Walt Disney-ის სტრიმინგ-სერვისების გამომწერთა რაოდენობამ, უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 221 მილიონი ადამიანი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი კი ყველაზე პოპულარული სტრიმინგ-სერვისის Netflix-ის გამომწერთა რაოდენობას აჭარბებს. სიახლის გავრცელების შემდეგ, Disney-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 6.9%-ით გაიზარდა.
Walt Disney-ის განცხადებით, მომხმარებლებისათვის, რომელთაც Disney+ და Hulu პლატფორმებზე კონტენტის რეკლამების გარეშე ყურება სურთ, სერვისის საფასური გაიზრდება. კომპანია დეკემბრიდან რეკლამების გარეშე სერვისს 38%-ით, 10.99 აშშ დოლარამდე გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ Disney-ის კორპორაციამ საკუთარი სტრიმინგ-სერვისი ბაზარზე 2017 წელს, სწორედ Netflix-ისათვის კონკურენციის გასაწევად ჩაუშვა. კომპანიამ ხუთ წელიწადში ერთ დროს გიგანტი Netflix-ისთვის გადასწრებაც შეძლო. შეგახსენებთ, სტრიმინგ-სერვისების მიმწოდებელი კომპანიების წარმატების მაჩვენებელი სწორედ გამომწერთა რაოდენობით იზომება.
აღსანიშნავია, რომ Hulu-ს, ESPN+ -სა და Disney-ის გამომწერთა საერთო რაოდენობამ ივნისში 221.1 მილიონი ადამიანი შეადგინა. Netflix-ის მონაცემებით კი, მეორე კვარტალში კომპანიის სერვისის გამომწერთა რაოდენობა 220.7 მილიონი გახლდათ.
როგორც ჩანს, Disney ამ მაჩვენებელზე გაჩერებას არ აპირებს. სტრიმინგ-სერვისის გამომწერთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანია დეკემბრიდან რეკლამიანი კონტენტის ოფციას მომხმარებლებს 7.99 დოლარად შესთავაზებს. ცნობისათვის, ამ ფასად მომხმარებლები ამჟამად ურეკლამო კონტენტს ადევნებენ თვალს. თუმცა, დეკემბრიდან ფასები შეიცვლება. რაც შეეხება Hulu-ს – დეკემბრისთვის მისი ყოველთვიური გადასახადი 1-2 აშშ დოლარით გაიზრდება.
დატოვე კომენტარი