ბოლო 2 წელიწადში ზედიზედ მოხსნილი 10 წლის რეკორდი, მაშინ როცა გარეთ პანდემიაა, კომპანიაში კი – მნიშვნელოვანი ცვლილებები. საერთაშორისო პარტნიორების ზრდასა და უპრეცედენტო დაფინანსების მოზიდვას კომპანიაში „ნიკოლოზ მეძმარიაშვილის შედეგს“ უწოდებენ.
2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდის რეცესიასთან შედარებით (-13.2%), საქართველოს ეკონომიკა 29.9%- ით გაიზარდა. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს სამშენებლო სექტორს, სადაც ზრდა 34%–ია. ეს ის სექტორია, რომელსაც ერთ–ერთ პირველს შეეხო მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები და მის მხარდასაჭერად 400 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2021 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ამ სექტორში გაზრდილია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ისე მათი საშუალო თვიური ანაზღაურებაც.
არსებული ტენდენციების შესაფასებლად ავარჩიეთ კომპანია, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზეა როგორც ტექნოლოგიურად, ისე სტრუქტურულად, იდეურად და ბრენდის განვითარების მიმართულებით.
კომპანიამ, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, 2009 წელს, ომისა და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში, როდესაც დეველოპერების მიმართ ქვეყანაში ნდობა სრულად დაკარგული იყო, ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან განახორციელა პარტნიორობა, როგორიცაა FMO და IFC. მათ მიერ დაფინანსებული პროექტებით მომხმარებელს დასრულებული რემონტიანი ბინები შესთავაზა და სწრაფად მოიპოვა როგორც მომხმარებლების ნდობა, ისე სექტორის ლიდერის რეპუტაციაც.
ეს m²-ია, რომელსაც 2019 წლიდან ნიკოლოზ მეძმარიაშვილი მართავს.
ნიკოლოზ მეძმარიაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ავსტრიაში ცხოვრობდა და საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებით მუშაობდა. 2012 წელს საქართველოში დაბრუნებულმა არაერთი ბიზნესისა თუ მსხვილი გარიგების მართვაში გამოიყენა თავისი გამოცდილება – მაგალითისთვის, მისი მონაწილეობითა და ძალისხმევით დაიხურა $150-მილიონიანი, ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე.
2019 წლის გაზაფხულზე m²-ისგან მიღებულ შეთავაზებას დათანხმდა და სამი თვის შემდეგ დიდი სტრუქტურული ცვლილებების შუაგულში აღმოჩნდა, ამავე წლის ოქტომბერში კი კომპანიის მართვა გადაიბარა.
სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის არსებული საბინაო ფონდის 37% გაიყიდა, რაც 1200 ბინაა. 2021 წლის ივნისის ბოლოსთვის კი ამ მაჩვენებელმა უკვე 53%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შედეგის გაუმჯობესების მოლოდინს ქმნის.
ნიკოლოზის დირექტორობის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი m²–ის საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი. ZGF-ი – ეს ის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც m²–ს უბნური განვითარების დაგეგმარებაში ეხმარება; მათი პროექტების ხარისხს კი საერთაშორისო საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია ILF ამოწმებს და მშენებლობის პროცესში ზედამხედველობას უწევს.
და, რაც მთავარია, m² პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც დეველოპერული პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) დაფინანსება მოიპოვა.
სწორედ ამ სიახლეებისა და თავად ნიკოლოზ მეძმარიაშვილის ჩვენთვის ახალი სტატუსის გამო, ის Forbes Georgia-ს ინტერვიუსთვის ჩავწერეთ.
თქვენი დირექტორობა m²–ის ისტორიაში ახალ ეტაპს დაემთხვა. რას გულისხმობს ეს ახალი ეტაპი უფრო დეტალურად?
2019 წელი ის ეტაპი იყო m³–ისთვის, როცა კომპანიაში ახალი უბნის კონცეფციის m³ საბურთალოს გენერალური გეგმა დამტკიცდა, ნებართვები მივიღეთ და პროექტის განხორციელება დაიწყო. გეთანხმებით, ეს მართლაც ახალი ეტაპი აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის. მასშტაბზე რომ წარმოდგენა შეგიქმნათ: თუკი m²–მა 2020 წლამდე დაახლოებით 300,000 კვადრატული მეტრი ააშენა და დაახლოებით 3000 მობინადრე შეიძინა, ამ ახალი პროექტის დაწყებით, მხოლოდ m³ საბურთალოს უბანში 2800- ზე მეტი ოჯახი დაგვემატება, რაც 380,000 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. მასშტაბთან ერთად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო 4 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე, 4000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული პარკი და მწვანე ეზოები, რაც ამ უბანს გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის.
მაგრამ ამას ემატება სხვა პროექტებიც – ასეა?
დიახ. ამას თუ დავუმატებთ ჩვენს სხვა პროექტებს, ჯამში 7200 ახალი ოჯახი შემოგვემატება. ყველა მიმდინარე პროექტი კი 780,000 კვადრატული მეტრის განაშენიანებას მოიცავს.
დავიწყოთ გუნდის მართვით – რა არის აქ ნიკოლოზ მეძმარიაშვილის ხელწერა და მიდგომა? პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს გუნდში მუშაობენ, საკუთარი სფეროს ლიდერები არიან, შესაბამისად, ისინი თვითმართვადი ადამიანები არიან და მართვის სტილიც ჰორიზონტალურია და არა – ვერტიკალური. მიმაჩნია, რომ ჩემი მიზანი ჩვენი გუნდის წევრების მაქსიმალური რეალიზება და გაძლიერებაა იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგები დაიდოს.
მომხმარებლებთან კომუნიკაცია – აქ თუ იცვლება კომპანიის მიდგომები?
ფაქტია, როცა წელიწადში 300-400 ახალი მომხმარებელი გყავს, უფრო ადვილად შეგიძლია მისწვდე თითოეულ მათგანს, თუმცა როდესაც თვეში 100 ახალი მომხმარებელი გემატება და, ამავდროულად, 3000 არსებულ მობინადრეს ემსახურები, მაშინ ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია და სისტემური მიდგომა ხდება პრიორიტეტული. ჩვენ მუდმივად ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, გვაქვს კომუნიკაცია კლიენტებთან მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიკაციისთვის. ასევე ვცდილობთ, ინდივიდუალური მიდგომა შევინარჩუნოთ, რომ მათთან ემოციური კავშირი გვქონდეს.
„m² პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც დეველოპერული პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) დაფინანსება მოიპოვა“.
თქვენი დირექტორობის ერთი წელი პანდემიის ყველაზე მწვავე ფაზასაც დაემთხვა. ამიტომ საინტერესოა, რა სიგნალები მიიღეთ ბაზრიდან ისეთი, რამაც ასე გაგიზარდათ მოტივაცია?
ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ უძრავი ქონების ბაზარზე, ვინაიდან ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, არამედ ვქმნით ახალი ცხოვრების სტილსა და ვკარნახობთ ბაზარს, რა არის შემდეგი. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც, მაგალითად, 2010 წელს ბაზარს გარემონტებული ბინები შევთავაზეთ. ასევე ნოვატორები ვიყავით ენერგოეფექტიანი ბინების მშენებლობასა და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაში. ჩვენი კორპუსები შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეა ადაპტირებული. ჩვენი კლიენტები ჩვენი მოვლა-პატრონობის სერვისით 24 საათის განმავლობაში სარგებლობენ, რასაც მათთვის დაცვა, უსაფრთხოება და სრული კომფორტი მოაქვს. დღეს დეველოპერულ კომპანიებს კანონით მოეთხოვებათ ის რეგულაციები, რომელთა დაცვითაც ჩვენ უკვე 10 წლის წინ ვაშენებდით. როცა სიახლის დრო მოვიდა, დავსხედით და ვიმსჯელეთ, ჩვენ გვინდოდა გადასვლა ახალ ეტაპზე, გვინდოდა კიდევ უფრო მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასე შევქმენით უბნური კომპლექსების განვითარების კონცეფცია, დავიწყეთ m³ საბურთალოს პროექტი. ამით აღნიშნული პროექტი გადავიყვანეთ სხვა განზომილებაში, ჩვენ ვყიდით სივრცეს და არა – კვადრატულ მეტრს, ვყიდით სამ განზომილებას.
m³-ზე მოთხოვნა არის?
მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
არსებულ მოთხოვნას უპასუხეთ თუ ის შექმენით?
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში თითო ბინაში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ევროპის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია, შესაბამისად, საქართველოში ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია მოთხოვნა. m²-ის უპირატესობა არის ინოვაციური მიდგომები, რაც თავისთავად ქმნის მოთხოვნას. როდესაც ამხელა უბნურ განვითარებას აკეთებ და ახალ მიზიდულობის ცენტრს ქმნი, მაშინ მოთხოვნა ინაცვლებს მიზიდულობის ცენტრისკენ და ჩვენ მიერ შექმნილი მოთხოვნის გარშემო სხვა განაშენიანებაც ვითარდება.
და რასაც აკეთებთ, შემდეგ ტრენდი ხდება?
დიახ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ტენდენციები ბაზარზე, დავნერგოთ სიახლეები, რა თქმა უნდა, სხვები ამას იმეორებენ – ჩვენ ვაშენებთ უბანს, ვყიდით ბინას დასრულებული რემონტით, ვაშენებთ ენერგოეფექტიან შენობებს, ეს ყველაფერი ჩვენ შემოვიღეთ და ტრენდად იქცა.
ინოვაციები კარგია, მაგრამ რისკიანიცაა – საერთაშორისო ექსპერტიზას იყენებთ?
m³–ის მაგალითზე გეტყვით. ეს პროექტი ამერიკული კომპანია ZGF-ის არქიტექტორების მიერ დაგეგმარდა. ეს ჯგუფი გლობალურად ურბანისტული კონკურსების ლიდერია და ურბანული განვითარების კომპანიების ტოპ-სამეულში შედის მსოფლიო მასშტაბით. ამ პროექტს აქვს უბნისთვის საჭირო ყველა ზონა, ყველა სტანდარტი დაცულია და მაქსიმალურად გათვალისწინებულია ცხოვრებისთვის. ასევე, ჩვენს პროექტებს ამოწმებს, სტანდარტებს ნერგავს, ტრენინგებს გვიტარებს და ტექნიკურ საკითხებში კონსულტაციას გვიწევს მსოფლიო რეიტინგის 10-ეულში შემავალი საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია ILF.
პანდემიას კორექტივი არ შეაქვს თქვენს გეგმებში?
როცა პანდემია დაიწყო – 2020 წლის მარტში და ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ დავფიქრდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. პირველ რიგში, გადავწყვიტეთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვა – არ გვინდოდა, მხოლოდ ექიმებისთვის დაგვეტოვებინა ეს ბრძოლა და ჩვენ განზე გავმდგარიყავით. ბაზარს შევთავაზეთ სხვადასხვა აქცია. მაგალითად, ბინები შეღავათიან ფასად შევთავაზეთ მომხმარებლებს და ამით საშუალება მივეცით, მონაწილეობა მიეღოთ ექიმების მხარდაჭერაში. ბინების გაყიდვიდან შემოსული თანხა დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC) გადავურიცხეთ. კომპანიაში დავიწყეთ ვაქცინაციის აქტიური აგიტაცია, რის შედეგადაც თანამშრომლების უდიდესი ნაწილი დღეს უკვე ვაქცინირებულია. პარალელურად IT სისტემები ისე გადავაწყვეთ, რომ დისტანციურ გაყიდვებზე სწრაფად გადავსულიყავით. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი პროცესი, მაგრამ ჩვენ ეს სამ დღეში შევძელით. მარტის ბოლო კვირიდან უკვე გამართულად და ადაპტირებულად ვმუშაობდით. აპრილში 120 ბინა გავყიდეთ – ეს რიცხვი პანდემიის პირობებისთვის ძალიან მაღალი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, m²-ს ენდო ჩვენი მომხმარებელი. ჩვენმა გაყიდვება მიგვანიშნა, რომ ბაზარი გადაეწყო და არც მოთხოვნა იყო გამქრალი.
ბოლო პერიოდში მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი პატარა ზომის ბინებზე, რასაც მყიდველი საინვესტიციო მნიშვნელობას ანიჭებდა. ეს ტრენდი შენარჩუნდა?
დიახ, პატარა ზომის ბინებზე მოთხოვნა შენარჩუნდა, პატარა ბინები კარგია საინვესტიციოდ. მთლიანი ბინის ფასი დაბალი გამოდის და კარგად ქირავდება.
ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, ასევე ახალგაზრდები, ემიგრანტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან და სურთ, აქ შეიძინონ ბინა. ამასთან, როგორც იცით, ჩვენ არსად მივდივართ, მოვლა–პატრონობის ნაწილში ვრჩებით, შესაბამისად, ჩვენი ოფისი და წარმომადგენელი მუდმივად კომპლექსის ტერიტორიაზეა და მზად არის მხარდაჭერისათვის. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც საკუთარ ბინას, როგორც საინვესტიციო პროექტს, ისე უყურებს. m²–ის ბინები ძალიან ადვილად ქირავდება.
გამოდის, საინვესტიციო ციკლი იმით არ სრულდება, რომ ბინა გაიყიდა.
ზუსტად. არ ვიკარგებით, იქ ვართ, ვიღებთ პასუხისმგებლობას. ასე ზრუნავს ეს კომპანია თავის მობინადრეებზე, რაც კლიენტების მხრიდან სანდოობის ზრდას იწვევს. ჩვენი კლიენტები ჩვენს ახალ პროექტებში იძენენ ბინას, რაც მათი კმაყოფილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
როგორ ბაზარზე გიწევთ დღეს მუშაობა?
დღეს ბაზარი ბევრად კონკურენტულია, ბევრად მეტი მოთამაშეა – ჩვენს კომპანიასაც და სხვებსაც ალბათ ბევრად მეტი ძალისხმევა უწევთ წარმატების მისაღწევად. 2024 წლამდე 780,000 კვადრატული მეტრის ექსპლუატაციაში მიღებას ვაპირებთ, რაც ცოტა არ არის.
პანდემიის პერიოდში ამ ბაზარმა სუბსიდია მიიღო. ერთი ახსნა იყო ის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინებზე ფასები შემცირდებოდა. ჩვეულებრივ მომხმარებელს და გადასახადების გადამხდელს უჩნდება კითხვა – რა შავდება ამით?
პანდემიის დასაწყისში ნამდვილად იყო ფასების ვარდნის რისკი. ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომლებიც შემჭიდროებული მარჟებით მუშაობენ. ფასის შემდგომ ვარდნას შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა – დაახლოებით ისე, როგორც ეს წლების წინ მოხდა. ბევრ მცირე კომპანიას, რომელთაც არა აქვთ 1 ან 2 წლით ბიზნესის შენახვის რესურსი, გაკოტრების რეალური რისკი ჰქონდა. ჩვენს ბიზნესში რესურსი ამოწურვადია: კონკრეტული კვადრატული მეტრია და იმაზე დაბალ ფასად თუ გაყიდი, ვიდრე დაგეგმილი გქონდა, რომელიმე ეტაპზე ფული აუცილებლად დაგაკლდება. სუბსიდირების პროგრამამ – მას სტიმულირების პაკეტი ერქვა – ბაზარი მართლაც დაასტიმულირა. თავიდან მცირე ვარდნა იყო – დაახლოებით 10%–იანი, მაგრამ ეტაპობრივად ფასები დაუბრუნდა საწყის ნიშნულს, ზოგ შემთხვევაში მოიმატა კიდეც. ვისაც აინტერესებს, რატომ იყო სტიმულირების გეგმა მნიშვნელოვანი, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ დეველოპერული ბიზნესი გაჩერდება, გაჩერდება ავეჯის ყველა მწარმოებელი და შემომტანი, სამშენებლო და სარემონტო მასალის ყველა მწარმოებელი და შემომტანი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემომტანი და უამრავი მომიჯნავე ბიზნესი, რომელთა პროდუქცია არავის დასჭირდება, თუ ჩვენ ბინას არ ავაშენებთ. ამ პროექტმა, ჩემი აზრით, გადაარჩინა არა მხოლოდ დეველოპერები, არამედ ჩვენი გავლით ძალიან ბევრი სხვა ბიზნესი.
„პანდემიის დასაწყისში ნამდვილად იყო ფასების ვარდნის რისკი. ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომლებიც შემჭიდროებული მარჟებით მუშაობენ. ფასის შემდგომ ვარდნას შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა – დაახლოებით ისე, როგორც ეს წლების წინ მოხდა“.
ბიზნესს კორპორაციული პასუხისმგებლობაც აქვს – ეს ტერმინი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის და „ფორბსის“ ფოკუსშიც ხშირად ექცევა. თქვენც გკითხავთ – რა სტრატეგიას ირჩევთ ამ მიმართულებით?
სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია. მას ვახორციელებთ ორგანიზაციის შიგნით პოლიტიკის დონეზე და მის გარეთაც, აქტიურად. მაგალითისთვის, ქალთა გაძლიერება ჩვენთან მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებში ქალები კაცებზე მეტნი არიან და ისინი წამყვან პოზიციებს იკავებენ ისეთ სფეროებშიც კი, სადაც შესაძლოა ქალთა ჩართულობას არც კი ელოდებით, მაგალითად, IT-ის, გაყიდვების, HR, ბრენდის განვითარების, სამთავრობო და კრიზისის მართვის, სანებართვო, ქონების მოვლა-პატრონობის, კლიენტებთან ურთიერთობისა და სხვა მიმართულებებში. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამას გარდა, ჩვენ ვაფინანსებთ განათლებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და გარემოს დაცვით პროექტებს.
ცალკე მინდა აღვნიშნო მთაწმინდის ფერდის აღდგენა-ტყედ ქცევის პროექტი, რომელიც, ექსპერტების მაქსიმალური ჩართულობით, თითოეულ ნერგზე და მთელ პროექტზე 3-წლიანი მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობით განხორციელდა.
780, 000 კვადრატული მეტრის გეოგრაფია როგორია?
ნუცუბიძე – საბურთალოზე, ჭყონდიდელი – ნაძალადევის რაიონში, მირცხულავას ქუჩა – დიდუბეში და m³ საბურთალოს ახალი უბნის კონცეფცია – საბურთალოზე.
ძირითადი ინფრასტრუქტურა გეწევათ?
ჩვენ სადაც ვაშენებთ, იქ პრობლემა ამ კუთხით არ გვაქვს.
ნებართვები, ბიუროკრატია – აქ როგორია თქვენი გამოცდილება?
m²–ის განვითარების ისტორიას თუ შევხედავთ, იყო მარტივი დრო და იყო რთული. 2019 წლიდან, რაც მე ვარ ამ კომპანიაში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მერია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მწვანე საფარს და, ზოგადად, ქალაქში სიმწვანეს, ასევე – სახანძრო უსაფრთხოებასა და ხარისხიან მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ მშენებლობის ახალი კოდექსი მიიღო და უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნები გაიზარდა, ჩვენ ეს არ შეგვხებია, რადგან ისედაც ასეთი სტანდარტებით ვაშენებდით. ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ცვლილებებს, რომლებიც დარგის განვითარებასა და ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს.
ანუ ევროკავშირთან ჰარმონიზება ამ ნაწილში თქვენთვის შესაძლებლობაა და არა – გამოწვევა?
დიახ. რა თქმა უნდა. ჩვენ პირველივე პროექტიდან მივსდევდით ამ სტანდარტებს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაზარზე მსგავსი სტანდარტები არ არსებობდა. ამ სტანდარტების დაუცველობის გამო ზოგიერთ კომპანიას ჰქონდა ბინების დაბალ ფასად გაყიდვის საშუალება, რაც კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებდა მათ. დღეს კი ცვლილებებით ეს ვითარება ბალანსდება.
ინოვაციურობის, ტექნოლოგიური ნოუ–ჰაუს თვალსაზრისით რა ეტაპზეა დღეს ბაზარი?
ბაზარი ჯერ ამ კუთხით დიდად განვითარებული არ არის. გრძელ ვადაში ევროკავშირთან ჰარმონიზება ამ შემთხვევაშიც სასარგებლო მგონია – კონკურენციაც უფრო თანაბარი იქნება, მომხმარებელი კი, საბოლოო ჯამში, ხარისხიან პროდუქტს მიიღებს. ჩვენ m³ საბურთალოს პროექტის დაგეგმვის დროს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბინების დაგეგმვა და სივრცეების განაწილება. არიან ადამიანები, რომლებიც მცირე ზომის ბინებს ანიჭებენ უპირატესობას. m³ საბურთალოს პროექტში მათთვის საერთო სივრცე იქნება, სადაც შეძლებენ მუშაობას, სტუმრების მიღებას. სპეციალური ზონები მოეწყობა ბავშვებისთვის, ცხოველებისთვის. ამ პროექტში ყველაზე კარგად გამოჩნდება ჩვენი ინოვაციურობა.
გისმენთ და ეს ყველასთვის არ არის. საშუალო და მაღალ ფენაზეა ძირითადად გათვლილი – ასეთი კი საქართველოში ძალიან ცოტაა, ამ მხრივაც ადვილად ამოწურვადი მგონია რესურსი. თან თუ ამას დავუმატებთ ევროკავშირის სტანდარტებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ამ სეგმენტში მნიშვნელოვანი კონკურენციაა?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ m³ საბურთალოს პროექტში კონკურენტი არ გვყავს. თუმცა, ცხადია, პირველ ნაბიჯს რომ გადადგამ, ვიღაც მოგყვება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველები ჩვენ ვიყოთ. ჩვენ შევქმნათ ახალი მოთხოვნა, ახალი ბაზარი, მაგრამ უბნურ განვითარებასთან ერთად, ჩვენ ჩვენს სტანდარტულ პროდუქტს ვინარჩუნებთ და თანამიმდევრულად ვავითარებთ.
ერთია ის პრობლემები, რაც ამ ბაზრის მახასიათებელია მხოლოდ, მეორეა უფრო გლობალური გამოწვევები. მაგალითად, მიწოდების ჯაჭვის რღვევამ, მთელ მსოფლიოში, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ფასების ზრდა გამოიწვია. ინფლაცია თქვენი სექტორისთვისაც დარტყმაა?
ინფლაცია დღეს ყველა სექტორისთვის დარტყმაა. ჯაჭვის წყვეტაც და მსოფლიოში არსებული პანდემიაც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ბაზარზე – ძვირდება მასალები, ტრანსპორტირება, 4/5–ჯერ გაზრდილია ფასები გლობალურად. დიდ კომპანიებს ეს რისკები მეტ–ნაკლებად გადაზღვეული გვაქვს.
დღეს შემცირებულია პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სექტორისთვის უკვე დადგა პოსტპანდემიური პერიოდი?
ჯერ ვერ ვიტყვი, რომ პოსტპანდემიური პერიოდია. არ ვიცით, რეალურად როდის დასრულდება და რა შედეგები ექნება, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. ჩვენ მოვერგეთ გარემოს, მნიშვნელოვნად გადავეწყვეთ და სისტემურად გავიმართეთ, და, რაც მთავარია, ხარისხი შევინარჩუნეთ – რასაც დავპირდით ჩვენს მომხმარებლებს, იმას ვასრულებთ.
დატოვე კომენტარი