Disney 32 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

Walt Disney დროებით ან მუდმივად სამსახურიდან 32 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული თემატური პარკები და შემცირებული მომხმარებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

როგორც მოსალოდნელია, თანამშრომლების გაშვება სამსახურიდან 2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. როგორც  Walt Disney-ს პრესსპიკერმა განაცხადა, ამ დრომდე საუბარი იყო 28 000 თანამშრომლის გაშვებაზე, თუმცა, სამწუხაროდ ეს რიცხვი გაიზარდა.

შეგახსენებთ, Disney-ს თემატური პარკები როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც წლის პირველ ნახევარში დაიხურა პანდემიის და სრული ლოქდაუნების გამო. მოგვიანებით, მათი ნაწილი გაიხსნა, თუმცა, მაგალითად, პარიზის Disneyland-ის დახურვის გადაწყვეტილება მეორეჯერ მიიღეს გასულ თვეს, ვინაიდან საფრანგეთში, ისევე როგორც არაერთ ევროპულ ქვეყანაში, ლოქდაუნი კვლავ გამოცხადდა.

ამჟამად Disneyland-ის პარკები გახსნილია შანხაიში, ჰონგ-კონგსა და ტოკიოში.