იურული პერიოდით დათარიღებული, 150 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია შენახული, მომდევნო თვეს პარიზის აუქციონზე გაიყიდება. კამპტოზავრი, სახელად „ბარი“ 1990-იან წლებში აშშ-ის შტატ ვაიომინგში აღმოაჩინეს და 2000 წელს პალეონტოლოგმა ბარი ჯეიმსმა აღადგინა. დინოზავრის ჩონჩხს სახელიც სწორედ პალეონტოლოგის პატივსაცემად დაარქვეს.
კამპტოზავრის ჩონჩხი შარშან იტალიურმა ლაბორატორია Zoic-მა შეისყიდა და მას დამატებითი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარა. ჩონჩხის სიმაღლე – 2.1 მეტრი, ხოლო სიგრძე 5 მეტრია.
პარიზის სააუქციონო სახლის, Hotel Drouot-ის წარმომადგენლის, ალექსანდრ გიკუელოს განმარტებით, დინოზავრის ჩონჩხი კარგ მდგომარეობაშია, რაც იშვიათია. მაგალითად, დინოზავრის თავის ქალა 90%-ითაა შემონახული, მთლიანობაში კი ჩონჩხის 80% პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული.
სააუქციონო სახლის განმარტებით, ზოგადად სახელოვნებო ბაზარზე დინოზავრის ნიმუშები იშვიათია და წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი იყიდება.
საკითხთან დაახლოებული პირების პროგნოზით, დინოზავრის ჩონჩხის ღირებულებამ აუქციონზე შესაძლოა $1.28 მილიონს მიაღწიოს.