Variety-ის მონაცემებით, Deadpool and Wolverine-ის პირველმა ტრეილერმა, გაშვებიდან საწყის 24 საათში, 365 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და YouTube-ზე აქამდე არსებული რეკორდიც გააუმჯობესა. ახალ ფილმში მთავარ როლებს რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ.
Deadpool-ის მესამე ნაწილის ტრეილერის პრემიერა Super Bowl-ის მიმდინარეობისას შედგა. ფილმის გაშვების თავდაპირველ თარიღად გასული წლის სექტემბერი იყო დასახელებული, თუმცა პრემიერამ ივლისამდე გადაიწია, რამაც ტრეილერის მიმართ მაყურებელთა ინტერესი გაზარდა. შედეგად, Deadpool and Wolverine-ის ტრეილერმა პლატფორმაზე Spider-Man: No Way Home-ის რეკორდი მოხსნა, რომელმაც ერთ დღეში YouTube-ზე 355.5 მილიონი ნახვა დააგროვა.
IMDB-ის მონაცემებით, ამჟამად, 24 საათის განმავლობაში ტოპ-10 ყველაზე ნახვადი ტრეილერიდან, ექვსი Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროს ეკუთვნის. მეორე ადგილზე უკვე Spider-Man: No Way Home-ია, მას მოჰყვება Avengers: Endgame-ის თიზერი, 289 მილიონი ნახვით, შემდეგ მოდის ამ ფილმისვე ოფიციალური ტრეილერი (268 მილიონი) და The Lord of the Rings: The Rings of Power-ის თიზერი, 257 მილიონი ნახვით.
Deadpool 3 ოფიციალურად 2022 წლის სექტემბერში დაანონსდა. მისი გამოშვება ჯერ 2024 წლის ნოემბრამდე გადავადდა, შემდეგ კი 2025 წლის მაისამდე, საბოლოოდ პრემიერის თარიღად 2024 წლის 26 ივლისი დადასტურდა. Deadpool-ის პირველმა ორმა ფილმმა სალაროებში $156.8 მილიონი გამოიმუშავა.
საწყისი 24 საათის განმავლობაში ყველაზე ნახვადი ტრეილერების ათეული კი ასე გამოიყურება:
- Deadpool and Wolverine – 365 მილიონი ნახვა
- Spider-Man: No Way Home – 355.5 მილიონი ნახვა
- Avengers: Endgame-ის თიზერი – 289 მილიონი ნახვა
- Avengers: Endgame-ის ოფიციალური ტრეილერი – 268 მილიონი ნახვა
- The Lord of the Rings: The Rings of Power-ის თიზერი – 257 მილიონი ნახვა
- Transformers: Rise of the Beast-ის თიზერი – 238 მილიონი ნახვა
- Avengers: Infinity War-ის თიზერი – 230 მილიონი ნახვა
- Lion King-ის თიზერი – 224.6 მილიონი ნახვა
- Thor: Love and Thunder-ის თიზერი – 209 მილიონი ნახვა
- It-ის თიზერი – 197 მილიონი ნახვა