დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს შორის ისტორიული შეთანხმება მიღწეულია – რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ G7 ახალ სანქციას მიიღებს, რომელიც რუსული წარმოშობის ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს.
აღნიშნული სანქციის ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შემზღუდავი ზომების ზუსტ პირობებზე ერთსულოვნად შეთანხმდნენ. სავარაუდოდ, ფასების ლიმიტი EU-ს სანქციების მორიგ პაკეტთან ერთად ამოქმედდება, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია კი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ.
ხაზგასასმელია, რომ G7-ის ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურმა კრემლმა მუქარა გაავრცელა, კერძოდ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს მოსკოვი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს.
სანქციის ზუსტი პირობები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასის ზღვარი ბირჟაზე ბარელი ბრენტის ღირებულების 60-70%-ის დიაპაზონში განისაზღვრება. სახელმწიფოებს შეეზღუდებათ რუსულ ნავთობში განსაზღვრულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა, ხოლო რუსეთს მასზე უფრო ძვირად ნავთობის გაყიდვა.
კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ინიციატივა წინააღმდეგობაშია საბაზრო პრინციპებთან, რის გამოც რუსეთის ფედერაცია თანამშრომლობას შეწყვეტს ყველა იმ კომპანიასა და აქტორთან, რომელიც ფასების ლიმიტს აამოქმედებს.
პროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლებს, საერთაშორისო ბირჟას კი საჭირო მოცულობით ნავთობის მიწოდება შეუნარჩუნებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგოკრიზისის შემსუბუქებას გამოიწვევს.
ზემოხსენებულ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი, რომელიც ლიმიტის დაწესებას რუსეთის ფედერაციის შემოსავლებისა და კრემლის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და რეალისტურ სტრატეგიად მიიჩნევს.
პროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და ნავთობს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდის, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა. ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.
დატოვე კომენტარი