თბილისში, ამქრებისა და ვაჭრების აღმოსავლური ყაიდის ქალაქში, როგორც საჯარო სამსახური, ისე საქმიანობის სხვა სფეროები არცთუ ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებნი მუდმივად თბილისისკენ მოისწრაფვოდნენ, რადგან თბილისი მათთვის დიდი იმედების ქალაქი იყო!
დავიწყოთ იმით, რაც ცნობილი ამბავია. აღმოსავლურ ქალაქებში ხელობას განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა ჰქონდა – ხელობის გარეშე კაცს თავის გატანა გაუჭირდებოდა.
ამიტომაც იყო, რომ თბილისში მცხოვრები, თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მშობელი ლამის ყველაფერზე მიდიოდა, როგორმე შვილი ღირსეული ოსტატისთვის მიებარებინა შეგირდად და ამით მისი მომავლის უზრუნველყოფას თუ არა, საკუთარი სინდისის დამშვიდებას მაინც შეძლებდა.
მშობლებისდა სამწუხაროდ, იმ დროს ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობა, რომელიც, როგორც წესი, ოსტატის მიერ ქარგლის ხელოსნად დალოცვის საკრალური რიტუალით, ამაღელვებელი სიტყვითა და დროსტარებით სრულდებოდა, რის შემდეგაც ყოფილ შეგირდს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება ეძლეოდა, დროის სვლასთან ერთად უარესობისკენ იცვლებოდა.
მაგალითად, თუკი უწინ ღირსეული ოსტატი თავის შეგირდზე, მის კეთილდღეობაზე, პროფესიონალ ხელოსნად და რაც მთავარია, „კაცად ქცევაზე“ სრულ პასუხისმგებლობას იღებდა, ძველ ქართულ პრესაში აღწერილი 1875 წლის ეს პატარა ცნობა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს:
„ოქრო-მჭედლების ქუჩაზედ, ერთს პატარა ხვრელთან შეჯგუფული იყო ხალხი და რაღაცას ჩაჰყურებდნენ ძირს, სარდაფში. დავინახე ერთი პატარა დამწყვდეული ბიჭი, რომელსაც მკვდრის ფერი ედვა. „შაქრო ჩაჩანაძე ვარო, ქართველიო. დურგალთან ვიყავი შაგირდათ ხუთის წლის ვადითო; ორი წელიწადი ვემსახურე. ახლა ქარხანა დაკეტა ჩემმა ოსტატმა და მეც უთხარი, რადგანაც შენთან ვეღარას ვისწავლი, გამათავისუფლე, სხვა ოსტატთან დავდგები-მეთქი. მითხრა: ხუთი წელიწადი პირობა მაქვს, უნდა მემსახუროვო. მე უარი უთხარი, იმან უსტაბაშთან მიჩივლა, მომათრია და აქ ჩამაგდოო“.
სამწუხაროდ, ეს შემთხვევა არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი.
ასე თუ ისე, ქალაქი იზრდებოდა და იზრდებოდა იმდენად, რომ ხელოსნობასთან ერთად, რაც ახალგაზრდების დასაქმების ერთ-ერთი მთავარი სფერო იყო, სხვადასხვა სერვისსაც ითხოვდა. ეს კიდევ ერთი შანსი იყო როგორც ადგილობრივთათვის, ისე თბილის ქალაქის დიდებისა და სიმდიდრის შესახებ გავრცელებული ცნობებით მოხიბლული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ასე ბედის ანაბარად მოეშურებოდნენ ლიხს იქითა საქართველოდან.
ასეც უნდა ყოფილიყო. ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად, ახალგაზრდები, რომლებიც მამა-პაპის მსგავსად, რურარული ყოფისა და საქმიანობისთვის იყვნენ განწირულები, ურბანულ გარემოში დასაქმებისა და იქ არსებული შესაძლებლობების იდეით მოიხიბლნენ და დაიძვრნენ კიდეც ქალაქისკენ.
ბატონყმობას თავდაღწეულებს, დიდი იმედებით, მწირი საგზლითა და მცირე ფინანსებით მრავალფეროვანი შესაძლებლობების ქალაქში სამუშაოდ ჩამოსულებს ახალი დროის ბატონების მოწყალებისა და ხელის შემყურედ უწევდათ ყოფნა.
რასაკვირველია, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს. ჯერ ერთი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თბილისში ჩამოსულებს, იშვიათად თუ ვინმე წაუკრავდა ხელს და მითუმეტეს, „გამზადებულ ადგილს“ დაახვედრებდა. მეორეც, ქალაქში, სადაც საქმიანობის ძირითადი სფერო ვაჭრობა და ხელოსნობა იყო, იერარქიას მკაცრად იცავდნენ. ამიტომაც, ახალჩამოსული, თუკი დიდი გაქანების ან ნიჭის პატრონი არ იყო, ქალაქში არსებულ დასაქმების სისტემას უნდა მორგებოდა, სისტემას, სადაც არჩევანი შეზღუდული, იოლად გამდიდრება კი, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც წესი, მცირე ბიუჯეტით, ქალაქში სამსახურის შოვნის იმედად ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც არც ვაჭრობის გაეგებოდა რამე და ვერც ხელოსნობით შეძლებდა თავის რჩენას, რამდენიმე დღეში ულუკმაპუროდ, თავშესაფრის გარეშე რჩებოდა და თბილისის ქუჩებში იწყებდა უსაგნოდ ხეტიალს. ასეთ დროს, თვითგადარჩენის ინსტინქტს აყოლილებს, ორი შანსიღა ჰქონდათ, რომელთაგან ერთი უკანონობის სახიფათო გზაზე დადგომა და ქალაქის კრიმინალურ ფერხულში ჩაბმა იყო.
თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია – ქალაქში ჩამოსულთა უკანონო საქმეებში ჩასართავად ძველ თბილისში სპეციალური, მოსამსახურეების დასაქირავებელი კანტორაც კი არსებულა, რომელსაც, პოლიციის ეჭვით, უმთავრეს მიზნად ის ჰქონია დასახული, რომ შეძლებული ოჯახებისთვის „გაწვრთნილი“ მსახურები შეეთავაზებინათ და მდიდარი თბილისელები მათი დახმარებით გაექურდათ.
გაცილებით რთული და სახიფათო იყო მეორე გზა – გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების ცნობაში გავარჯიშებული ქალაქელების და აღების [ბატონების] მოჯამაგირედ/მსახურად დადგომა. რიგ შემთხვევებში, ეს უკანასკნელი, არცთუ სახიფათო გადაწყვეტილება, ქალაქში დასაქმების მსურველებს გაცილებით ძვირად უჯდებოდათ, რადგან, როგორც წესი, ახალი ბატონის ლამის კაბალურ პირობებზე უწევდათ დათანხმება, რომლებიც, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო უარესდებოდა.
ასე მაგალითად, რომელიმე აღა დაუდებდათ პირობას, რომ სამი-ოთხი წლის განმავლობაში მასთან უნდა ემსახურათ, რაშიც, ყოველწლიურად, გარკვეულ გასამრჯელოს მიიღებდნენ. შემდეგ კი ისე ხდებოდა, რომ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის: თეფშების გატეხვის, ჭიქების დაკარგვის, „სამოვარის“ გაფუჭების და მისთანების გამო, რომლებსაც დახელოვნებული ბატონი ბლომად გამონახავდა, დაქირავებულთა გასამრჯელოს გვარიანი თანხა აკლდებოდა, ხშირად იმაზე მეტი, ვიდრე სამსახურისთვის ერგებოდათ..
ამ პირობების გათვალისწინებით, ახალგაზრდა ისეთივე ჯიბე-ცარიელი შორდებოდა ბატონს, როგორიც მასთან სამსახურში შესვლამდე იყო; ეგ კი არა, ხან საციხოდ უხდებოდათ საქმე, ხანაც მათი სიცოცხლე დგებოდა საფრთხის ქვეშ:
„ერთ ვიღაც ვაჭართან მოსამსახურედ მდგარა პატარა იმერელი ბიჭი. ერთი წელიწადი როგორც იყო შეუსრულებია და რადგან ცუდათ ინახავდა, უთხოვნია თავის „აღისათვის“, გამისწორდი, ბატონო, შინ უნდა წავიდეო. ბატონს უთქვამს, ხვალ გაგისწორდებიო. იმ ღამეს ვაჭრის ცოლს თავისი ვერცხლის კოვზები, თუ სხვა რაღაც ნივთები დაუმალავს და მეორე დღეს მიუხმია ბიჭი და უთქვამს: ჩამაბარე ყველაფერი და „აღა“ გაგისწორდებაო. ბიჭს უძებნია კოვზები, არსად არის… ბატონებს შეუქნიათ ყვირილი, აყალ-მაყალი, გაგვქურდეო, გაგვცარცვეო და ახლა წასვლას აპირებო. წაუყვანიათ საწყალი ბიჭი და პოლიციისთვის ჩაუბარებიათ!..“
ან,
„ერთი დედაკაცი ერთი მედუქნის, ილიას დუქანში შევიდა. აქ შენიშნა იმან ერთი 11 წლის ყმაწვილი, რომელიც ფეხებით იყო ჭერზე ჩამოკიდებული და ასე გრძნობა დაკარგული ეკიდა. დედა-კაცმა დაუწყო მედუქნეს თხოვა, რომ ყმაწვილი ჩამოეშვა, მაგრამ მედუქნე გაწყრა და უთხრა იმას, რომ ეს შენი საქმე არ არისო, ერთი აბაზი მომპარა და იმისთვის დავსაჯეო. დედა-კაცი გამოვარდა ქუჩაში და დაიწყო ყვირილი; შეგროვდა ხალხი; ყმაწვილს შეხსნეს თოკი და ჩამოიყვანეს. იმწამსვე პირიდამ სისხლი წასქდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გრძნობაში მოვიდა და ხალხმა ის მედუქნე და ყმაწვილი ორივე პოლიციაში წაიყვანა, თოკიც თან წაიღეს“.
ასეთი ბატონებისგან თავის დაღწევის შემდეგ, სამსახურის მაძიებლები თავიდან იწყებდნენ ქალაქის ქუჩებში ხეტიალს, საბოლოო ჯამში კი, როგორც წესი, უკვე სხვა, პირველი აღასავით უსამართლო ბატონის სამსახურში უწევდათ ჩადგომა – „ახლა კი ჰხედავს, რომ ამ დალოცვილ „თფილ-ქალაქში“ სრულებით ისე ადვილი არ ყოფილა ფულების შეძენა, როგორც ეგონა“…
გაზეთ „დროებას“ თუ დავუჯერებთ, ბატონყმობის გაუქმებიდან თითქმის დეკადის შემდეგ, ქალაქში, 15-20 ათასი მოსამსახურე და შეგირდი იყო, მათი უმეტესობა კი სწორედ ასეთ შესაბრალის მდგომარეობაში!
მათ ისედაც შესაბრალის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდები პრაქტიკულად არაფერში იყვნენ კონკურენტუნარიანები. თავად განსაჯეთ, რა შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა რომელიმე მათგანს, თუნდაც ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ შვეიცართან, რომელსაც ნობელიატი ნორვეგიელი მწერალი, კნუტ ჰამსუნი აღწერს როგორც ადამიანს, რომელიც ახალგაღვიძებულიც კი სხაპა-სხუპით საუბრობდა ფრანგულად..
დამსაქმებლისთვის მათი სხვადასხვა სამუშაოსთვის დაქირავებაც ვერ იქნებოდა მომგებიანი, რადგან თავის დროზე, კალიის გასაწყვეტად „მოწვეული“ და შემდეგ ქალაქში დარჩენილი „სპარსელები“ ბევრად ნაკლებ გასამრჯელოს ითხოვდნენ.
ყველაფერს კი კიდევ ერთი, დიდი უბედურება და ბედის უკუღმართობა ერთვოდა თან – 1870-იანი წლების ბოლოსთვის ქალაქში დასაქმების წესები გამკაცრდა! მკაცრი პირობების შესახებ თბილისის მთავარი პოლიცმეისტერი აცხადებდა, რომ „…არავის აქვს უფლება მოშორდეს თავის საცხოვრებელ ადგილს, თუ კანონიერი პასპორტი ანუ მოწმობა არა აქვს… წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მოსამსახურეები, გლეხები ან ხიზნები, ვინც 30 ვერსზე [დაახლოებით, 32 კმ.] მოშორდებიან თავის სამუდამო საცხოვრებელ ადგილს მუშაობის საშოვნელად და თავის დასარჩენათ, ვალდებულნი არიან აიღონ დაბეჭდილი და შემოწმებული პასპორტი/ბილეთი“.
ამ შემავიწროებელი გარემოების სიმკაცრე ყველაზე მეტად „მუშებმა და მოსამსახურეებმა“ იგრძნეს საკუთარ თავზე: „იმათ ჰკიდებს ხელს პოლიცია, რამდენიმე დღე ატუსაღებს და შემდეგ ზოგს ორი-სამი დღით უშვებენ პასპორტის ასაღებად და ზოგს კი თავიანთ სოფლებში გზავნიან.”
ამას გარდა, თუკი გაუმართლებდათ და მაინც დასაქმდებოდნენ, ახლა უკვე სხვა გამოწვევების წინაშე დგებოდნენ.
მაგალითად, ღვინის სარდაფებში დასაქმებულები „ძალიანა სჩივიან თავიანთს მდგომარეობაზე. სარდაფები უფრო მიწაში არიან მომართულნი. იქ მუდამ სინესტეა. ზედ ემატება ღვინის ბუღი. ამ სოროებს თითქმის თავის დღეში არ მოჰხვედრია მზის სხივი. …ინათლებს თუ არა, მოჯამაგირე თუ უფროსი ნოქარი, ფეხზე უნდა იყოს, რადგან ვაჭრობა ადრე იწყობა. აქედამ მოკიდებული ღამის 11 საათამდე კანონით და უკანონოდ ხან პირველ საათამდე, ფეხზე დგანან და ემსახურებიან როგორც პატრონს, აგრედვე მუშტარსა. ძილითაც ხომ იქვე, იმ ნოტიო სოროში სძინავთ. ასეთი დღე ადგათ გამუდმებულად კვირა-უქმეს და საქმის დღეს კვირიდამ კვირამდე, თვიდამ თვემდე, წლიდამ წლამდე.“
სხვადასხვა ფაქტორთან ერთან, მუშების მიმართ კერძო დამსაქმებელთა დამოკიდებულება და ზოგჯერ, ტექნოლოგიური პროგრესიც კი ხდებოდა პრობლემების სათავე. ასეთი ამბავი მომხდარა 1897 წელს, როდესაც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების: საფაროვის, ბოზარჯიანცის და კიდევ ერთის ამხანაგობის ქარხნის მუშები, გასამრჯელოს შემცირების გამო გაფიცულან. ქარხნის მეპატრონეთა მტკიცებით, გასამრჯელოს შემცირების მიზეზი ის ყოფილა, რომ „ეფენჯიანცის ქარხანა პაპიროსებს მანქანის შემწეობით აკეთებს, მაშასადამე უფრო იაფად უჯდება პაპიროსების გაკეთება და ჩვენც ან იმის მიხედვით მანქანებით უნდა ვაკეთოთ პაპიროსები ან არა და მუშებს სამუშავო ფასი დავუკლოთო და ისევ უკანასკნელი ღონისძიება ვარჩიეთო“.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სულაც არაა გასაკვირი, რომ უკვე XIX საუკუნის ბოლოსკენ, სამსახურის მაძიებლებს არა აღმოსავლეთის, ანუ თბილისის, არამედ დასავლეთის, ევროპისა და ამერიკის მიმართულებით ეწყოთ სვლა. ასე მოქცეულან გურული მხედრები, რომლებმაც საბოლოოდ ამერიკაში, ბაფალო ბილის შოუში ამოყვეს თავი და „სუნთლა გადარიენ ამერიკა!“ ასევე მოქცეულა რამდენიმე ქართველი ხელოსანიც, რომელთაგან „ორი ქართველი ახალგაზდა გერმანიაშია და იქ ისე კარგად შეუსწავლიათ თავიანთი ხელობა, რომ იქაურს ქარხნებში დარჩენილან სამუშაოდ მექარხნეთა თხოვნით. ერთი ქართველი ახალგაზდა ხელოსანი შარშან ამერიკაში წავიდა და ერთიც ამ დღეებში გაემგზავრა ნიუიორკს, ედისონის ქარხანაში უნდა ვიმუშავოვო. ეს ახალგაზდა აპოლონ ცხვიროშვილია, რაჭველი, სოფელ ტოლიდამ…“
რასაკვირველია, ბედისა და სიმდიდრის ძიებაში დასავლეთით სვლა ყველასათვის წარმატებული როდი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კარგი მუსიკოსები ყოველთვის დიდად ფასობდნენ, ცნობილ თბილისელ მეჭიანურეს, ჭიპრო იოანეს, რომელსაც კოლეგებთან და კარგი ცეკვა-სიმღერის მცოდნე ქალთან, ტასიკოსთან ერთად, „მათის ანტრეპრიონერის“ თაოსნობით, ფილადელფიის 1876 წლის გამოფენაზე განუზრახავს წასვლა. ფილადელფიას მიმავალ მუსიკოსებს გზად ტურნეს მოწყობაც ჩაუფიქრებიათ, რომლის ფარგლებშიც სტამბოლში, პარიზში, ვენასა და ლონდონში კონცერტების გამართვით „ჯიბეები უნდა გაესქელებინათ“; თუმცა, როგორც ჩანს, ევროპელებს დიდად არ მოსწონებიათ „ქართული ზურნა და ტასიკოს ლეკური“ და საქმე იქამდე მისულა, რომ ლამის ცემით გამოუყრიათ თეატრიდან. საბოლოო ჯამში, ევროპანაზიარებ მუსიკოსთა ჯგუფი, ერთ-ერთი ვაჭრის წყალობით, ისევ თბილისში დაბრუნებულა, რადგან ევროპული ფიასკოს შემდეგ, „მათს ანტრეპრიონერს“ უფიქრია, „ამისთანა საქმით ამერიკაში მე ფულს ვერ მოვიგებო“ და ჯგუფი მარსელში მიუტოვებია…
დასასრულ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ქალთა დასაქმების საკითხი თბილისში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ღირსეული პირობებით, სტაბილური სამსახურის შოვნის იმედად თბილისში ჩამოსულ ქალთა უმეტესობას ბედი დიდ განსაცდელს უმზადებდა – „კეთილმოსურნეთა“ სხვადასხვა დაპირებებით, ქალაქში მოტყუებით ჩამოსულები ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლად შექმნილან და „გარყვნილების სახლებში“ ამოუყვიათ თავი, სადაც ჰყავდათ „საქონელივით სავაჭროდა და ფულის მოსაგებადა“.
ზოგადად, რამდენად „მარტივი“ იყო მაშინ ქალთათვის სამსახურის შოვნა, ამას 1897 წელს, ბათუმში მომხდარი ერთი ამბავიც ცხადჰყოფს:
„ბათუმის ერთ ქარხანაში დიდი ხანი არ არის, რაც ერთი ოსმალეთიდგან გამოქცეული ახალგაზდა კაცი მუშაობდა. მუშაობაში უკან არავის რჩებოდა, სასმელს არ ეტანებოდა და მეტად მორცხვის ხასიათის პატრონი კაცი იყო. უცებ აღმოჩნდა, რომ ახალგაზდა კაცი – ახალგაზდა ქალია. როდესაც ჰკითხეს, რა მიზეზია, რომ კაცის ტანისამოსი გაცვიაო, აღმოჩნდა, რომ ქალს ოსმალეთშივე ჩაეცვა კაცის ტანისამოსი იმის შიშით, ოსმალებმა არ გამაუპატიურონო. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგაც არ გაემოთხოვა ამ ტანისამოსს, რადგან კაცს უფრო მალე შეუძლიან სამუშაო იშოვნოსო. ქარხნის პატრონს რაკი ეს ამბავი გაუგია, სახლში წაუყვანია და ბავშვის მოვლა მიუჩემებია, მაგრამ ისეთ ნაირად მიჩვეულა კაცურ ტანისამოსს, რომ ბევრჯერ მოირთობოდა კაცის ტანის-სამოსში, თუმცა საჭირო არ იყო თურმე.”
ამ მაგალითების განზოგადება და მხოლოდ მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა სრულ სურათს არ მოგვცემს, თუმცა, ზემოაღნიშნული ამბები თვალსაჩინოსა და ხელშესახებს მაინც ხდის ძველი თბილისის დასაქმების კულტურას. ვხედავთ იმ საფრთხებსაც, სამსახურის შოვნის, უფრო მეტად კი – იოლად გამდიდრების იმედად თბილისში ჩამოსული ათასობით ადამიანი რომ აწყდებოდა.
მიუხედავად ამისა, თბილისი რჩებოდა დიდი იმედების ქალაქად, სადაც ყველა გზა თუ არა, უმეტესობა მაინც მიდიოდა, რადგან როცა ადამიანი იტყოდა, ქალაქს მივდივარ, ქალაქში ვიყავი, ქალაქიდან მოვდივარო, ის აუცილებლად თბილისს გულისხმობდა!
P.S. რა თქმა უნდა, შეუძლებელია თბილისსა და დასაქმებაზე ისე საუბარი, რომ არ შევეხოთ რკინიგზის ღარიბ მუშა-ხელოსანთა ქალაქურ „თავგადასავალს“, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ თემაზე მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
დატოვე კომენტარი