ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე არიზონის უნივერსიტეტსა და პლანეტოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, დედამიწასთან ახლოს მოძრავი ორი ასტეროიდი 11.65 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ლითონით, მათ შორის: რკინით, ნიკელითა და კობალტით არის მდიდარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს პლანეტაზე გაცილებით მეტ ზემოხსენებულ მეტალს შეიცავენ. სპეციალისტების ერთობლივი ნაშრომი, რომელშიც ობიექტებზე დაკვირვებისა და მათი შესწავლის შედეგებზეა საუბარი, გამოცემა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები 1986 DA-სა და 2016 ED85-ის სახელწოდებით ცნობილ ასტეროიდებს სპექტრული ანალიზის მეთოდის გამოყენებით დააკვირდნენ. მათ ამაში ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი ინფრაწითელი ტელესკოპი, IRTF დაეხმარა. ეს ხელსაწყო ჰავაიში მდებარე მაუნა-კეას ობსერვატორიაშია განლაგებული. სპეციალისტებმა ტელესკოპის მეშვეობით ასტეროიდებიდან მომავალი ელექტრომაგნიტური გამოსხივება შეისწავლეს და შედეგად დაადგინეს, რომ 1986 DA-სა და 2016 ED85-ის შემადგენლობაში 85% რკინასა და ნიკელზე, 15% კი სილიკატებზე მოდის.
მკვლევართა ვარაუდით, უახლოეს მომავალში შესაძლოა, მსგავსი ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვების მიზნით იქ მისიების განხორციელება აქტიურად დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არიზონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა წარადგინეს როვერი, რომელსაც მომავალში მთვარეზე მყოფი კოლონისტები ციურ სხეულზე გათხრების წარმოებისთვის და მის წიაღში რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებენ. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ასეთი აპარატების დახმარებით მოხდეს დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვება.
მეცნიერებმა მსგავსი მისიების განსახორციელებლად რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩიეს. მათ შორისაა ასტეროიდი 16 Psyche, რომელიც, სპეციალისტების ვარაუდით, დაახლოებით 700 კვინტილიონი აშშ დოლარის ღირებულების მატერიალურ რესურსს შეიცავს. ისიც უნდა ითქვას, რომ ობიექტი დედამიწისგან ზემოხსენებულ ასტეროიდებზე მოშორებით გადაადგილდება, ამიტომ სპექტრული ანალიზის მეთოდის გამოყენებით მისი შესწავლა ამ დროისთვის ვერ ხერხდება. ასტეროიდის გამოსაკვლევად და მისი შემადგენლობის ზუსტად განსაზღვრისთვის NASA მისიის განხორციელებას აპირებს. როგორც ცნობილია, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო 16 Psyche-სკენ ხომალდს მომავალ წელს გაუშვებს. გეგმის მიხედვით, აპარატი დანიშნულების ადგილამდე 2026 წელს მიაღწევს. ის ასტეროიდს 21 თვის განმავლობაში დააკვირდება და შეისწავლის.
დატოვე კომენტარი