ამერიკული მულტიმედიური გიგანტის, Disney-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბობ ჩაპეკი, რომელიც კომპანიამ გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით $20 მილიონს მიიღებს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ მარეგულირებლისადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ. 2022 წელს, ჯამში, ბობ ჩაპეკმა $44 მილიონი გამოიმუშავა – $20 მილიონი კომპენსაციის, $21.5 მილიონი ფასიანი ქაღალდებისა და ბონუსების, ხოლო $2.5 მილიონი ხელფასის სახით. 2021 წელს, Disney-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა $32.5 მილიონი გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ბობ ჩაპეკი Disney-მ ყველასათვის მოულოდნელად, გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლა. გლობალური მედია გიგანტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას ამერიკელი ორი მეტად რთული წლის განმავლობაში იკავებდა – მის მენეჯერობას პანდემია, სოციალურ-პოლიტიკური არეულობა და სტრიმინგ-სერვისების მიმართ მოთხოვნის მკვეთრი შემცირება დაემთხვა. საინტერესოა, რომ Disney-ის მიერ მარეგულირებლისადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში ბობ ჩაპეკის გათავისუფლების მიზეზები დეტალურადაა ახსნილი – როგორც ირკვევა, ჩაპეკი „აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობისთვის შესაფერისი ადამიანი აღარ იყო“.
შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბობ ჩაპეკი მისმა წინამორბედმა, Disney-ის ლეგენდარულმა აღმასრულებელმა, რობერტ აიგერმა ჩაანაცვლა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ერთადერთი საკადრო ცვლილება არ არის – გასულ კვირას, Disney-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ Nike-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე, მარკ პარკერი დაინიშნა, რომელმაც მრავალწლიანი სტაჟის მქონე დირექტორი, სუზან არნოლდი ჩაანაცვლა.
დღევანდელი მონაცემებით, Disney-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $180 მილიარდს აღემატება, თუმცა ბოლო დროს, ამ მაჩვენებლის კლება შეინიშნება – 2021 წლის 11 მარტის შემდეგ, როცა კომპანიის აქციების ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, Disney-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 50%-ით შემცირდა.
დატოვე კომენტარი