American International Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა. პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამაც 50 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელმა ჰოსპიტლის ასაშენებლად 18 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.
დედაქალაქში მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნას მთავრობის წევრები და აშშ-ის საელჩოში მომუშავე პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებას პროექტის სპონსორები, ასევე ბიზნესისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.
ჰოსპიტალში სხვადასხვა მიმართულების განყოფილებებია წარმოდგენილი, რომლებიც 183 საწოლით არის აღჭურვილი. ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მაღალკვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში განთავსებული სამედიცინო დანიშნულების მქონე დანადგარების ნაწილის შესყიდვა „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერითა და „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირების პროგრამის დაფინანსებით მოხდა.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დახმარებით უცხოეთში მკურნალობის საჭიროება აღარ შეიქმნება და მალე ის ამიერკავკასიაში სამედიცინო სერვისების ჰაბის სტატუსს მოიპოვებს. მიზანი ობიექტის გლობალური მასშტაბის ჰოსპიტლად ქცევა და Joint Commission International (JCI)-ის სრული აკრედიტაციის მოპოვებაა.
დატოვე კომენტარი