კომპანია Warner Bros.-ის ინფორმაციით, ფილმ „დიუნის“ გაყიდვებმა კინოთეატრების სალაროებში მსოფლიო მასშტაბით 303.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ აქედან 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ბილეთებზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ „დიუნის“ პრემიერა ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე მიმდინარე წლის 3 სექტემბერს შედგა. ფრენკ ჰერბერტის მიერ 1965 წელს გამოცემული ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორიც დენი ვილნევია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში ოქტომბრიდან გამოჩნდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „დიუნის“ მეორე ნაწილს 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ. ცნობისთვის, ფილმის პირველი ნაწილის ბიუჯეტი 165 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ამ დროისთვის მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში გაყიდვებით მიმდინარე წელს გამოსული ფილმებიდან „The Battle at Lake Changjin“-ი ლიდერობს. ჩინური პროპაგანდისტული კინოსურათის შემოსავალი 858.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ბიუჯეტი კი 200 მილიონი აშშ დოლარია.
კინოთეატრების სალაროებში გაყიდვებით მეორე ადგილს კიდევ ერთი ჩინური ფილმი, „Hi, Mom“ იკავებს. ბოლო მონაცემებით, მისი შემოსავალი 848 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ფილმის ბიუჯეტი კი 59 მილიონი აშშ დოლარია. მესამე პოზიციას ამ დროისთვის Fast & Furious 9 სჯერდება, რომელმაც ბილეთების გაყიდვებით 721.1 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა. აღნიშნული კინოსურათის ბიუჯეტი 200-225 მილიონი აშშ დოლარია.
დატოვე კომენტარი