დიდი ოცეულის ქვეყნებმა $11 ტრილიონი გამოყვეს პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად. ინფორმაცია საუდის არაბეთში დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე გავრცელდა.
“დიდი ოცეულის წევრებმა მიიღეს დაუყოვნებლივი და განსაკუთრებული ზომები პანდემიის გავლენებზე საპასუხოდ, მათ შორის ფისკალური, მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის ნაბიჯების გადასადგმელად“, – აღნიშნულია სამიტის ფარგგლებში გავრცელებულ პრესრელიზში.
შედარებისთვის, მობილიზებული თანხა ორჯერ მეტია იაპონიის მშპ-სთან შედარებით. გარდა ამისა, დიდი ოცეულის ქვეყნებმა ასევე ჯამურად $21 მილიარდი დახარჯეს პანდემიის საპასუხოდ და ეკონომიკების გასაძლიერებლად.
შეგახსენებთ, დიდი ოცეულის სამიტი საუდის არაბეთში ძირითადად ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მთავარი განსახილველი საკითხი გლობალური ეკონომიკის აღდგენა და ზრდის უზრუნველყოფაა.
“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უფრო ძლიერი და მდგრადი აღდგენა შევძლოთ, უფრო მეტი სოციალური და ეკონომიკური ჩართულობით“, – განაცხადა საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მუჰამედ ალ-ჯადაანმა, რომელიც 21-22 ნოემბრის სამიტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.
აღსანიშნავია, რომ დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები მსოფლიოს ეკონომიკის 80%-ს წარმოადგენენ. ასევე ოცეულის ქვეყნებზე მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი მოდის. დიდი ოცეულის ქვეყნებია არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, კორეა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი.
დატოვე კომენტარი