დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.
2018 წლის ბოლოს კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 904 154 457 ლარს შეადგენდა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 503 391 595 ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 3 124 016 263 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 9 379 375 332 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების – 11 400 762 862 ლარი (ეროვნულ ვალუტაში – 5 515 099 040 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 5 885 663 823 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 750 345 861 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 089 065 777 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 661 280 083 ლარის ეკვივალენტი. შედარებისთვის, – 2018 წლის დასაწყისში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 1.4 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ბანკისთვის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 389 239,13 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა იანვარში დაფარეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები, მათ შორის, მიმდინარე და საბარათე ანგარიშები, ასევე, ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ვინაიდან საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია, დაზღვევა ეხება საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში არსებულ დეპოზიტებს. დაზღვევის ლიმიტი ამ დროისთვის 5 000 ლარია ნებისმიერ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტისთვის. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელზე წვდომის უფლებაც დეპოზიტორს შეზღუდული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში (მათ შორის ყადაღა, სესხის უზრუნველყოფის საგარანტიო თანხები და სხვა); ასევე არ იზღვევა იურიდიული პირების, კომერციული ბანკების ადმინისტრატორების, 5%-ზე მეტი წილის მფლობელი აქციონერების და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები.
დატოვე კომენტარი