ბრიტანეთის აწ გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ მეორის პირადი წერილი გერმანიაში, აუქციონზე 8,300 ევროდ ($8,634) გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ მისი საწყისი ფასი მხოლოდ 2,600 ევრო იყო. წერილის მყიდველის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
1966 წლით დათარიღებული სამეფო წერილი შტუტგარტში, Eppi-ის აუქციონზე გაიყიდა. ორგვერდიანი წერილი დედოფალმა გერმანელ ცხენოსანს ეტი პლეშს (გრაფინია მარია ფონ ვურმბრანდ-შტუპახი) მისწერა, რომელიც ინგლისში პრესტიჟული შეჯიბრის, Epsom Derby-ის გამარჯვებული ორჯერ გახდა.
წერილში, „ძვირფას პლეშს“ დედოფალი სწერდა, თუ როგორი აღფრთოვანებული იყო ცხენების სურათით, რომელიც მან მისგან და მისი მეუღლისგან, მისტერ პლეშისგან საშობაოდ მიიღო. წერილის ბოლოს კი დედოფალი მოთმინებას, მცირედ იღბალთან ერთად, ცხენების მოშენებისთვის უმნიშვნელოვანეს ღირსებას უწოდებდა.
ელისაბედ მეორის წერილის გარდა, Eppi-ის აუქციონზე წარმოდგენილ ნივთებს შორის იყო ბუკინგემის სასახლის წერილი, ლედი დიანას ოფისიდან, დედოფლის საკუთრებაში არსებულ ხელოვნების ნიმუშებთან, ავეჯთან და სხვა ნივთებთან ერთად.
დატოვე კომენტარი