„ლიბერთიში“ 2021 დიდი ცვლილებების წელი იყო. ბანკმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა, ტრანსფორმირდა და პროდუქტები და შეთავაზებები გაამრავალფეროვნა. ბოლო მნიშვნელოვანი სიახლე ახალი მენეჯმენტისგან ‘ახალი’ საკრედიტო ბარათის წარდგენა იყო, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. დიდი ცვლილებები „ლიბერთის“ ფინანსურ მაჩვენებლებზეც დიდად აისახა, თუმცა პროცესი მარტივი არ ყოფილა. Forbes Georgia-მ „ლიბერთის“ წლის შედეგები ფინანსურ დირექტორ ვატო ბაბუნაშვილთან ინტერვიუში შეაჯამა.
თქვენ „ლიბერთის“ ფინანსური დირექტორის პოსტი მიმდინარე წლის იანვარში დაიკავეთ. შეგვიჯამეთ შედეგები…
2021 წელი, მიუხედავად გამოწვევებისა, „ლიბერთისთვის“ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ბოლო მონაცემებით, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მათ შორის – ფინანსური მაჩვენებლებიც. მიმდინარე წელს ტოპ-მენეჯმენტის ახალი გუნდის ჩამოყალიბება შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვმუშაობდით და ერთმანეთი თითქმის ონლაინრეჟიმში გავიცანით, გუნდი მაინც კარგად შეიკრა. ახალმა შემადგენლობამ კი ახალი სტრატეგია ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი მიმართულება პორტფელის დივერსიფიკაცია და ახალ სეგმენტებში შესვლა იყო. ამ გეგმის განხორციელებაც დავიწყეთ და შედეგად შევედით მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, ასევე უფრო გავაქტიურდით საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებაში. გარდა ამისა, ბანკმა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული დაბრკოლებები წარმატებით დაძლია. ჩვენ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მუდმივად შენარჩუნება შევძელით.
ახლა, როცა პორტფელის დივერსიფიკაცია დაიწყეთ, როგორ ნაწილდება „ლიბერთის“ სასესხო პორტფელი სექტორების და ასევე ვალუტების მიხედვით? რა შეიცვალა ამ კუთხით ბანკის ტრანსფორმაციის შედეგად?
„ლიბერთი“ ბაზარზე განსხვავებული მოთამაშეა. თუ მსხვილი ბანკების უმრავლესობაში, და მთლიანად ბაზარზე, პორტფელის აქტივების დოლარიზაციის დონე 70%-ია, ჩვენთან პირიქით – დოლარიზაციის დონე არის 30%-ზე დაბალი, ეს გარკვეულწილად „ლიბერთისთვის“ უპირატესობაა, ვინაიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბანკი სავალუტო შოკების მიმართ უფრო მდგრადია და ამ პერიოდებს შედარებით მსუბუქად გადის. ამ დონის შენარჩუნებას მომავალშიც ვაპირებთ, რათა ბანკი უფრო სტაბილურად განვითარდეს.
რაც შეეხება სეგმენტაციას, სტრატეგიიდან გამომდინარე, კონცენტრირება მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესებსა და საცალო სეგმენტზე მოვახდინეთ. მხოლოდ 2020-ში ეს მიმართულება 55%-ით გაიზარდა. წელს კი, პირველი ცხრა თვის მონაცემით, 36%-იანი ზრდა გვაქვს. მთლიან პორტფელში მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულებას ამჟამად 35%-მდე უკავია, და ტენდენციაც პოზიტიურია. ფიზიკური პირების მომსახურების მიმართულებით წინ ბევრი ახალი პროდუქტი და შეთავაზება წამოვწიეთ, მათ შორის – სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები. მთავარი მიზანი – პორტფელის დივერსიფიკაცია – ხარისხიანად და წარმატებით განვახორციელეთ.
„ლიბერთი“ სექტემბრიდან ამოქმედებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალ პროგრამაშიც ჩაერთო. რა ტრენდებმა იჩინა თავი ამ პერიოდში?
იპოთეკურმა სესხებმა ბაზარზე საინტერესო ტრენდი აჩვენა. მაშინ, როდესაც ყველაზე ძლიერი „ლოკდაუნი“ იყო, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამაზე დადებითი ეფექტი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებმა იქონია, როგორც პირველმა, ასევე მეორემ, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდა. „ლიბერთისთვის“ იპოთეკური სესხები შედარებით ახალი მიმართულებაა, ჩვენი არსებული მომხმარებლის ბაზიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ძირითადად მცირე და საშუალო ზომის სესხები გვაქვს გაცემული – მეტწილად ლარის სესხები. ვფიქრობთ, რომ, სუბსიდირებასთან ერთად, უშუალოდ „ლიბერთისგან“ მომხმარებელს ამ კუთხით ექსკლუზიურად დახვეწილი პროდუქტი შევთავაზოთ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციულ ბანკებში უმოქმედო ბიზნესსესხები მცირდება. ამ დროისთვის ყველაზე ცოტა უმოქმედო სესხი ლარშია, რაც ბიზნესსესხების პორტფელის 5%-ს შეადგენს, დოლარში კი შესაბამისი წილი 10%-ია. რა პროპორციაა უშუალოდ „ლიბერთიში“, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი პორტფელის ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის?
გარკვეული ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ეს ტენდენცია საკმაოდ სტაბილურია. რაც შეეხება „ლიბერთის“, ლარში უმოქმედო ბიზნესსესხების წილი შედარებით დაბალია. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, დოლარიზაციის ყველაზე დაბალი დონე გვაქვს. საერთო საბანკო მაჩვენებელთან შედარებით, „ლიბერთის“ უმოქმედო ბიზნესსესხების კუთხით უკეთესი მაჩვენებელი აქვს, რადგან ძირითადად ლარში გაცემულ სესხებზე ვართ კონცენტრირებული. მართალია, „ლიბერთის“ მსხვილი ბიზნესსესხებიც აქვს, მაგრამ ძირითადად მაინც მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულებაზე ვაკეთებთ აქცენტს. საერთო ჯამში, თუ ლარში უმოქმედო სესხების მაჩვენებელი „ლიბერთისთვის“ 5%-ია, ცალკე აღებული მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესების შემთხვევაში 4%-ია. ეს რით არის გამოწვეული? იმით, რომ ჩვენ კლიენტებთან ძალიან ახლოს ვმუშაობთ. ჩვენ ყველაზე ფართო დაფარვის ქსელი გვაქვს, ფიზიკურად მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი ვართ და ზუსტად ვიცით, მომხმარებლის საჭიროება რა არის. მათთვის კრედიტის მიწოდების შემდეგ ხარისხიანი მონიტორინგის სისტემა გვაქვს, რათა ვნახოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი მომხმარებელი და მათ საჭიროებას დროულად ვუპასუხოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთან უმოქმედო სესხების კონტროლი და მათზე რეაგირება უფრო ეფექტიანად ხორციელდება.
საქართველოში საფინანსო სექტორის ზრდა ეკონომიკურ ზრდას უსწრებს. ეს რის მაჩვენებელია?
2021-ში ქვეყანას კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს ზრდა საკმაოდ ჯანსაღია. ზრდის მაჩვენებლები თითქმის ყველა სექტორზე თანაბრადაა გადანაწილებული. კერძოდ, როგორც საბანკო, ასევე ვაჭრობა, ტურიზმი, მშენებლობის სექტორი გამოცოცხლდა, რაც დამაიმედებელია. შედეგად, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ასევე ეროვნული ბანკი იზიარებს მოსაზრებას, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება – მსგავსი მაჩვენებელი დიდი ხანია, საქართველოში არ დაფიქსირებულა. ეს კარგია. როდესაც ეკონომიკა ძლიერი შოკის შემდეგ რესტარტს აკეთებს, ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნა იზრდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 11 მსხვილი ბანკის რეალური ზრდის მაჩვენებელი თითქმის 14% იყო. თუ ეკონომიკის ზრდა 10% ან მეტი გვექნება, საბანკო სექტორიც კიდევ რამდენიმე პროცენტით წინ წაიწევს.
მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ განვითარებადი ეკონომიკა, რომლის შემთხვევაშიც საბანკო სექტორი მშპ-ის ფორმირებაში ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობს. ფინანსური რესურსის გადანაწილება, რომელიც არის სისხლი ეკონომიკაში, მნიშვნელოვანია. ამიტომაც მოლოდინი გვაქვს, რომ გადანაწილებული ფინანსური რესურსები იქნება კატალიზატორი, რომელიც სხვადასხვა სექტორს უფრო სწრაფად გაზრდის და, უახლოეს მომავალში, მთლიან საკრედიტო პორტფელსა და მშპ-ს შორის თანაფარდობა სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება.
რა გამოწვევებს ქმნის ეს ტენდენცია ფინანსური ინსტიტუტებისთვის?
ფინანსური სექტორისთვის ამ ვითარებაში გამოწვევა არის სტაბილური დაკრედიტება. მეორე არის ლარის სტაბილურობა, რაც ფინანსურ სექტორსაც ურტყამს ხოლმე და, რა თქმა უნდა, ინფლაციის დონე, რაც გაცვლით კურსზეც იმოქმედებს და მთლიანად ეკონომიკის სიჯანსაღეზეც.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მარტიდან ინფლაციის მკვეთრ შემცირებას პროგნოზირებს. თქვენი მოლოდინი როგორია?
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ინფლაციის დონე წარმოადგენს. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ძირითადი პროდუქტების მიწოდება შემცირდა, მიწოდების შემცირება და ფულის მასის ზრდა კი, რა თქმა უნდა, ინფლაციას იწვევს. საქართველოს შემთხვევაში წამყვანი ფაქტორი საერთაშორისო ფასების ზრდა, მიწოდების შემცირება და უცხოურ ვალუტებთან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურებაა. თუმცა, არის მოლოდინი, რომ 2022-ში ეს ყველაფერი დასტაბილურდება, შესაძლოა, ეს პროცესი იანვრიდანვე დაიწყოს, ყველაზე გვიან კი – გაზაფხულიდან. ამ მოლოდინს ეროვნული ბანკიც იზიარებს, და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების შემდეგ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად დასწევს.
მარტიდან მოყოლებული, რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 10%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, დაკრედიტების ტემპი მაინც იზრდება, და შესაბამისად – ფულის მასაც. თქვენი აზრით, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ კუთხით ეროვნული ბანკის მხრიდან?
ფულის მასასთან დაკავშირებით მე პირადად დიდ რისკებს ვერ ვხედავ. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ლარის კურსი ზაფხულის შემდეგ საკმაოდ დასტაბილურდა, ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ლარისთვის არც ისე ძლიერი სეზონი დგას, მაინც საკმაოდ სტაბილურ ნიშნულზეა. ეს დიდ კომფორტს ქმნის როგორც საფინანსო სექტორისთვის, ასევე სხვა სექტორებისა და მომხმარებლებისთვისაც. აქედან გამომდინარე, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა ლოგიკური ნაბიჯი იყო, რომელიც ინფლაციის საწინააღმდეგო ზომაა. თუმცა მომავალში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება, არ იქნება წნეხი ლარზე, ლოგიკურია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდეს. ბანკების მიერ მიწოდებულ ფინანსურ რესურსებში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს, პირიქით, აუცილებელია ეკონომიკისთვის.
საბანკო სექტორის მოგებიანობაზეც რომ ვისაუბროთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ბანკების წმინდა მოგების ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მესამე კვარტალში ისევ შემცირების ტენდენციაა. რა განაპირობებს ამ დინამიკას?
დიახ, მეორე კვარტალში ბანკებმა წინა კვარტალთან შედარებით რეკორდული წმინდა მოგება და კაპიტალზე უკუგება აჩვენეს. ამას ფინანსური ახსნა აქვს და ფინანსური ანგარიშგების წესებთანაა დაკავშირებული. 2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, საბანკო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ბანკს მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვების ხარჯის გატარება მოუწია, ვინაიდან მოსალოდნელი იყო „შოკი“. თუმცა, 2021-ში, როდესაც ეკონომიკური სცენარები გამოსწორდა, მოლოდინები დასტაბილურდა, მოგვეცა საშუალება, რომ მოსალოდნელი ზარალი, რომელიც არ მატერიალიზდა, უკან დაგვებრუნებინა. ეს დაემთხვა მეორე კვარტალს და მესამე კვარტალის ბოლოს. ეს იყო სწორედ ამის მიზეზიც. იგივე მოხდა „ლიბერთის“ შემთხვევაშიც. ასე რომ, თუ ამ ფაქტორით ბოლო კვარტალების შედეგების ნორმალიზებას მოვახდენთ, მივიღებთ, რომ საბანკო სექტორის მოგებიანობა სტაბილურად ვითარდება.
ბანკის პორტფელის დივერსიფიცირებისა და მთლიანად საბანკო ინსტიტუტის ტრანსფორმაციის პროცესის ფონზე, რა მაჩვენებლებით აპირებთ წლის დახურვას?
„ლიბერთის“ 2020 წელთან შედარებით უკეთესი შედეგები აქვს. გასულ წელს შედეგები 0-თან ახლოს გვქონდა, წელს მოგებიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გამოსწორდა. პირველი ცხრა თვის განმავლობაში მოგებამ 36 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წლის ბოლოს დაახლოებით 40 მლნ ლარამდე ზრდას ველოდებით. ამაზე „ლიბერთის“ საბანკო პროდუქტების დივერსიფიკაციამაც იმოქმედა, ვინაიდან ახალ სექტორებში შევედით, რამაც ბანკის სიჯანსაღეში დიდი წვლილი შეიტანა. ფინანსური ინსტიტუტებისთვის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოგებიანობის ზრდისთვის, არამედ სტაბილურობისა და მდგრადობისთვისაც.
რა მიზნები აქვს 2022 წელს საქართველოში სიდიდით მესამე ბანკ „ლიბერთის“?
ძირითადად ჩვენი მიზანი კვლავ პროდუქტებისა და შეთავაზებების გამდიდრებაა. ასევე, ჩვენი ყველა პროდუქტის გამყოლი ხაზი ხელმისაწვდომობა და სიმარტივე იქნება. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ფილიალებით ყველაზე დიდი დაფარვა გვაქვს, რაც დიდი უპირატესობაა, ვინაიდან ასე ჩვენს 1,7 მლნ მომხმარებელთან უფრო ახლოს ვართ. მომავალ წელს გეგმა გვაქვს, რომ მომსახურების ხარისხი მაქსიმალურად გავზარდოთ. ამისთვის დავიწყეთ არაერთი პროექტი, მათ შორისაა ლინ ტრანსფორმაციაც და გვჯერა, რომ ნებისმიერი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სასურველი და საინტერესო ფინანსური ინსტიტუტი გავხდებით.
დატოვე კომენტარი