გერმანიის ეკონომიკა გაზის კრიზისს მომზადებულად ხვდება და რუსეთიდან გაზის ექსპორტის შემცირებას წინააღმდეგობას იმ შემთხვევაშიც გაუწევს, თუ ეკონომიკა რეცესიაში შევა, – ამის შესახებ Deutsche Bank-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კრისტიან ზევინგმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით, გერმანული ეკონომიკა [მიწოდების შემცირებას] გაუმკლავდება“, – განაცხადა ზევინგმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მდგრადობა ძლიერ ფინანსურ სექტორს ეყრდნობა, რომელზეც გერმანული ბანკები „კოლექტიურად არიან პასუხისმგებელნი“.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზევინგის შეფასებით, რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვა გერმანიის ეკონომიკას რეცესიაში შეიყვანს, მაგრამ ბანკირის აზრით, გერმანია ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცუდი შედეგების მომტანი იქნება ის. Deutsche Bank-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მზარდ ინფლაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბევრი გერმანელისთვის ყველაზე რთული დრო ჯერ კიდევ წინაა“, რადგან თუკი რუსული გაზის ექსპორტი სრულად შეწყდა, ინფლაცია 10%-მდე გაიზრდება.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის სტატისტიკის ფედერალურმა ბიურომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შეჩერების შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, გერმანიაში რეცესია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება და სულ მცირე მომავალი წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. რეცესიის მთავარ გამომწვევ მიზეზებს შორის გამოცემა გლობალური გარემოებებით გამოწვეულ სტაგნაციას, პანდემიას, ლოგისტიკური ჯაჭვების დარღვევას, ინფლაციასა და რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში, გერმანიის მშპ-ის მაჩვენებელი, ერთი წლის ჭრილში, 1.4%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გაზის მიწოდების შემცირების შესახებ „გაზპრომმა“ თავდაპირველად ივლისში განაცხადა და მოგვიანებით, მიწოდება კიდევ რამდენიმეჯერ შეამცირა. ამ ეტაპზე, მილსადენი მაქსიმალური დღიური დატვირთვის მხოლოდ 20%-ით მუშაობს, რაც დღეში 33 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას გულისხმობს. შემცირებული მიწოდების მიზეზად „გაზპრომი“ მილსადენზე არსებულ ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს.
დატოვე კომენტარი