ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტი წლიდან წლამდე იზრდება და, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, საგანგაშო ხდება.
2016-2018 წლებში დენის მოხმარების ზრდამ ყოველწლიურად საშუალოდ 7%-ს გადააჭარბა. იმავე პერიოდში ელექტროენერგიის გენერაცია ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით მატულობდა. მზარდი დეფიციტის დასაბალანსებლად აუცილებელი ხდება ელექტროენერგიის იმპორტი. 2014 წელთან შედარებით 2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარებაში წმინდა იმპორტის წილი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 7%-ს გადააჭარბა, ხოლო გენერაციის დაბალი სეზონის თვეებში იმპორტის წილი 30%-ს აღემატება. აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი გენერაციის თითქმის 18% თბოელეტროსადგურებზე მოდის, რომლებიც 100%-ით იმპორტირებული გაზის წყალობით ფუნქციონირებენ, ცხადი ხდება, რომ საქართველო ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანად უკვე იქცა და ეს დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება.
მიუხედავად ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდისა და ქვეყნის ძალიან დიდი ჰიდრორესურსებისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგოსექტორში კლებულობს – 2018 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ენერგეტიკის სფეროში 121 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო რვა წლის განმავლობაში.
მარტივად რომ ვთქვათ, კონკრეტულ პროდუქტზე, ამ შემთხვევაში – ელექტროენერგიაზე, მოთხოვნა არის, ეს მოთხოვნა მზარდია და მომავალ წლებში მისი კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, ამ პროდუქტის საწარმოებლად – ელექტროენერგიის გენერაციაში – ინვესტიციები არ ხორციელდება.
რით შეიძლება ეს აიხსნას? იმით, რომ ელექტროენერგიის ტარიფები მარეგულირებლის მიერ ხელოვნურად იმდენად დაბალ დონეზე არის განსაზღვრული, რომ საინვესტიციო პროექტების განხორციელება საქართველოს ენერგეტიკაში აღარ არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი.
ელექტროენერგიაზე ფასწარმოქმნის მექანიზმებსა და ტარიფებს განსაზღვრავს ენერგეტიკის მარეგულერებელი კომისია – სახელმწიფო ბიუროკრატიაში დასაქმებულ მოხელეთა ჯგუფი. სამწუხაროდ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია თავის დანიშნულებად ელექტროენერგიასა და გაზზე დაბალი ფასის შენარჩუნებას და ფასების გაზრდის პრევენციას მიიჩნევს. ასე იყო ხელისუფლებაში წინა პოლიტიკური გუნდის დროს და იგივეა ახლაც. ანუ კონკრეტულ პროდუქტზე არის მოთხოვნა, მაგრამ ამ პროდუქტზე სახელმწიფო იმდენად დაბალ ფასს აწესებს, რომ მისი წარმოება და გაყიდვა ეკონომიკურ აზრს მოკლებულია. სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იქმნება ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტები მიუხედავად მოთხოვნისა და უზარმაზარი ჰიდრორესურსებისა.
მარეგულირებლის მიერ ელექტროენერგიის ტარიფების შენარჩუნების პოლიტიკისა და ლარის კურსის 80%-იანი გაუფასურების პირობებში დოლარის ინვესტორებისათვის არსებული ჰესებიც არასაკმარისად მოგებიანი გახდა; ახალი პროექტების განხორციელება საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან. შესაბამისად, ფაქტი, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები ყოველწლიურად იკლებს და ახალი ჰესები არ შენდება, სახელმწიფოსა და ენერგეტიკის მარეგულერებელი კომისიის არსებული პოლიტიკის – ხელოვნურად შენარჩუნებული დაბალი ფასების – გარდაუვალი შედეგი გახლავთ.
თუ ქართული წარმოებების ფინანსურ ანგარიშებს გადავხედავთ და მათი პროდუქტის თვითღირებულებაში კომუნალური ხარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) წილს დავითვლით, ვნახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში კომუნალური ხარჯები მთლიანი თვითღირებულების 5%-ს არ აღემატება.
ერთი მხრივ, ეს თითქოს კარგია – წარმოება იაფი ჯდება და ინვესტორისათვის მიმზიდველია.
თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიაზე დაბალი ფასი არ ნიშნავს ელექტროენერგიის მოწოდების სტაბილურობასა და მის ხარისხს. სწორედ დაბალი ფასის გამო ელექტროენერგიის მოწოდება აღარ არის სტაბილური, ის ხარისხთან ერთად წლიდან წლამდე უარესდება.
ასეთ პირობებში, უწყვეტი და სტაბილური საწარმოო პროცესის უზრუნველსაყოფად კერძო კომპანიებისათვის გარდაუვალია დამატებითი ინვესტიციების განხორციელება დენის მოწოდების ალტერნატიულ არხებში, დენის ავტონომიურ წყაროებში (ე.წ. საწარმოო გენერატორები) და ელექტროქსელებიდან მოწოდებული დენის სტაბილიზატორებში.
ამ ინვესტიციების გარეშე საქართველოში შეუძლებელია გამართული და დაცული წარმოების შექმნა. ელექტროენერგიაზე თითქოს დაბალი ტარიფია, მაგრამ წარმოების უზრუნველყოფა მაღალი ძაბვის, სტაბილური და ხარისხიანი ელექტროენერგიით საბოლოო ჯამში მაინც მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული. ეს დამატებითი ხარჯები რომ გენერაციისა და გამანაწილებელ კომპანიებში მიდიოდეს სტაბილური და ხარისხიანი დენის სანაცლოდ, ამით ისარგებლებდნენ როგორც წარმოებები, ასევე გენერაციისა და განაწილების კომპანიები და, შესაბამისად, ინვესტორებისთვის სფეროც უფრო მიმზიდველი გახდებოდა.
რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის საქართველოს დღევანდელი ენერგოსისტემა მნიშვნელოვან საინვესტიციო რისკებს შეიცავს. მიმდინარე ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ განმეორდეს 90-იანი წლების “ჩაქრობა” ე.წ. ბლექ-აუტი. როგორც გვახსოვს, მაშინ ტარიფები ელექტროენერგიაზე ძალიან დაბალი იყო, თუმცა თვითონ ელექტროენერგია არ იყო. სწორედ ხელოვნურად დაწესებული დაბალი ფასის გამო მაშინდელი ენერგოსისტემა საინვესტიციოდ აბსოლუტურად არ იყო მიმზიდველი. ინვესტიციები არ ხორციელდებოდა არათუ ახალ პროექტებში, არამედ არ ფინანსდებოდა ენერგოსისტემის მიმდინარე კაპიტალური ხარჯები არსებულ აქტივებსა და ინფრასტრუქტურაში, რაც აუცილებელია სისტემის მდგრადობისათვის. შედეგად მივიღეთ ენერგოსისტემის სრულად ამორტიზებული და ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი აქტივები. სწორედ ხელოვნურად დაბალი ტარიფების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ არ იყო ინვესტორი და ინვესტიციები, შესაბამისად, აღარ იყო ელექტროენერგიაც.
სამწუხაროდ, შეუძლებელია ინფორმაციის მოძიება იმის თაობაზე, თუ რა ოდენობით ხდება ელექტროენერგიის მწარმოებელ და გამანაწილებელ კომპანიებში მიმდინარე კაპიტალური ინვესტიციების განხორციელება არსებული აქტივების საექსპლუატაციოდ შენარჩუნებისათვის. ეჭვი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც არ იქნება დამაიმედებელი სურათი. ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს შემდეგი მდგომარეობა: 2017 წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ “ენგურჰესის” წარმოების ტარიფი 1 კილოვატ საათზე განსაზღვა 1.81 თეთრის ოდენობით, “ვარდნილჰესისათვის” 4.0 თეთრის ოდენობით, “გარდაბნის თბოსადგურისათვის” 8.0 თეთრის ოდენობით და ა.შ. ცხადია, რომ “ენგურჰესის” წარმოების ტარიფი ერთ კილოვატ საათზე 1.8 თეთრის ოდენობით ელექტროენერგიის რეალურ თვითღირებულებასაც ვერ დაფარავს, თუ ამ თვითღირებულებაში გენერაციის აქტივების ცვეთასა და რეგულარულ მიმდინარე კაპიტალურ დანახარჯებს გავითვალისწინებთ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ 2013-2016 წლებში ჰესების მშენებლობაზე კერძო ინვესტორებთან გაფორმებული 120-ზე მეტი მემორანდუმით, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფომ აიღო ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულება 5-7 ცენტის ფარგლებში. ეს სავალდებულო შესყიდვის ხელშეკრულებები ცალკე საკითხი და კორუფციის დიდი რისკის შემცველია, მაგრამ იმაზე მაინც მიგვითითებს, რომ კეთილსინდისიერი და სერიოზული კერძო ინვესტორისათვის 5 ცენტზე ნაკლები ტარიფი მიუღებელია, რადგან მან იცის, რომ უფრო დაბალ ფასად ის ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი და მდგრადი ჰესის შექმნასა და ოპერირებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენგურისთვის რატომღაც 8-ჯერ ნაკლები საწარმოო ტარიფია საკმარისი. როდესაც არ არის საკმარისი მოგება, არ ხდება მოგების ნაწილის რეინვესტირება მიმდინარე კაპიტალურ დანახარჯებში, შედეგად აქტივების პროდუქტიულობა ჯერ იკლებს, შემდეგ კი საბოლოოდ გამოდის ექსპლუატაციიდან.
სრულიად შესაძლებელია, რომ ნავთობზე ფასების გაზრდას მოჰყვეს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ფასის გაზრდა, რადგან ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის წარმოება სწორედ ნავთობის საშუალებით ხდება. შედეგად ეს გამოიწვევს იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის მკვეთრ და მყისიერ ზრდას.
დღევანდელი ენერგოსისტემა ნაკლებად მდგრადი და საინვესტიციოდ ნაკლებმიმზიდველია, ვიდრე ის იყო ხუთი წლის წინათ. სადღეისოდ საქართველოს ენერგოსისტემა, არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის, რისკფაქტორის შემცველია, რადგან ახლო მომავალში პრობლემების არსებობა გარდაუვალია. არსებული სიტუაციისა და პერსპექტივის გათვალისწინებით, ნებისმიერი ინვესტორი თავს შეიკავებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისაგან; ეს ეხება ინვესტიციებს არა მარტო უშუალოდ ენერგეტიკის სფეროში, არამედ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის სხვა სფეროებშიც. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ენერგოსისტემა იყოს საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელოვანი შემადგენელი, ის, როგორც პოტენციური ბლექ-აუტი, საინვესტიციო რისკფაქტორად იქცა.
მარტივად რომ ვთქვათ: ენერგეტიკის სფერო მთლიანად არასწორად არის ორგანიზებული.
აუცილებელია ელექტროენერგიის გენერაციის საბაზრო პრინციპებზე გადაყვანა. ეს პირველ რიგში გულისხმობს გენერაციის სრულ დერეგულაციას, ხოლო ელექტროენერგიის განაწილება-დისტრიბუცია რეგულირებული უნდა დარჩეს.
დერეგულაცია ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის გენერაციის ფასი და მისი წარმოქმნა იყოს არა მერეგულირებლის ფუნქცია, არამედ ის უნდა განისაზღვროს საბაზრო, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებით. მხოლოდ საბაზრო ფასწარმოქმნა საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის სფეროს ინვესტიციებისათვის მიმზიდველს გახდის.
როგორც გვახსოვს, 2004-2005 წლებში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა. ეს გაკეთდა სწორედ იმიტომ, რომ ენერგეტიკის სფერო კომერციულად მიმზიდველი გამხდარიყო და ინვესტიციები განხორციელებულიყო. მაშინ არსებული განადგურებული ენერგოსისტემა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვდა განვითარებისა და მდგრადობისათვის. თუ ფასების კუთხით სფერო ვერ იქნებოდა საინტერესო, ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელი გახდებოდა. მიმზიდველმა ფასმა ინვესტიცია მოიზიდა, დაიდგა ახალი სიმძლავრეები, განახლდა არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ჩამოყალიბდა მდგრადი ენერგოსექტორი. მარეგულირებლის მთავარი ამოცანა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ უზრუნველყოს ქვეყნისათვის საჭირო ოდენობის ელექტროენერგიის წარმოება და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ ენერგეტიკა საინვესტიციოდ ისევ გახდეს მიმზიდველი.
ასევე უნდა გაუქმდეს სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმები და ხელშეკრულებები. საქმე ისაა, რომ გარანტირებული შესყიდვის სქემა თავის თავში გულისხმობს კორუფციის ძალიან მაღალ რისკს. მთავრობაში მომუშავე ბიუროკრატთა ჯგუფი კონკრეტულ ინვესტორს უფორმებს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, საბიუჯეტო თანხებით ინვესტორისაგან ათი ან თხუთმეტი წლის განმავლობაში შეისყიდოს პროდუქტი – ელექტროენერგია – წინასწარ შეთანხმებულ ფასად. შემდეგ ინვესტორი ამ წლებში განმავლობაში რომელ მოხელეს რამდენს უხდის ე.წ. “ქიქ-ბექის” თუ “ოტკატის” სახით, არავინ უწყის.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორი უნდა იყოს ელექტროენერგიის ტარიფების დიფერენციაციის სტრუქტურა. დღეს ჩვენთან არსებული ტარიფებით იურიდიული პირების ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიკური პირებისა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გვაქვს ე.წ. პროგრესული ტარიფი: ვინც მეტს მოიხმარს, ის უფრო მაღალ ტარიფს იხდის.
იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული პირები არიან დამსაქმებლები და ქმნიან დამატებით ღირებულებას, მათთვის ტარიფი უფრო მცირე უნდა იყოს, ვიდრე ფიზიკური პირებისთვის. ეს თითქოს საკამათო საკითხია, თუმცა სწორედ რომ სამართლიანია: წარმოებები, რომლებიც დიდი ოდენობით შეიძენენ მომსახურებასა თუ პროდუქტს – ელექტროენერგიას – მათთვის ფასი უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე საცალოდ გაყიდვის შემთხვევაში. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, შესაბამისად, ის უნდა გავრცელდეს ელექტროენერგიასა და სხვა ენერგომატარებლებზეც.
ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ, ერთი მხრივ, აუცილებლად და გარდაუვლად მიგვაჩნია ელექტროენერგიის ტარიფების მომატება როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გამო და, მეორე მხრივ, – ტარიფების ასეთი დიფერენციაცია.
ისევე როგორც მთლიანად ინფრასტრუქტურისათვის, ენერგეტიკის სფეროსთვისაც აუცილებელია განვითარების გრძელვადიანი გეგმის შექმნა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100% უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, თუმცა ეს არაფერს გვეუბნება საწარმოო მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის უზრუნველყოფაზე, რაც აუცილებელია ინვესტიციებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.
ცხადია, უნდა შევეხოთ სწორი ენერგოპოლიტიკის სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. პირველი: დაბებსა და სოფლებში ახალი ჰესების მშენებლობისადმი მოსახლეობის პროტესტი და წინააღმდეგობის საკითხი გადაწყვეტას მოითხოვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხალხის ადგილას ჩვენც წინააღმდეგი ვიქნებოდით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, იქნება ეს მცირე, საშუალო თუ მსხვილი, უნდა განახორციელოს მაღალი რეპუტაციის, გამოცდილებისა და ფინანსური რესურსების მქონე კომპანიებმა და ინვესტორებმა. ასეთი ინვესტორი, როდესაც ის აპირების კონკრეტული ჰესის მშენებლობას, ადგილობრივ მოსახლეობაში ქმნის ნდობის ფაქტორს და მასთან ამყარებს ნდობასა და ურთიერთსარგებელზე აგებულ გრძელვადიან ურთიერთობას.
2017 წლისათვის საქართველოს სახელმწიფოს გაფორმებული ჰქონდა 120-ზე მეტი მემორანდუმი მცირე, საშუალო და დიდი ჰესების პოტენციურ ინვესტორებთან. ამ მემორანდუმების უმრავლესობა 2013-2014 წლებში იყო გაფორმებული. მემორანდუმის მიხედვით, ინვესტორს სამი წლის ვადაში უნდა მოემზადებინა პროექტის ტექნიკური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური მიზანშეწონილობისა და გარემოზე ზემოქმედების კვლევები და ანგარიშები. ამ “პოტენციური ინვესტორების” უმრავლესობას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირებისა, მათ საკუთარი კაპიტალის სახით არ გააჩნდათ არათუ პროექტის ღირებულების მინიმუმ 20%, არამედ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ საბანკო გარანტია პროექტის ღირებულების 1%-ის ოდენობაზეც. მიუხედავად ამისა, მათ უმრავლესობასთან, მას შემდეგ რაც ვადებში ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები, 2015-2016 წლებში მთავრობამ სამი წლით ისევ გაახანგრძლივა მემორანდუმისა და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადები.
ცხადია, ამ ყველაფერს კორუფციის სუნი ასდის. სხვა მხრივ წარმოუდგენელია იმის ახსნა, თუ რატომ და რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა ამ ხალხთან საინვესტიციო მემორანდუმების გაფორმება ხუთი და ათი მილიონი დოლარის ღირებულების პროექტებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება და აგრესია, როდესაც მათ ასეთი “ინვესტორები” ესაუბრებიან, რადგან მათ არაფერი ეტყობათ გამოცდილებისა, ცოდნისა, კაპიტალისა და პასუხისმგებლობისა.
საჭიროა, განისაზღვროს მაღალი სტანდარტები პოტენციური ინვესტორის შესარჩევად და კრიტერიუმები, თუ ვისთან შეიძლება გაფორმდეს ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მემორანდუმები. გრძელვადიანი ხედვის მქონე ინვესტორი უფრო მეტად არის დაინტერესებული, სათანადოდ გადაიჭრას სოციალური და ეკოლოგიური საკითხები, ვიდრე ადგილობრივი მცხოვრებნი, რადგან სოციალური და ეკოლოგიური საკითხების საფუძვლიანი შესწავლისა და გადაწყვეტის გარეშე საინვესტიციო პროექტი პოტენციურად პრობლემატურია და ინვესტიცია არ არის დაცული.
სწორი ენერგეტიკული პოლიტიკის მეორე საკითხია, თუ როგორ აისახება გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფები მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ ყოფაზე, მაშინ როდესაც სამუშაო ძალის 50%-ზე მეტი რეალურად დაუსაქმებელია და მოსახლეობის 20%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს საკითხი, რასაკვირველია, პრაქტიკულ გადაწყვეტას მოითხოვს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილის კომპენსირება ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ცხადია, არა იმ პრინციპით, რომელიც გვქონდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, რაც ითვალისწინებდა ყველა სოციალური ფენის მომსახურებას მიუხედავად მატერიალური შესაძლებლობებისა. სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველი და მატერიალურად შეზღუდული ფენისათვის კომუნალური ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება. ფასი უნდა იყოს ყველასთვის საბაზრო, ხოლო მიზნობრივი ჯგუფები, კომუნალური გადასახადების ტვირთის შესამსუბუქებლად, სოციალური დახმარებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი.
ამ ღონისძიებების გატარების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკა ისევ გახდება მიმზიდველი კვალიფიციური ინვესტორებისათვის, განხორციელდება ინვესტიციები როგორც არსებული სიმძლავრეების შენარჩუნებისათვის, ასევე ახალი ენერგოპროექტების განსახორციელებლად. ეს რეფორმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს ეკონომიკის ყველა მიმართულებით და საგრძნობ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის ტემპების მომატებაზე.
———————–
“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.
რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. “ჩირინას” პროდუქტები იყიდება “ბიუ-ბიუს“ ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მესამე კვარტალიდან ექსპორტი დაიწყება სომხეთში. “ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locusის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან. სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.
დატოვე კომენტარი