COVID-19-ის პანდემიამ შრომით ბაზარზე ძირეული ცვლილებები გამოიწია. დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანიებს სწრაფი რეაგირებისა და არაორდინარული გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგა. საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული იყო ახალ რეალობასთან შეგუება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმაც არსებულ რეალობას თვალი გაუსწორეს და მეტ-ნაკლები წარმატებით გადაერთნენ ახალ სამუშაო რელსებზე.
ISET–ის პოლიტიკის ინსტიტუტმა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის მაჩვენებელი რეგიონალურ ჭრილში განიხილა და სიურპრიზებმაც არ დააყოვნა. რეგიონებს შორის კოვიდრეალობას დისტანციურად დასაქმებულთა წილის მიხედვით ყველაზე ეფექტიანად იმერეთის რეგიონი მოერგო, სადაც დასაქმებულთა 9% დისტანციურ სამუშაო განაკვეთზე გადაერთო. დისტანციურად დასაქმებულთა წილის მიხედვით, მთლიან დასაქმებულებს შორის შემდეგ პოზიციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი იკავებს 7.6%–ით. მესამე ადგილზე კი დისტანციურად დასაქმებულთა 7.4%–ით თბილისია.
რაც შეეხება რეგიონებს, რომლებიც ყველაზე არაეფექტიანად მოერგნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმს, გასაკვირი არ არის, რომ მათ შორის ერთ–ერთი სამცხე-ჯავახეთია, სადაც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე დასაქმებულთა მხოლოდ 2.8% გადაერთო. მთავარი მიზეზი რეგიონის დასაქმების მიმართულებებში უნდა ვეძებოთ. სამცხე–ჯავახეთში დასაქმების მთავარ წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, შესაბამისად, შეუძლებელია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაც.
რაც შეეხება რეგიონების რეიტინგს, დისტანციურად დასაქმებულთა წილის მიხედვით, ის ასე გამოიყურება:
- იმერეთი_ 9%
- სამეგრელო-ზემო სვანეთი_ 7.6%
- თბილისი_ 7.4%
- ქვემო ქართლი_ 6.8%
- შიდა ქართლი_ 6.2%
- რაჭა–ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი_ 6.1%
- მცხეთა–მთიანეთი_ 5.8%
- აჭარა_ 5.7%
- გურია_ 5.2%
- კახეთი_ 5.1%
- სამცხე–ჯავახეთი_ 2.8%