ვაკო თურნავა 19 წლის იყო, როდესაც ანტრეპრენიორობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. მისი ელექტრონული საფულის სტარტაპი ორ წელიწადში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სააგენტოდ იქცა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმობნეულ 50 კომპანიას ემსახურებოდა. 2021 წელს Sweeft Digital-ი ესპანური MSG-ის წევრი გახდა. დღეს ქართული ტექნოლოგიური ბრენდი, ქართული მენეჯმენტით, ევროპულ ბაზარზე ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. შემდეგი სამიზნე ამერიკაა.
ჩემს რესპონდენტს, სასაუბროდ, ქალაქის ცენტრში, ორსართულიან ოფისში შევხვდი. მისი კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ არსებული სივრცე უკვე ძალიან მცირეა და 400-ზე მეტ ადამიანს ვეღარ იტევს. კომპანიის ახალი, ხუთსართულიანი შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. Sweeft Digital-ის თანამშრომლები მალე უახლეს სამუშაო გარემოში აღმოჩნდებიან, რაც შეესაბამება კომპანიის ამბიციას, გახდეს #1 საუკეთესო სამუშაო ადგილი რეგიონში.
Sweeft Digital-ის წარმატების ისტორიაში ყველაზე მეტად მომხიბლავია ის, რომ ეს ყველაფერი, 2018 წელს, სამი ადამიანის ძალისხმევით დაიწყო. Sweeft Digital-ის წარმატება შეგვიძლია სხვადასხვა გზით გავზომოთ და ვთქვათ, ეს კომპანია იმიტომაა წარმატებული, რომ მიმართულია გლობალურ ბაზრებზე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელების ნაკლებობის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად. სხვებისთვის, Sweeft Digital-ის წარმატების ნიშანსვეტი ისაა, რომ ციფრულ სექტორში წამყვანი ევროპული ჯგუფის ნაწილი გახდა. თუმცა Sweeft Digital-ის მმართველი დირექტორისა და დამფუძნებლის, ვაკო თურნავასთვის, სიამაყის მთავარი წყარო საქართველოში ცოდნის ეკონომიკის განვითარება, სამომავლო ე.წ. „ტალანტების ფონდის“ შექმნა და განვითარებულ სამყაროში სერვისების ექსპორტია, რაზეც ის ყოველთვის ოცნებობდა.
თურნავა მილანის ბოკონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სადაც უნგრეთის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტობის შემდეგ ჩაირიცხა. მისი დისერტაცია სწრაფ გადახდებს ეხებოდა. იმ დროს იტალია ჩამორჩებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გადახდის სერვისების მოქნილობის თვალსაზრისით. თურნავას ნაშრომი სტუდენტებისთვის გადაიქცა რეალურ ბიზნესიდეად, რომელიც ბიზნესგეგმად გამოიყენეს. მცირე საბანკო სესხითა და უსაზღვრო მოტივირებით ცხრამეტი წლის თურნავამ და მისმა ჯგუფელებმა ხელით დაიწყეს გადახდის ტერმინალების აწყობა, რომლებიც, სულ 300 ერთეულის სახით, იტალიის ბაზარზე პირველად წარმოადგინეს. საუნივერსიტეტო დისერტაციაზე დაფუძნებულმა სტარტაპმა რამდენიმე მილიონი ევროს ბრუნვას ორწლიანი შრომისა და თავდადების შემდეგ მიაღწია.
თურნავამ დაინახა, რომ იტალიელი მომხმარებლები გადახდის ტერმინალებს ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ და ეს მისთვის იმის ნიშანი იყო, რომ ციფრული საფულე იტალიელი მომხმარებლების პრობლემებს დიდ მასშტაბებშიც მოაგვარებდა. სწრაფი გადახდის ტერმინალების კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ, ციფრული საფულის დასაწყებად თურნავა სან-ფრანცისკოში გადავიდა. შესაძლო ინვესტორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებში, მან იქ რვა თვე დაყო. ერთი მხრივ, საუკეთესო ციფრული პროდუქტების შესახებ ცოდნა გაიღრმავა, მეორე მხრივ კი საჭირო კონტაქტები დაამყარა. ამის შემდეგ თურნავა საქართველოში გადმობარგდა, სამი დეველოპერი დაიქირავა და თავისი მეგობრის ბინაში Sweeft Wallet-ის შექმნა დაიწყო მათი პირველი მსხვილი კლიენტისთვის – იტალიის ყველაზე დიდი კოოპერაციული საბანკო ჯგუფის, Iccrea Group-ისთვის. Iccrea-სთან თანამშრომლობას შემდგომი შეკვეთები მოჰყვა და ასე დაიბადა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სააგენტო Sweeft Digital-ი.
„მე ცოდნას იმისთვის ვაგროვებდი, რომ საბოლოოდ ის ჩემს ქვეყანაში დამებრუნებინა და რაც შეიძლება მეტი ქართველი პროფესიონალი დამესაქმებინა“, – ამბობს ვაკო თურნავა.
2018 წელს Sweeft Digital-მა კლიენტებისთვის ციფრული სერვისების შეთავაზება დაიწყო. მისი პროდუქტების სიაში შედის პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ციფრული პროდუქტის დიზაინი, კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების ანალიზი, ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა და, ბოლო დროიდან, ციფრული მარკეტინგიც.
თურნავას თქმით, კომპანიამ ძალიან საინტერესო პერიოდი გამოიარა, რომლის განმავლობაშიც ყოველწლიურად ექსპონენტური განვითარება და პროგრესი შეიმჩნევა. 2020 წლისთვის Sweeft Digital-ს სათავო ოფისი აქვს თბილისში და წარმომადგენლობითი ოფისები ლონდონსა და მილანში.
„ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად სწრაფად იზრდება და ჩვენ უფრო და უფრო მეტ ქართველ დეველოპერს ვაძლევთ განვითარებულ ბაზრებზე დასაქმების შესაძლებლობას“.
იტალიაში დამყარებული საქმიანი კონტაქტები Sweeft Digital-ის დამფუძნებელს კომპანიის შემდგომ განვითარებაში დაეხმარა. Sweeft Digital-ის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი იყო Ventis-ი – ელექტრონული კომერციის მთავარი პლატფორმა იტალიაში. Ventisის მენეჯმენტის თქმით, Sweeft Digital-თან თავიანთ ყველაზე სტრატეგიულ პროექტზე თანამშრომლობენ, აფართოებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმას ციფრული საფულის ფუნქციონალობის ჩათვლით. ასევე აქვთ ციფრული და ფიზიკური გადახდის ბარათების გაცემის შესაძლებლობაც.
დღეის მდგომარეობით, Sweeft-ი საერთაშორისო ბაზარზე ორმოცდაათზე მეტ ბიზნესს ემსახურება, მათ შორის ძირითად კლიენტებს იტალიაში, ინგლისში, ბელგიაში, ისრაელში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. Sweeft-ის კლიენტები არიან როგორც წამყვანი ევროპული კომპანიები, როგორიცაა Ventis-ი, Yeppon-ი, Spindox-ი, Nutri Heroes-ი, Happaning-ი, Digibank-ი და BKN301, ასევე ტექნოლოგიური სტარტაპები. Sweeft Digital-ი მუშაობს კლიენტებთან საქართველოში და მის პარტნიორებს შორის არის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები: საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ჰალიკ ბანკი, ტერაბანკი, ბაზის ბანკი და ელექტრონული კომერციის აპლიკაცია Extra.ge.
2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო Sweeft Digital-ისთვის, რადგან სექტემბერში ის შეუერთდა Making Science Group-ს (MSG). MSG წამყვანი ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც შესულია BME-სა და Euronext-ის ბირჟებზე, განაგებს ოფისებსა და შვილობილ კომპანიებს ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, მილანში, მადრიდში, მაიამიში, მექსიკაში, დუბლინში, ბოგოტაში, პადუაში, ბარსელონაში, ლისაბონში, ვალენსიასა და თბილისში. გარიგება ორივე კომპანიისთვის მოგებიანია. „Sweeft Digital-ის შეძენით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს გამოცდილებას ელექტრონულ კომერციაში, გადახდის პლატფორმებსა და აპლიკაციებში. Sweeft Digital-ის მაღალკვალიფიციური გუნდი ავსებს და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს“, – თქვა Making Science-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე ანტონიო მარტინეს აგილარმა.
რაც შეეხება Sweeft Digital-ს, Making Science-ის ოჯახის ნაწილად ყოფნა ნიშნავს სწრაფ ზრდას, კლიენტებისთვის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მიწოდების გაძლიერებულ უნარსა და თანამშრომლებისთვის ჭეშმარიტად საერთაშორისო კარიერის შეთავაზებას. ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც მოკლევადიან ჯგუფურ დავალებებს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივ ბაზირებას.
„ჩვენთვის გადამწყვეტი იყო, რომ ევროპულ ბაზარზე ცნობილი ქართული კომპანიის Sweeft Digital-ის MSGის გუნდთან გაერთიანების შემდეგ გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება, როგორც ქართულ ბრენდს, ქართული მენეჯმენტით ,– ამბობს თურნავა. – Making Science-მდე მრავალი სხვა კომპანია, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, დაინტერესებული იყო Sweeft Digital-ის შეძენით, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი გზა ევროპულ კომპანიასთან დაგვეკავშირებინა“.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გადასვლამდე ვაკო თურნავა გიორგი მარიამიძის ჯგუფელი იყო ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში. 2020 წელს Harvard Business School-ის MBA-ის ხარისხის მიღების შემდეგ მარიამიძემ თანადამფუძნებლის სტატუსით გააძლიერა კომპანია. Sweeft Digital-მდე, მარიამიძეს ეკავა დირექტორის თანამდებობა ორ ქართულ ფინანსურ კომპანიაში და იყო მენეჯმენტის კონსულტანტი Bain & Company-ში. Harvard-მა და Bain-მა მარიამიძეს საშუალება მისცეს, მოეპოვებინა უნიკალური გამოცდილება, ემუშავა უაღრესად მრავალფეროვან გუნდებთან გლობალურ პროექტებზე აშშ-ში, არგენტინაში, უნგრეთში, ომანსა და საუდის არაბეთის სამეფოში. თავის გლობალურ გამოცდილებასთან ერთად, გიორგიმ Sweeft Digital-ს სოლიდური კორპორაციული ცოდნა და ფინანსური დისციპლინა მოუტანა, ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომპანიის Making Science Groupში გაწევრიანებისთვის. ის ამჟამად Sweeft Digital-ის მმართველი დირექტორია.
გიორგის შემოერთებისას Sweeft Digital-ში თანამშრომლების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო, დღეს კი 400-ს გადააჭარბა. კომპანიის მომსახურების პორტფოლიოს ახალი მიმართულებები დაემატა. Sweeft-მა წამოიწყო აქსელერაციის უნიკალური პროგრამა საქართველოში, რომელიც წელიწადში 100-ზე მეტ დეველოპერს ამზადებს. პროგრამა Sweeft Acceleration-ი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა – ის ორიენტირებულია ახალგაზრდა პროფესიონალების გადამზადებასა და უნარების განვითარებაზე, რაც გლობალურ ბაზარზე წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფის პროფესიონალისთვის აუცილებელია.
Sweeft Acceleration-ი 6-თვიანი ანაზღაურებადი პროგრამაა. თითოეულ სტაჟიორს ჰყავს თავისი ინდივიდუალური მენტორი და ენის ქოუჩიც კი. როგორც მენტორებს, ასევე სტაჟიორებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის ტექნიკური და რბილი უნარების ტრენინგს. თითოეული სტაჟიორის პასუხისმგებლობაა პროცესისადმი მაქსიმალური ერთგულების გამოვლენა და პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და გამოცდილების მიღება. კანდიდატების შერჩევისას სავალდებულოა მხოლოდ საბაზისო ტექნიკური ცოდნა, ხოლო სამუშაო გამოცდილების ქონა აუცილებელი არ არის. კომპანიის უკიდურესად ამბიციური გეგმის გათვალისწინებით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიწოდებას გულისხმობს, Sweeft Digital-ი უკომპრომისოა ხარისხის თვალსაზრისით. გასულ წელს კომპანიამ 1000-ზე მეტი აპლიკანტიდან 60 სტაჟიორი შეარჩია და მოელის, რომ მათგან არანაკლებ 80%-ისა პროგრამას წარმატებით დაასრულებს და Sweeft Digital-ში მუშობის შეთავაზებას მიიღებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ციფრული ინდუსტრია გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი სექტორი მსოფლიოში და Sweeft Digital-ი მთავარ როლს თამაშობს ქვეყნისთვის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ბაზისის შექმნაში.
დეველოპერების საშუალო ხელფასი Sweeft-ში $2500-ია, რაც საკმაოდ მაღალია საქართველოში შრომის ბაზრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა კონკურენტული ანაზღაურების გარდა, Sweeft Digital-ის გუნდის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზარდონ პროფესიონალურად სხვადასხვა სექტორში საინტერესო პროექტების გაცნობის გზით, ამას კი Sweeft Digital-ი თავისი თანამშრომლებისთვის პროექტებისა და როტაციების არჩევანში ხელშეწყობით უზრუნველყოფს. Sweeft Digital-ის ამბიციაა, გახდეს #1 საუკეთესო სამუშაო ადგილი რეგიონში და პოზიტიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად კომპანია მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს. ამას გარდა, Sweeft-ი თავის თანამშრომლებს „ელჩების პროგრამის“ მეშვეობით რეგულარულად აძლევს რელოკაციის შესაძლებლობას ესპანეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ თანამშრომლებს მისცენ როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ზრდის საშუალება და ახლად მიღებული ცოდნით მშობლიურ ოფისებში დააბრუნონ.
2022 წელს კომპანიამ Sweeft Salesforce Academyის განვითარება დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ადრე ნაკლებად ცნობილი მიმართულების პოპულარიზაციას. კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია Sweeft for Startups – სტარტაპის თანადაფინანსების პლატფორმა.
კომპანიის ძირითადი აქცენტი ბოლო დრომდე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება იყო. იანვარში ადგილობრივი ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, Elliot-ის შეძენამ Sweeft Digital-ს საშუალება მისცა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გაეხადა კლიენტებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზება, როგორიცაა Pay-Per-Click-კამპანიები, SEO და SEM, სოციალური მედიის მენეჯმენტი, ციფრული კრეატივის შექმნა, ვიდეო და დისპლეის რეკლამა და ანალიტიკა. პორტფოლიოში ციფრული მარკეტინგის დამატება Making Science-თან მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა: „ციფრული მარკეტინგი MSG-ის ერთ-ერთი მთავარი პროფილია. მათ გამოცდილებასა და ინსტრუმენტებს საქართველოში განვითარებისთვის და შემდგომში საზღვარგარეთ გასაფართოებლად გამოვიყენებთ. Making Science Meta-ს, Google-ის და სხვა ტექნიკური გიგანტების პრემიუმ-პარტნიორია. ეს ცოდნა დაგვეხმარება საქართველოს ციფრული სარეკლამო ბაზრისთვის გლობალური სტანდარტების შესაბამისი სერვისების მიწოდებაში“.
Sweeft Digital-ის ამბიციურ გეგმებს შორისაა აშშ-ის ბაზარზე შესვლა, ქართველი დეველოპერების გადამზადება და დასაქმება საერთაშორისო მასშტაბით. 2022 წლის ბოლოსთვის დასაქმებულთა რაოდენობა 600-ს მიაღწევს, 2023 წლისთვის Sweeft Digital-ის სამიზნე რიცხვი 1200-ია.
დატოვე კომენტარი