საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა, რომლის მოდულიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა.
დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე, როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის რეგულირების საკითხებს და გაეცნობიან ტარიფების კალკულაციის პრაქტიკულ მაგალითებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები.
სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცენტრის დაფუძნებისას სემეკის მიზანი იყო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ დაინტერესებულ ჯგუფებში საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება. „აღნიშნული განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში.
საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საფუძველზე, კომისიას დაევალა არაერთი ნორმატიული აქტის შემუშავება და დამტკიცება. ახალი ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და რიგი ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ღია ბაზრის ჩამოყალიბებას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, კომისიისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებსაც აქვთ უშუალო ან ირიბი შეხება ენერგეტიკის სექტორთან“, – ამბობს დავით ნარმანია.
სასწავლო ცენტრის ფორმირებისას სემეკმა იხელმძღვანელა ქვეყანაში არსებული გამოცდილებით და ასევე საერთაშორისო პრაქტიკით. გამოიკვეთა, რომ პარტნიორ უცხოურ მარეგულირებელ კომისიებს შორის, ენერგეტიკის სექტორში სემეკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფუძნა სასწავლო ცენტრი.
„სასწავლო ცენტრის მოდულები მორგებული იქნება ყველა დაინტერესებულ პირზე, მათი საჭიროების მიხედვით. პრიორიტეტია როგორც პირები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული დონის ცოდნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე ან უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვთ საქმიანობის დაწყება ენერგეტიკის სექტორში ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფ სექტორში, ასევე ის პირები რომლებსაც, შესაძლოა, საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე დასჭირდეთ კონკრეტული თემის სიღრმისეული ცოდნა.
ამასთანავე, აქტიურად გავაგრძელებთ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ პროექტს, რომელიც სემეკის ქუდის ქვეშ 2014 წლიდან ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია თუ ცოდნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეების შესახებ. ჟურნალისტებისთვის ღიაა როგორც სემეკი, ასევე სასწავლო ცენტრი“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე და დასძენს, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან ახალი ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ცენტრი მუშაობს აკრედიტაციის მოპოვებაზე.
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ატარებენ სემეკის თანამშრომლები, პრაქტიკოსი ტრენერები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ტოპ-მენეჯერები უზიარებენ მონაწილეებს გამოცდილებას. ცენტრის მიზანია, რომ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა მონაწილეებმა წარმატებით გამოიყენონ პრაქტიკაში.
„სასწავლო ცენტრის მიერ შეთავაზებული კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს ექნებათ როგორც დარგობრივი კომპეტენციები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სატარიფო პოლიტიკის, მარეგულირებელი აუდიტის საკითხებზე, ასევე ზოგადი კომპეტენციები სამართლებრივი ჩარჩოს, ენერგეტიკული ბიზნესის ანალიზის მიმართულებით“, – აღნიშნავს დავით ნარმანია.
დატოვე კომენტარი