საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მულტიმილიონერი დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მისთვის საინტერესოა. როგორც ბიზნესმენმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდის.
“პირველად რიყის ამბავზე ჩამოვედი, რაღაცის გაკეთება მინდოდა თავის დროზე, მერე კრიზისი იყო და სამწუხაროდ ვერ გამოვიდა. ახლა ნავთობის ბიზნესში ვმუშაობთ. მის ქსელსა და ნავთობის მომარაგებაში და საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს ჩვენთან.
ვცდილობთ ისეთი რამის კეთებას, რაც დაეხმარება საქართველოს. გეტყვით, რომ ახლა ჩემი კომპანიის ინოვაცია, რაც გავაკეთეთ, ეს საწვავის ეკოლოგიური დანამატია. ჩვენ გამოცდილება გვაქვს საქართველოსა და აფრიკაში ამ კუთხით. საწვავის მომხმარებლებისთვის ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ეკონომიას აკეთებს 10–15%-მდე. თავად ეკოლოგიის მხრივ ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერსოა“ , – განაცხადა დავით იაკობაშვილმა “გალფის“ ქსელის მიერ შეთავაზებულ საწვავის ტექნოლოგიაზე, დანამატ Green Booster –ზე რაც საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ “გალფის“ ერთ-ერთი მეწილე სწორედ დავით იაკობაშვილია.
გარდა ამისა, იაკობაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში სოციალური პროექტის გაკეთების იდეა და სურვილი აქვს. კერძოდ, საუბარია მუზეუმზე, სადაც განთავსდება უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტები. ამის შესახებ ბიზნესმენმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა.
“უკვე შევისყიდე და მაქვს შვეიცარიაში ორღანები, როიალები, პიანინოები, რომელიც საინტერესო იქნება საქართველოში. ხალხი მოვა და გაიგებს მუსიკას, ადრინდელ ჩანაწერებს, როგორც მოსკოვში გვაქვს მუზეუმში, ასეთი მინი მუზეუმი. ასეთი მუზეუმის გაკეთება 1000-1500 კვ მ-ზე კარგი იქნებოდა. თუ იქნება საშუალება, მოვნახავ შენობას, ადგილს, სადაც შემიძლია გაკეთება. პრინციპში ყველაფერი მზად არის. თავად ნივთები მზად არის“.
მსგავსი ტიპის მუზეუმის გახსნას ის მონაკოშიც აპირებს.
“შემდეგი მონაკო იქნება. უკვე შევიძინე შენობა. მაგას 3 წელი დაგვჭირდება, ეს შენობა უნდა დავანგრიოთ და ავაშენოთ ახალი. იმიტომ რომ საშუალება გავქვს 4000 კვ.მ. ავაშენოთ. დიდი კოლექცია გვაქვს, რომელიც აქ განთავსდება. ესეც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მონაკოში არ არის ბევრი მუზეუმი, ჩვენ გარშემო, ჩვენს წრეში არ არის ბევრი მუზეუმი და შეგვიძლია ვაჩვენოთ ისეთი რაღაცები ადგილობრივებს და ტურისტებს, რაც მოეწონებათ“, – განაცხადა იაკობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.
დატოვე კომენტარი