიტური ქსელია. “დასვენების გაზიარებისა და გაცვლის მოდელი საქართველოს დასვენების ინდუსტრიას გარდაქმნის”, – ამბობს Alliance Privilege Club-ის დამფუძნებელი.
ოფიციალური ინფორმაციით, 2011-დან 2016-მდე, ხუთი წლის პერიოდში, საერთაშორისო სტუმრების რიცხვი საქართველოში 2.8 მილიონიდან 6.3 მილიონამდე გაიზარდა. სწორედ საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკა იყო ის ერთ-ერთი მძლავრი მოტივატორი, რამაც Alliance Privilege Club-ისა და RCI-ის პარტნიორობას მისცა დასაბამი, ამ პარტნიორობას კი, თავის მხრივ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დამსვენებელთა საქართველოში მოზიდვით, დამატებით შეუძლია სტუმართა რაოდენობის გაზრდა; ამისათვის საკმარისია RCI-სთან დაკავშირებული ქართული კურორტების შესახებ ცნობადობის ამაღლება კომპანიის 3.8 მილიონ წევრს შორის და, ასევე, Wyndham-ის მარკეტინგული არხების გამოყენება. სწორედ აკაკი სონგულია აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც, თავისი ხედვის წყალობით, საქართველო ტურიზმის პოტენციალის მქონე ქვეყნად წარუდგინა RCI-სა და Wyndham Hotel Group-ს. მისმა თანამიმდევრულმა ძალისხმევამ საქართველოს მარკეტინგის კუთხით ნაყოფი გამოიღო და შედეგად, გაცვლითი დასვენების მსოფლიოს უმსხვილესმა პროვაიდერმა დაინახა კომერციული სარგებელი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამსვენებელთა ინტერესის ობიექტში. “ჩვენი ბიზნესკავშირის წამოწყება Alliance Group-ის მმართველი რგოლის მუდმივი ძიების შედეგია: ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, ახალ ბიზნესმოდელებს, საკუთარ კომპანიაში რომ დანერგონ და ისეთი შესაძლებლობების იდენტიფიცირება მოახდინონ, რაც ახალ სადისტრიბუციო არხებს გაუხსნის მათ რეზიდენციულ და ტურიზმთან დაკავშირებულ პროექტებს”, – ამბობს მანიკისი.
დროებითი მფლობელობის მოდელი მნიშვნელოვანი დანამატია Alliance Group-ისათვის, რომელიც დასასვენებელი უძრავი ქონების სფეროში კიდევ უფრო ფართოვდება. უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის ზრდას მომზადებული რომ შეხვდეს, Alliance Group-ი თავის პორტფოლიოში რამდენიმე ახალი კურორტის დამატებას გეგმავს: Alliance Palace-ის მულტიფუნქციური კომპლექსის ბათუმში, რომლის პირველ ექვს სართულს Courtyard by Marriott-ი დაიკავებს; Alliance Resort-ის – მთელი წლის მანძილზე მოქმედი სამთო კურორტის გოდერძიში, რომელიც სასტუმრო Ramada Resort-ის სახით იქნება წარმოდგენილი; და Premium Complex-ის თბილისში, რომელიც Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. ეს უკანასკნელი Alliance Group-სთვის პირველი პროექტია დედაქალაქში. “პირველი ორი კურორტი, რომლებიც აჭარაში აშენდება, 2018 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, დედაქალაქის პროექტი კი მოგვიანებით, 2019 წელს ამოქმედდება”, – ამბობს სონგულია. რას შეცვლის ახალი თაობის დეველოპერი თბილისში? “პრაქტიკულად – ყველაფერს”, – გახლავთ Alliance Group-ის გენერალური დირექტორის პასუხი. საქმიანი, თუმცა ამავე დროს, თავისუფალი და კომფორტული ჩაცმის სტილით სონგულია ახალი იდეებისთვის გახსნილი ბიზნესმენის შთაბეჭდილებას ტოვებს. “Premium Complex-ი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა გახდება”, – ამბობს ის. სამ შენობაში განთავსებული მულტიფუნქციური კომპლექსი ყველაზე მაღალ ცათამბჯენში პრემიუმ-კლასის რეზიდენციულ აპარტამენტებს გააერთიანებს, ხოლო დანარჩენ ორ შენობაში Wyndham Hotel Group-ის სრულმომსახურებიანი მაღალი კლასის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. “ამგვარი განვითარება თბილისის ბაზარზე მსხვილი, ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას ნიშნავს. ეს ვაკეს დედაქალაქის ახალ ტურისტულ ცენტრად გადააქცევს, – განმარტავს აკაკი. ,- პროექტის ერთერთი მთავარი ღირებულება ადგილმდებარეობაა”. დეველოპერმა იდეალურ კომბინაციას მიაგნო: პრესტიჟული ადგილი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. “თბილისის ფილტვები”- წყნეთის ტყეებიდან მოზიდული სუფთა ჰაერის ნაკადების გამო ამ ადგილს ასე უწოდებენ. Premium Complex-ის რეზიდენციები და სასტუმრო Wyndham Garden-ი უდავოდ ჯანმრთელი გარემოა საცხოვრებლად და დასასვენებლად”, – ამბობს სონგულია. კომპლექსის კიდევ ერთი ასპექტი ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციაა, რის გარეშეც პროექტი, რომელიც თბილისის მომავლის არქიტექტურად მოიაზრება, წარმოუდგენელი იქნებოდა. კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ მრავალ ფუნქციას შორის, Premium Complex-ში გასაღებების ნაცვლად, ოთახებში ბარათებით შესვლის და უნიკალური კოდით საცხოვრებლის ონლაინ მართვის ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი; პრესტიჟული ბარათები მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა ექსკლუზიურ ბენეფიტებზე, მისაღები ჰოლის სერვისები კი მათთვის უფასო იქნება. პროექტში, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე კომპლექსის შიდა ფუნქციონალურ ნაწილში, მაქსიმალურად არის გათვალისიწნებული თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითისთვის, როგორიცაა ალტერნატიული ენერგიის წყარო. ინოვაციური და ინდივიდუალურ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები და სერვისები Premium Complex-ის ბიზნესმოდელის საკვანძო ელემენტებს წარმოადგენს.
“ჩვენი მიზანი იყო, კომპლექსის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის ცხოვრება უფრო მარტივი და სასიამოვნო გაგვეხადა”, – განმარტავს აკაკი სონგულია.
Alliance Group-ს პროექტების უმეტესობა აჭარის რეგიონში აქვს განხორციელებული. 2005 წლიდან მოყოლებული, დეველოპერმა 20-ზე მეტი მსხვილი კომპლექსი ააშენა, რაც 5000-ზე მეტ სასტუმრო ტიპის აპარტამენტს და საცხოვრებელ ბინას მოიცავს, ჯამში კი დეველოპერის მიერ ათვისებული სამშენებლო ფართი 1,200 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. წლების მანძილზე კომპანიამ საერთაშორისო ოფისები 7 ქვეყანაში გახსნა: ისრაელში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ინგლისში, გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში. Alliance Group-ი კიდევ ორი უცხოური ოფისის გახსნას გეგმავს აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. იმ კაცის კვალობაზე, ვინც ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის არაერთი ბიზნესმოდელი წარმატებით განახორციელა საქართველოში, 40 წლის სონგულია ახალგაზრდაა. ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როცა მისი კომპანია ლიდერი ადგილობრივი დეველოპერის აუდიტს ეწეოდა; სხარტად მოაზროვნე ფინანსისტმა ეს შესაძლებლობა სამშენებლო დეველოპმენტის ბიზნესის საფუძვლიანი შესწავლისთვის გამოიყენა და საკუთარი თავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. “რეზიდენციული უძრავი ქონებისა და კურორტის განვითარების სექტორში ხელშეუხებელი შესაძლებლობები დავინახე. ეს უტყუარი ბიზნესი იყო”, – ამბობს აკაკი. მართალია, უძრავი ქონების მენეჯმენტში ის ახალბედა გახლდათ, საქმეს მალევე აუღო ალღო. იმ დროისთვის, პირველად საქართველოში, Alliance Group-ს სასტუმრო-აპარტამენტების შენება დაეწყო და მყიდველებად იმ უცხოელ მოქალაქეებს იზიდავდა, რომელთათვისაც საერთაშორისოდ გამოცდილი და აპრობირებული ბიზნესმოდელი უცხო არ იყო და რომლებიც საკუთარი დანაზოგების დაბანდების გზებს ეძებდნენ. “უცხოელების მოზიდვამ ყველა დიდი პროექტი გაყიდვადი გახადა”, – ამბობს აკაკი სონგულია. ინფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ და სასტუმრო-აპარტამენტების კონცეფციამ აჭარის შავიზღვისპირეთი და ბათუმი უცხოელთათვის მთავარ ტურისტულ ცენტრად აქცია.
2015 წლისთვის უძრავი ქონების ბაზარი აჭარაში გაჯერებული იყო, სასტუმრო აპარტამენტების შენება სიახლეს აღარ წარმოადგენდა. წინსვლა თუ სურდა, Alliance Group-ს რაღაც განსხვავებული უნდა შეეთავაზებინა უცხოელი ინვესტორებისთვის. სონგულიამ იცოდა, რომ მომხმარებლები ყოველთვის ისეთ პროდუქტს აირჩევდნენ რაც მათ თვალში სანდო და რეპუტაციის მქონე იქნებოდა, როგორც მოხდა კიდეც სასტუმრო-აპარტამენტების შემთხვევაში. ასე რომ, ახალ ბაზარზე ახალი მომხმარებლების შემოყვანის მიზნით, ის მსოფლიოში მოწინავე პოზიციების მქონე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის ძიებას შეუდგა. ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე თვეში Alliance Group-მა ფრანშიზული ხელშეკრულება დადო სასტუმროების ქსელთან Marriott International და მულტიფუნქციური კომპლექსის, Alliance Palace-ის, შენებაც დაიწყო, რომელიც დეველოპერმა პოტენციური მყიდველების მოსაზიდად სამკომპონენტიან ბიზნესმოდელს დააფუძნა. პირველი – სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორის Courtyard by Marriott-ის შემოყვანა. მეორე – ინვესტიცია მაღალი კლასის უძრავ ქონებაში, რომლის ღირებულება წლიდან წლამდე 15%-ით იზრდება (Real Estate Index Growth). მესამე – სასტუმრო-აპარტამენტების ინვესტიციაზე სწრაფი უკუგების კონცეფცია . “Alliance Group-ში მხოლოდ ისეთ პროექტებზე ვმუშაობთ, რომელთაც თავადვე შევიძენდით”, – ამბობს სონგულია.
Alliance Group-ი ახლა თავისი ინოვაციური იდეებისა და მოდელების ატანას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში აპირებს სრული მომსახურების კურორტის სახით გოდერძიში, სადაც დეველოპერი ასევე წამყვან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდთან ერთად კიდევ ერთ მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს . გოდერძის უღელტეხილზე Alliance Resort-ი სასტუმრო Ramada Resort-ით იქნება წარმოდგენილი. Alliance Group-ი პირველი კომპანიაა, ვინც ამ ადგილას დეველოპერულ აქტივობებს მიჰყო ხელი. ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთები ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით თოვლითაა დაფარული, ხოლო კურორტის ხელუხლებელი, ტყით მოფენილი მთები ფანტასტიკურ ატმოსფეროს ქმნის ოთხივე სეზონზე. სამთო კურორტი უფრო ადვილი მისადგომი რომ გახადონ, საქართველოს ცენტრალური და აჭარის რესპუბლიკის ხელისუფლებები მთავარი ტრასის გაუმჯობესების პროგრამაზე მუშაობენ. “ეს ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულების პუნქტი იქნება RCI-ის წევრებისთვის, ვინაიდან გოდერძის მართლაც უნიკალური სამთო კურორტი უცხოელ დამსვენებელს ოთხივე სეზონზე სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს”, – ამბობს აკაკი. Alliance Resort-ი ერთდროულად 250 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.
სონგულიამ კერძო სექტორში ქართული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების კარგი ცოდნით შედგა ფეხი, დასავლეთ საქართველოს შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყანაში არსებულ საინევსტიციო პოტენციალს საჯარო მოხელის გამოცდილებით უყურებდა. თვითნაბადი მენეჯერი საჯარო სამსახურში კარიერის იერარქიულ კიბის მაღალ საფეხურზე გადასახადების ინსპექტორიის საწყისი პოზიციიდან დაწინაურდა. “მე რაიმე უნდა შევცვალო უკეთესობისაკენ, – ამბობს ის. – სწორედ ამას ვუმეორებ საკუთარ თავს ყოველდღე და ეს მუშაობს, როცა თავად მუშაობ ბევრს”.
დროებითი მფლობელობა მორიგი ბიზნესმოდელია, რომელსაც Alliance Privillege Club-ის დამფუძნებელი ცვლილებების განხორციელების საშუალებად გამოიყენებს. “RCI-ს შეთავაზებული ხელშეკრულება იმ ინოვაციური სულისკვეთების გაგრძელებაა, რითაც ჩვენი კომპანიაა ცნობილი ბოლო ათი წლის მანძილზე”, – ამბობს სონგულია. ის თავდაჯერებულად ლაპარაკობს, ნელა, საოცრად წინდახედულად და დაფიქრებულად. ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა. და ეს არც არის გასაკვირი ყოფილი მოჭადრაკისა და საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონისაგან, რომლის ცხოვრება, პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველი ახალი ნაბიჯის წინასწარ განსჯასა და დაგეგმვას გულისხმობს. “სვლები, რომელთაც როგორც ჭადრაკში, ისე ბიზნესში მიმართავ, უამრავ გაურკვევლობასა და ლამის უსაზღვრო მრავალფეროვნებას მოიცავს. აი, თავად განსაჯეთ: საკმარისია, მოჭადრაკემ სულ რაღაც სამი გამხსნელი სვლა განახორციელოს, რომ ეს უკვე 9 მილიონზე მეტი განლაგების შესაძლებლობას იძლევა”, – ეს ჭადრაკის დიდოსტატისა და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, გარი კასპაროვის სიტყვებია და მართლაც ისევე შეესაბამება ცხოვრებასა და ბიზნესს, როგორც თამაშს.
რაც შეეხება RCI-ს, რომელიც გაცვლითი დასვენების კონცეფციის პიონერია 1974 წლიდან, მას, წესით, უკვე ყველა საჭირო სვლა უნდა ჰქონდეს გაკეთებული: სხვა თუ არაფერი, ის 42 წელია, გლობალური ბაზრის ლიდერია. კომპანიის ახალი სვლა საქართველოს უკავშირდება. RCI დარწმუნებულია, რომ თავისი საერთაშორისო წევრებისათვის ქვეყნის მარკეტინგს წარმატებით მოახერხებს. “ვხედავთ, რომ ქართული კურორტები თავიანთი ადგილმდებარეობის – როგორც დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინის – გამო სარგებელს პოულობს და იზიდავს სტუმრებს ბევრი ისეთი მეზობელი ქვეყნიდან, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა; ყველა ამ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არსებობს შეძლებული საშუალო ფენა, რომელთაც მოგზაურობა სურთ “, – ამბობს მანიკისი.
Alliance Privilege Club-ის პირველ წევრ ოჯახს ექვსი თვე აშორებს საოცნებო დასვენებისაგან, ხოლო RCI-ის საერთაშორისო წევრ ოჯახებს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდებათ, რომ საქართველოში Alliance-ის კურორტებს გაუსინჯონ გემო. სონგულიას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო წარმატებულ ფურცლად აქციოს გლობალური დასვენების ინდუსტრიის წიგნში, და სჯერა, რომ მოჭადრაკისათვის დამახასიათებელი სტრატეგიული გეგმით, საჭირო პროდუქტებისა და ბიზნესპარტნიორების დახმარებით, ამას მიაღწევს.
სტატია ინგლისურ ენაზე.
დატოვე კომენტარი