პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ყოველწლიური ელიტარული ყრილობა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, ომიკრონის გავრცელების ტემპების გამო გადაიდო. ფორუმი შვეიცარიაში 17-21 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ჩატარების თარიღმა გაზაფხულამდე გადაიწია.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური განცხადებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტად ართულებს ფიზიკური შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას. სანაცვლოდ, ფორუმის სტუმრები დაგეგმილ ონლაინსესიაში მიიღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორი კლაუს შვაბის განცხადებით, სამიტის გადადება ხელს არ შეუშლის მთავრობების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობას. მისი მტკიცებით, პანდემიის გავლენისდა მიუხედავად, ურთიერთობები კერძო და საჯარო სექტორებს შორის მაინც გაუმჯობესდა.
საინტერესოა, რომ ფორუმს გასულ წელსაც იგივე ბედი ეწია. 2020 წლის ფორუმმა დავოსიდან სინგაპურში გადაინაცვლა, თუმცა შემდეგ საერთოდ გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების ტემპები ევროპაში უკვე ძალიან დიდია. შესაბამისად, შვეიცარია ერთ-ერთ უკანასკნელია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მკაცრი ზომები შემოიღეს. შვეიცარიაში გაიცა სავალდებულო ბრძანება, რომ ყველგან, სადაც შესაძლებელია, სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდეს.
ცნობისათვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 1971 წელს დაარსდა და მისი მიზანია, თავი მოუყაროს ეკონომისტებს, ბიზნესსფეროს წარმომადგენლებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
დატოვე კომენტარი