დიდი ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებელმა ორგანომ სიმპტომების მქონე კოვიდ-დადებითი პაციენტების სამკურნალოდ პირველი აბის ფორმის პრეპარატი დაამტკიცა. პრეპარატი მოლნუპირავირი კოვიდ დადასტურებულ პაციენტს სამკურნალოდ დღეში ორჯერ დაენიშნება.
წამლის კლინიკურმა გამოცდებმა დაადასტურა, რომ მისი მიღება პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და ფატალობის რისკს დაახლოებით 50%-ით ამცირებს. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, პრეპარატი სრულიად შეცვლის კოვიდთან ბრძოლის სურათს.
მინისტრმა მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. ბრიტანეთი გახდა ის პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოლნუპირავირის გამოყენება სახლის პირობებშიც გახადა ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ მოლნუპირავირი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ შექმნილი პირველი ორალური გზით მისაღები პრეპარატია, რომლის მიღებაც აბის სახითაა შესაძლებელი. მისი მიღება ბლოკავს ვირუსის გამრავლების უნარს. შესაბამისად, ვირუსი ადამიანის სხეულში მცირე რაოდენობითაა, რაც დაავადებას ნაკლებად მწვავეს ხდის.
Merck-ის განცხადებით, პრეპარატი ვირუსის მომდევნო მუტაციური ჯგუფებისგან გავრცელების პრევენციასაც შეუწყობს ხელს. თავდაპირველად მედიკამენტი რისკ ჯგუფებისათვის იქნება ხელმისაწვდომი. დიდმა ბრიტანეთმა Merck-ს მოლნუპირავირის 480,000 კურსი შეუკვეთა, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ ქვეყანას წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთს Pfizer-ის ექსპერიმენტული პრეპარატის 250,000 კურსიც შეკვეთილი აქვს.
ცნობისთვის, მედიკამენტის კლინიკური ცდები 775 პაციენტს ჩაუტარდა. შედეგად კი, მათგან მხოლოდ 7.3%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზება. მედიკამენტის კურსჩატარებული არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა, გარდა მათი, ვინც პლაცებოს იღებდა.
დატოვე კომენტარი