საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კიდევ ერთი პროექტი “ბაბალეს წინდა” განხორციელდა. პროექტის პრეზენტაცია სოციალური საწარმოს სახელოსნო-სალონის ახალ სივრცეში გაიმართა. პროექტის პრეზენტაციის პარალელურად ბაბალეს სადღესასწაულო ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, ხელს უწყობს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნასა და განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას. ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება. საქართველოს ბანკის ფონდ “სიცოცხლის ხის” მიერ ორგანიზებული კონკურსის მიზანია ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსება, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს. სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი – ბაბალეს წინდა.
“ბაბალეს წინდა” არის სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს. წინდებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში.
ბაბალეს წინდა, გარდა განსაკუთრებული დიზაინისა და შინაარსობრივად დატვირთული წინდებისა, გამოირჩევა საინტერესო შეფუთვებით. თითოეულ წინდას აქვს თავისი უნიკალური ჩასადები ყუთი, სადაც განთავსებულია ინსპირაციის რეპროდუქცია და მისი ამბავი, ლამაზად მოთხრობილი. აღსანიშნავია, რომ წინდების ეტიკეტები და შესაფუთი ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც საქართველოს ბანკის ფონდ “სიცოცხლის ხის” ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარი” ამზადებს. ორი საწარმოს თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვის გარდა სოციალური საწარმობის ბიზნეს თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 12 უნიკალური დიზაინის წინდა შეიქმნა. 2020 წლის გაზაფხულზე კი შემდეგი კოლექციის გამოშვება იგეგმება.
დატოვე კომენტარი