დიდი კაცი ბრაზილიაში

დიდი კაცი ბრაზილიაში

ბრაზილიაში აიკ ფურკენ ბატისტაზე დიდი შესაძლოა მხოლოდ Pão de Açúcar (პაო დე აცუსარი) იყოს – მწვერვალი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში, გუანაბარის ყურის თავზე წამომართულა.

„შაქრისთავა მთა” პირდაპირ უყურებს მის ოფისს, რომელიც პრაია დე ფლამენგოს სანაპიროზე მდგარი შენობის მეათე სართულზეა განთავსებული. რვა წლის წინ ბატისტამ დაიფიცა, რომ ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა. ამჟამად მისი აქტივების წმინდა ღირებულება $27 მილიარდია, რომლის ორი მესამედიც მან 2010-ში, თორმეტ თვეში მოიპოვა ; და იგი მტკიცედ მიჰყვება გზას ყველაზე სანუკვარი საბოლოო მიზნისაკენ – გახდეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. ბატისტას ფეისბუკის გვერდზე სამჯერ არის აღნიშნული, თუ რა სიმდიდრის მფლობელია იგი.

ბატისტამ, რომელიც ამჟამად 53 წლისაა, ქონება დააგროვა ბუნებრივი რესურსებისა და სხვა სახის მომსახურებათა სფეროში: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (MMX), ენერგეტიკა (MPX), ლოგისტიკა (LLX), უძრავი ქონება (REX), გემთმშენებლობა (osx), ტურიზმი და გართობის ბიზნესი. მაგრამ მისი ქონების ორი მესამედი მომდინარეობს შედარებით ახალი წყაროდან: OGX Petróleo e Gas Participações ნავთობისა და ბუნებრივი აი რის საბადოების საძიებო კომპანიაა, რომელიც ბატისტამ 2007 წლის ივლისში დააფუძნა და ერთი წლის შემდეგ უკვე მისი აქციების საჯარო განთავსებაც განახორციელა. „თუ შეადარებთ გამართლების კოეფიციენტებს ოქროს საბადოს ძიებისა (17 ათასი – 1-თან ) და ზღვაში ნავთობის საბადოს ძიების ( 2-1-თან) შემთხვევებში, მაშინ მიხვდებით, რატომ ვიყავი ასეთი ენთუზიაზმით სავსე ახალი კომპანიის, OGX-ის, დაარსებისას”, – ამბობს ბატისტა. რას გამოხატავს X, რომელიც ყველა მისი კომპანიის დასახელებაში გვხვდება? – ეს სიმდიდრის გამრავლების სიმბოლოა. ბატისტა თითქმის ყოველთვის ასრულებს საკუთარ დანაპირებს. მისი ექსტრაორდინარული წარმატების მთავარი ფაქტორებია გამჭრიახობა, ენერგიულობა და კარგად გათვლილი რისკები, ამას დაემატა შესაფერისი დრო და საოცარი გამართლება.

ძვირფასი ლითონების სფეროში გატარებული 25 წლის შემდეგ ბატისტამ გადაწყვიტა ფსონს ნავთობზე ჩამოსულიყო. 2007 წლის ნოემბერში, მისი ახალი კომპანიის დაარსებიდან ოთხი თვის შემდეგ, სახელმწიფო კომპანია Petrobras-მა განაცხადა ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, კერძოდ კი Santos Basin Tupi-ის რაიონში, ნავთობის შლეიფის აღმოჩენის შესახებ. მისი სავარაუდო მოცულობა 8 მილიარდ ბარელ ნავთობს უტოლდებოდა. ეს ბრაზილიის ისტორიაში ნავთობის ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო (იმ დროისათვის ქვეყანას ჰქონდა 14 მილიარდი ბარელის ეკვივალენტი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგი). ბატისტას, რომელსაც დიდი ხნის ურთიერთობები აკავშირებდა ბრაზილიის მთავრობასთან, კონტაქტი ჰქონდა პაულო მენდონსასთან, კომპანია Petrobras-ის 34 წლის ვეტერანთან, რომელმაც სწორედ იმ ხანებში დატოვა საძიებო სამსახურის უფროსის პოსტი. მცირე სტიმული (დიდი ხელფასი, აქციების პაკეტი კომპანია OGX-ში და აქციების ოფციონები შესრულებული სამუშაოს მიხედვით – როგორც ბატისტა ხუმრობს – „ბონუსი ვალდებულებასთან ერთად” (a bonus with an onus) – საკმარისი აღმოჩდა მენდონსას დასარწმუნებლად, რომ უარი ეთქვა პენსიაზე გასვლაზე და ბატისტას ახალ კომპანიაში დაეწყო მუშაობა სხვა ექვს გამოცდილ კოლეგასთან ერთად. „საბოლოო ჯამში, თუ ფულს ნოუ-ჰაუზე ხარჯავ, რისკიც უფრო მცირდება”, – ამბობს ბატისტა. განსაკუთრებით კი იმ ნოუ-ჰაუზე, რომელსაც სასარგებლო კავშირებიც ერთვის.

კომპანია OGX სწორედ შესაფერის დროს დაფუძნდა, რათა ერთ-ერთი პირველი – და უკანასკნელი – დიდი მოთამაშე ყოფილიყო იმ აუქციონში, რომელიც ეხებოდა ბრაზილიის ნავთობის ეროვნული სააგენტოსაგან საძიებო სამუშაოების ლიცენზიის შესყიდვას. იჯარის ფასების გაზრდამდე ორი კვირით ადრე ბრაზილიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აუქციონიდან მოეხსნა Petrobras-ის მიერ აღმოჩენილი Tupi-ის რაიონის 41 ყველაზე პერსპექტიული უბანი. ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც ამ მარაგების ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ, თამაშიდან გავიდნენ.

ამასობაში OGX-მა $800-მილიონიანი შეთავაზება წარმოადგინა საძიებო სამუშაოების ჩატარების უფლებისათვის 21 კონცესიურ უბანზე, რომლებიც თავთხელი წყლების ოთხ სხვადასხვა აუზში მდებარეობდა, ზოგიერთ შემთხვევაში მათ საფასო შეთავაზებაში Petrobras-საც კი აჯობეს. $375 მილიონი ბატისტამ საკუთარი ჯიბიდან გაიღო, თანხის დანარჩენი ნაწილი კი 12 ინვესტორისაგან შეივსო (მათ შორის: Ontario Teachers’ Pension Plan და New York City’s Ziff), რომელთაგანაც ზოგიერთს უკვე ჰქონდა ბატისტასთან საქმიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გამოცდილება. ვაჭრობის შემდეგ OGX-მა ხელში ჩაიგდო კონცესიები 1,7 მილიონი აკრის ტერიტორიაზე, რამაც იგი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროს უდიდეს კერძო მოთამაშედ აქცია (შარშან ბატისტას კომპანიამ ასევე შეიძინა 70%-იანი წილი 4,9 მილიონი აკრის ტერიტორიაზე პამიბის აუზის მახლობლად). ამის შემდეგ კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ხუთ საზღვაო საბურღ სადგურზე. საიჯარო ხელშეკრულება 2-დან 3 წლამდე გაფორმდა, თუმცა – გადახედვის უფლებით. კომპანიამ ასევე დაიქირავა ჰიდროგრაფიული ხომალდი სეისმური მონაცემების მოსაპოვებლად. გარდა ამისა, OGX-მა შექმნა და აღჭურვა ნავთობის საბადოს სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის ცენტრი, რომელიც ბატისტას ოფისიდან ხუთი სართულით ქვემოთ განთავსდა. იქიდან გამომდინარე, რომ უბნების უმეტესობა თავთხელ წყლებშია და მათი დამუშავება ადვილია, მოპოვების თვითღირებულება შესაძლოა ძალიან დაბალი – ბარელზე $8 ყოფილიყო, იმ $35 დოლარის საპირწონედ, რაც ჯდება ერთი ბარელი ბრაზილიური ნედლი ნავთობის მოპოვება ნაპირიდან მოშორებულ წყლებში, მარილის სქელი ფენის ქვეშ.

2008 წლის ივნისში კომპანია OGX-მა აქციების პირველი საჯარო განთავსებით $4,1 მილიარდს მოუყარა თავი, რაც ბრაზილიის ისტორიაში უმაღლესი მაჩვენებელი იყო. თავის მხრივ, ბატისტამ კიდევ $450 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. მას, ცოტა არ იყოს, სწყინს, როდესაც ეკითხებიან, რამდენად არის მისი საოცარი იღბლიანობა ბრწყინვალე დაგეგმვის შედეგი. „$20-მილიარდიანი კომპანია სპეკულაციებით ვერ იარსებებს, – ამბობს იგი. – იღბალი და გამართლება ის არის, რომ დღეს ბრაზილიაში სტაბილური ეკონომიკური ვითარებაა; გამართლება ის არის, რომ დღეს ბრაზილიაში ნავთობის მარაგი არსებობს, მაგრამ დისციპლინისა და თავაუღებელი შრომის გარეშე არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, ხელსაყრელი დროც იყო: როდესაც აქციათა პირველადი განთავსება განვახორციელე, ნავთობის ფასი $140-ს შეადგენდა. ეს, რა თქმა უნდა, იღბალი იყო და არა ჩემი წვლილი”.

ბრაზილიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ იგი კლასიკური ოიდიპოსის კომპლექსის ტყვეა და მუდმივად ცდილობს მიღწეული წარმატებებით დაჩრდილოს გავლენიანი მამა, ელიეზერ ბატისტა და სილვა. თუმცა მამა ამას აპროტესტებს – „აიკი ყოველთვის მიზანსწრაფული იყო, – ამბობს იგი. – თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, მისი წარმატებები და მიღწევები ასეთ მასშტაბებს თუ მიაღწევდა”. ელიეზერი, რომელიც ამჟამად 85 წლისაა, ბრაზილიის უმსხვილეს სახელმწიფო სამთო-მომპოვებელ კომპანია Vale do Rio Doce-ს მანამდე ხელმძღვანელობდა, სანამ 1997 წელს მისი პრივატიზაცია არ მოხდა. მისი მმართველობის პერიოდში კომპანიამ, რომელიც ძირითადად რკინის მადნის ექსპორტზე იყო ორიენტირებული, გააფართოვა საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით და გადაერთო სხვა მეტალების ბაზრებზე, აგრეთვე ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მერქანი, ხე-ტყე, საზღვაო ტრანსპორტი და რკინიგზა.

მისი გავლენა პოლიტიკაში ბევრად გასცდა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიის ხელმძღვანელობას: 1962 წლიდან იგი იყო სამთო მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი, ხოლო 1992 წელს პრეზიდენტმა ფერნანდუ კოლორ დი მელუმ დანიშნა სახელმწიფო მდივნად სტრატეგიულ საკითხებში. „მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ მე უფრო მივყვები აიკის გზას, ვიდრე ის – ჩემსას”, – ამბობს უფროსი ბატისტა, რომელიც ერთ დროს კომპანია Enron-ის აღმასრულებელი დირექტორის, რებეკა მარკის, კონსულტანტი იყო, ხოლო დღეს საკუთარი შვილის მრჩეველია ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში. – “მე არასოდეს ვყოფილვარ ჩართული ნავთობის ბიზნესში”, – დასძენს იგი.

აიკი ცხარდება, როდესაც მამის მხრიდან გაწეულ რაიმე დახმარებაზე ლაპარაკობენ. „ყველა ბიზნესი ნულიდან დავიწყე. მამა მხოლოდ პრობლემას მიქმნიდა, რადგან საშუალებას არ მაძლევდა Vale-ს მივახლოებოდი, – ამბობს იგი. – მე ამის უფლება არ მქონდა, რადგან მას ინტერესთა კონფლიქტის ეშინოდა. მე თავად შევქმენი ის კავშირები, რომლებიც დღეს გამაჩნია. და, რაც მთავარია, – იცინის ბატისტა, – მამაჩემი არ არის რისკის მომხრე”.

12-დან 23 წლამდე ის და მისი ექვსი და-ძმა, გერმანელ დედასთან ერთად, გერმანიაში ცხოვრობდა. ბატისტა აახენის უნივერსიტეტში მეტალურგიას სწავლობდა და, როგორც თვითონ ჰყვება, კარდაკარ ჩამოვლით ყიდდა სადაზღვევო პოლისებს, რომ სწავლის საფასურის გადახდაში თავისი წვლილი შეეტანა. 1979 წელს იგი ბრაზილიაში დაბრუნდა, რათა ამაზონის აუზში ოქროთი ვაჭრობაში ეცადა ბედი. მამას იგი შეშლილად მიაჩნდა, მაგრამ 18 თვეში ბატისტამ საკომისიოებით $6 მილიონი იშოვა. მიღებული მოგება მან ე.წ. გარიმპეიროსების (ადამიანები, რომლებიც ჯუნგლებში ვარცლითა და ბადით ოქროს მოიპოვებენ) საქმიანობაში ჩადო, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ლოგისტიკური სირთულეები და ამ ტერიტორიაზე გავრცელებული დაავადებები. სულ რაღაც $300 000-ის ამარა დარჩენილი ბატისტა მეგობრებთან ხუმრობდა, რომ ჯობდა აეღო ის $6 მილიონი და პლაჟებზე დრო ეტარებინა. თუმცა საბოლოოდ მუშებმა შეძლეს და თვეში $1 მილიონი დოლარის ოქროს წარმოება დაიწყეს. „მადლობა ღმერთს, საბადოს იდიოტებისაგან დამცავი მექანიზმი აღმოაჩნდა, – ირონიულად შენიშნავს აიკი. – მხოლოდ საოცრად მდიდარი საბადო თუ გაუძლებდა ყველა იმ შეცდომას, რაც მე დავუშვი. ძალიან გამიმართლა”.

მალე ბატისტამ წარმოების გასაფართოებლად პარტნიორებს წილი მიჰყიდა და ამავდროულად, აამუშავა ხუთი საბადო ბრაზილიაში, ერთი ჩილეში და ორიც კანადაში. 1983 წელს, ტორონტოს სამთო-მომპოვებელმა კომპანია TVX Gold-მა ბატისტას მისი ერთ-ერთი კონცესიის შესყიდვა შესთავაზა; ორი წლის განმავლობაში ბატისტა ამ კომპანიის ყველაზე დიდი აქციონერი და აღმასრულებელი დირექტორი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც TVX-ს პრობლემები შეექმნა საბერძნეთში ერთ-ერთ პარტნიორთან, კომპანიამ საბადოს დამუშავების უფლება დაკარგა და მისი აქციები ზარალით გაყიდა.

TVX-ის აქციონერებთან ერთად ბატისტამაც დაკარგა თავისი ინვესტიციების უდიდესი ნაწილი. ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციათა ფასი $10-დან 27 ცენტამდე დაეცა. ბატისტა ამტკიცებს, რომ მან დაარწმუნა კომპანიის ხელმძღვანელობა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საქმიანობა ძვირფასი ლითონების სფეროს მიღმა გაეგრძელებინათ. თუმცა იგი კვლავაც აბანდებდა თავის კერძო კაპიტალს რკინისა და ვერცხლის საბადოებში. 2001 წელს მან დატოვა სამეთვალყურეო საბჭო, რადგან ბრაზილიაში დაბრუნება და ქვეყნის ხელუხლებელი რესურსების ათვისება ჰქონდა გადაწყვეტილი. მან დაუშვა სხვა შეცდომებიც, რომლებიც ძალიან ძვირად დაუჯდა, მათ შორის, წარუმატებელი კაპიტალდაბანდებები ავტომობილების, ლუდისა და პარფიუმერიის სფეროებში.

სამშობლოში დაბრუნებულმა ბატისტამ არნახული სიმდიდრის დაგროვება მოახერხა. ის, რაც მოგვიანებით რკინის მადნის საოპერაციო კომპანია MMX-ად ჩამოყალიბდა, მისი საკუთარი $300 მილიონითა და Banco Itaú-დან აღებული $200-მილიონიანი სესხით დაიწყო. ბატისტამ არა თუ ამოიღო თავისი ინვესტიცია, არამედ მნიშვნელოვანი მოგებაც ნახა 2006 წელს, როდესაც MMX-მა აქციების საჯარო განთავსება განახორციელა, ორი წლის შემდეგ კი ორი საბადო კომპანია Anglo American-ს მიჰყიდა $5,5 მილიარდად. კომპანია MPX Energia-მ, რომელიც ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ოთხ ელექტროსადგურს აშენებდა ბრაზილიასა და ჩილეში, 2007 წლის დეკემბერში აქციების საჯარო განთავსება განახორციელა და $1,1 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო დღეისათვის მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1,9 მილიარდს შეადგენს. MPX-ის შვილობილი LLX-ი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ორ პორტს ავითარებს ბრაზილიაში. მან აქციების პირველადი საჯარო განთავსება 2008 წელს განახორციელა, ხოლო დღეისათვის მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $3,4 მილიარდია. წელს ბატისტა გეგმავს osx-ის აქციათა საჯარო განთავსებას, რათა დაგეგმილი $5,6 მილიარდი მიიღოს. ამ გემთმშენებელ კომპანიას ზურგს უმაგრებს სამხრეთკორეული Hyundai Heavy Industries, რომელმაც განაცხადა, რომ 10%-იან წილს შეიძენს.

ერთ დროს ბატისტას ინვესტორების მოძიება დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა. „ახლა, – ამბობს იგი, – ისინი ბრაზილიაში უნდა იყვნენ. ეს კი ძალიან დიდი სხვაობაა, დიდი სხვაობა”. ეს ერთგვარი პატრიოტული სულისკვეთების გამოვლენაა. „ჩვენ ბედნიერი ინვესტორები ვართ”, – ამბობს არმინიო ფრაგა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს Gávea Investimentos-ს ხელმძღვანელობს. მისი პორტფელი $5,8 მილიარდს შეადგენს; ერთ დროს იგი ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა, ასევე იყო ჯორჯ სოროსის ფონდ Quantum Fund-ის კომპანიონი. „აიკ ბატისტა არაჩვეულებრივი მაგალითია ადამიანისა, რომელსაც აქვს მომავლის ხედვა და ამ ხედვის ხორცშესხმა შეუძლია. იგი იმ მიმართულების სიმბოლოა, რომელიც ამ ქვეყანას ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს”.

ბატისტამ არცთუ სასიამოვნო კუთხითაც მიიქცია ყურადღება. 2008 წლის ივლისში ბრაზილიის ფედერალური პოლიციის მიერ ჩატარებულმა, Midas Touch-ის სახელით ცნობილმა გამოძიებამ, რომელიც კორუფციასა და გადასახადებისათვის თავის არიდებას ეხებოდა, უხერხული და მძიმე სიტუაცია შექმნა. ძალოვნებმა ბატისტას სახლი გაჩრიკეს და მისი ანგარიშები ამოიღეს – იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ ბატისტამ კონტრაბანდული ოქრო შემოიტანა და არაკეთილსინდისიერად იმოქმედა საბადოების კონცესიის შეძენისას. პრესის თანახმად, ფედერალური აგენტების სამიზნე ბატისტა იმიტომ აღმოჩდა, რომ თითქოს მან ამაპის შტატის რკინის საბადოზე კონცესიის სანაცვლოდ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა გუბერნატორ ვალდეს გოეს მისი ხელმეორედ არჩევისას. „მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, უზარმაზარი”, – ამბობს ბატისტა და დასძენს, რომ მან დაუყოვნებლივ უარყო ეს შეთითხნილი ბრალდება განცხადებით, რომელსაც აქციონერთა სელექტორული კონფერენცია მოჰყვა (გუბერნატორმა ასევე უარყო ბრალდება). ბატისტა აცხადებს, რომ ზედმეტად ეჭვიანი პროკურორი თავგამოდებით ცდილობდა არალეგალური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოეპოვებინა, რადგანაც მასში ეჭვს იწვევდა ის ფაქტი, რომ ბატისტამ ძალიან სწრაფად იშოვა დიდი ფული აქციების საჯარო განთავსების გზით. მთელი ქვეყანა ჩაერთო გაცხარებულ დებატებში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ბოროტად იყენებს ფედერალური პოლიცია საკუთარ ძალაუფლებას და უხეშად იჭრება მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში მათი ბინების ჩხრეკისა და სატელეფონო მოსმენებით.

რაც უფრო მწიფდებოდა სკანდალი, მით უფრო იზრდებოდა აქციონერთა შეშფოთებაც და, შესაბამისად, ბატისტას სამი კომპანიის ფასი 10%-ით შემცირდა. გამოძიებამ ხელი შეუშალა ბატისტას მოლაპარაკების პროცესსაც კომპანია Anglo American-თან.

იმისათვის, რომ საქმე გაეგრძელებინა, ბატისტა იძულებული გახდა პირადი გარანტია შეეთავაზებინა გამოძიების შედეგად წარმოქმნილი პოტენციური დავალიანების დასაფარად, როგორც ეს Anglo American-ის განცხადებაში იყო მითითებული. შემდეგ გამოძიება ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო – ყოველგვარი ბრალდების წარდგენის გარეშე. ბატისტას მტკიცებით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ შეცდომა იქნა დაშვებული (პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური კომენტარისაგან თავი შეიკავა).

ეჭვგარეშეა, რომ ბატისტას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს Palácio do Planalto-სთან (ბრაზილიის პრეზიდენტის რეზიდენცია). პრეზიდენტი ლულა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის დიდი მხარდამჭერია, სწორედ მისი რეკომენდაციის საფუძველზე შარშან ბრაზილიის განვითარების სახელმწიფო ბანკმა (Nacional de Desenvolvimento Econômico e Social (BNDES) $78 მილიარდი გამოყო 390 000 ბიზნესის დასაფინანსებლად. ბატისტას კომპანიებმა ამ ბანკისაგან 2009 წელს $4,1-მილიარდიანი დაფინანსება მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი სესხი – ფიქსირებული წლიური 4,5%-ით (საპროცენტო განაკვეთები, ჩვეულებრივ, 2-დან 12%-მდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სესხის ვადაზე). ბრაზილიის განვითარების ბანკმა და ბატისტას კომპანია EBX-მა უარი განაცხადეს სესხის კონკრეტული პირობების გასაჯაროებაზე.

ბატისტა სრულიადაც არ მალავს, რომ პრეზიდენტით აღტაცებულია. მან $500 ათასი დოლარი გაიღო ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმ „ბრაზილიის შვილისთვის”, რომელიც პრეზიდენტ ლულას ეძღვნებოდა. სწორედ ეს ფილმი გავიდა სატელევიზიო ეთერში ახალი წლის დღეს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 თვით ადრე (ლულას უფლება არა აქვს ზედიზედ მეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე). ბატისტა ყოველგვარ პოლიტიკურ კავშირს უარყოფს, რაც ბრაზილიელ ჟურნალისტებში ირონიულ ღიმილს იწვევს. „ჩვენ სრულიად აპოლიტიკურები ვართ, – ამბობს ბატისტა, – და დავეხმარებით ყველა პარტიას. ჩემი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, რადგან სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ლულა ისევ დაბრუნდება ახალი საპრეზიდენტო ვადით 2014 წელს”.

„წინასწარგანწყობა, რომ მემარცხენე ძალა ერთმნიშვნელოვნად ცუდია მეწარმეობისათვის, არ წარმოადგენს უცილობელ ჭეშმარიტებას , – ამბობს უეინ კოზუნი, ონტარიოს პედაგოგთა საპენსიო ფონდის (Ontario Teachers’ Pension Plan) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საჯარო კაპიტალზეა პასუხისმგებელი – მთავრობის შეცვლა ცუდი სულაც არ არის”.

თავის მხრივ, ბატისტა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს იმპულსი შეინარჩუნოს. კომპანია OGX-მა, რომლის აქციები 2008 წელს მხოლოდ $1,22-ად იყიდებოდა, ხოლო ახლახან $11,15-იან ნიშნულს მიაღწია, გასული წლის ბოლოს საბურღი საქმიანობა გრაფიკის მიხედვით დაიწყო. მთავარი ფინანსური დირექტორი, მარსელო ტორესი ინვესტორებს არწმუნებს, რომ კომერციული პროდუქციის მიღება მომავალ წელს დაიწყება. OGX-ს ამჟამად ნაღდი ფული თავზესაყრელად აქვს ($4 მილიარდი) იმისათვის, რომ ახალი ობიექტები შეიძინოს და გამოიკვლიოს. ბატისტა კვლავ აქტიურად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში, იგი მენდონსას ყოველდღიურად სტუმრობს.

„მე საკუთარ თავს ამ ქვეყნის რიგით ჯარისკაცად მივიჩნევ”, – ამბობს ბატისტა, რომლის კომპანიებშიც 1800 ადამიანი მუშაობს, აქედან 1770 – მის ქვეყანაში. „შემიძლია გითხრათ, რომ დღეისათვის ჩემი ინვესტიციების 99% ბრაზილიაშია თავმოყრილი და აქვე დარჩება”. იგი თავისი ინვესტიციების გარკვეულ ნაწილს დემონსტრაციულად, პატრიოტული გრძნობების კარნახით ხარჯავს, მაგალითად: რიოს ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსება $12,8 მილიონით, რაც ეხმარება ქალაქს მოიპოვოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება; $114 მილიონი Hotel Gloria-ს რემონტისათვის, – ეს არის 1922 წელს აშენებული სასტუმრო, რიოს არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, სადაც მან ფეშენებელური რესტორანი Mr. Lam გახსნა. ბატისტას განცხადებას, რომ მისი მიზანია მსოფლიოს ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი გახდეს, კონკრეტული ნაბიჯებიც მოსდევს. შარშან მან ქველმოქმედებაზე $35 მილიონი დახარჯა; ასევე პირობა დადო, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში სამი ეროვნული პარკის ბუნების შენარჩუნებისათვის $5 მილიონს გაიღებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *