ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განაახლა, რომელიც ძალაში 5 აგვისტოს 5 საათამდე იქნება. დღეს ლარის დოლარის მიმართ 4.3 თეთრით გამყარდა და 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.887 ლარია.
დღეს ლარი ევროს მიმართ 2.9 თეთრით გამყარდა და 1 ევრო 3.204 ლარი ღირს. თურქული ლირას მიმართ 1 თეთრით გამყარდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათის მიმართ 2.8 თეთრით. 100 რუსული რუბლის ფასი თითქმის 15 თეთრით შემცირდა და 4.44 ლარი ღირს. 1000 სომხური დრამის ფასი 10 თეთრით შემცირდა და 6.06 ლარი ღირს.
ორი დღის წინ ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 3.0-ს მიუახლოვდა, ხოლო ბანკებში 3.0-საც გადასცდა, რის გამოც 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად სავალუტო ბაზარზე, თუმცა მხოლოდ 32.8 მლნ გაიყიდა 2.93 კურსით. დოლარის გაყიდვამ და ტურიზმის დადებით ტენდენციაზე სტატისტიკის გამოქვეყნებამ ლარის კურსის მიმართ უარყოფითი მოლოდინი შეცვალა და ლარი ბოლო 2 დღეში დოლარის მიმართ 8.5 თეთრით გამყარდა.
დატოვე კომენტარი