საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მულტიმილიონერი დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ რუსეთი დღეს, სამწუხაროდ, არ არის ორიენტირებული ბიზნესზე. მისივე თქმით, რუსეთში დღეს სულ სხვა ვექტორია არჩეული და იქ მთავარია სახელმწიფო კომპანიები. ამის შესახებ იაკობაშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთი დღეს, სამწუხაროდ, არ არის ორიენტირებული ბიზნესზე. როგორც ჩვენ გვქონდა 90-იან წლებში ორიენტირი, რომ ბიზნესი არის, რაც არის და ბიზნესს აქვს საშუალება, რომ ააყვავოს ქვეყანა და რაღაც შეცვალოს. დღეს სულ სხვა ვექტორია ამორჩეული, რომ მთავარია სახელმწიფოს კომპანიები. საქმე იმაშია, რომ ინტერესი დაიკარგა. მიზანი არ არის. იმდენად არ ფასდება თავად ბიზნესი“, – აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, ძირითადი მოთამაშეები არიან დიდი კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს – „საშუალო და პატარა კომპანიებს არავინ არ აქცევს ყურადღებას. მაგათაც სჭირდებათ ყურადღება. სწორედ ესენი არიან მშპ–ის შემქმნელები. საქმე იმაშია, რომ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მაგათთვის არ არის საინტერესო. ჯობია აიღონ დიდი კომპანია და მას მიაქციონ ყურადღება და დაეხმარონ ვირუსის დროს, ვიდრე აიღონ 100 პატარა კომპანია და მაგათ დაეხმარონ“.
ამასთან, იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთში ბიუროკრატიული წნეხი საკმაოდ დიდია, ეს კი ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ამასთან, ბიზნესმენის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის და მისი პარტნიორები იწყებდნენ საქმიანობას, მაშინ ამგვარი წნეხი, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ახალი ბიზნესის დაწყება კი ბევრად მარტივი იყო „დღეს რუსეთში მთავარი ვექტორია სახელმწიფო კომპანიები”, – აცხადებს ის.
დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობა მხოლოდ მუზეუმის სახით, სოციალური პროექტით შემოიფარგლება.
ხოლო კითხვაზე, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს რუსეთის საქმიან წრეებთან ქართული ბიზნესი, იაკობაშვილი პასუხობს:
„თავად ურთიერთობა ადამიანებს შორის ძალიან კარგია. დანარჩენი ერთმანეთში თუ ნახავენ საინტერესო საფუძველს, რაზედაც შეუძლიათ გააკეთონ რაღაც ბიზნესი, ეს უკვე გააჩნია, რა ხალხია და რა ნიჭი აქვთ და როგორ არიან მომზადებული იმისთვის, რომ დაიწყონ ბიზნესი რუსეთის ტერიტორიაზე. დანარჩენი ურთიერთობა ადამიანებს შორის არის საუკეთესო. თქვენ ნახეთ ბოლო წლებში, რამდენი რუსი ჩამოდის საქართველოში და ვინც ჩამოდის რუსეთში, მერე მარტო მაგაზე ლაპარაკობს, რომ გვინდა ისევ დავბრუნდეთ საქართველოში, რა ხალხია, რა საჭმელია და რა ღვინოა“.
აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება, Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს განხორციელებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.
დატოვე კომენტარი