მაკროეკონომისტებს არ გვაქვს (ჩვენთვის სამწუხაროდ და მსოფლიოსთვის – საბედნიეროდ) ექსპერიმენტების ჩატარების ფუფუნება. ერთადერთი, რაც გვარგუნა ბედმა, არის ბუნებრივი ექსპერიმენტები – მოვლენები, რომლებიც ისტორიული განვითარების შედეგად გვაძლევს დაკვირვებად ცვლილებებს კვლევის სუბიექტებში და ეს ცვლილებები შეიძლება კონკრეტულ დაშვებებს შევუსაბამოთ. ქრესტომათიული მაგალითია განსხვავება განვითარებაში ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის, რომელიც, ცალსახად, ამ ორ ქვეყანაში ეკონომიკურ ინსტიტუტებს შორის განსხვავების შედეგია. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის მომსწრეები შეიძლება გავხდეთ უახლოეს მომავალში, რადგან 2023 წლის 10 დეკემბერს არგენტინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს არსებობას, თუმცა მისი პრეზიდენტობისას იქნება უბრალოდ მინარქისტი – მცირე მთავრობის მომხრე. ეს ადამიანია ხავიერ მილეი. თუმცა იმისთვის, რომ გავიაზროთ, თუ როგორ აირჩია ქვეყანამ ლიბერტარიანელი და ანარქო-კაპიტალისტი (წინასაარჩევნოდ მან სუპერგმირის – კაპიტან ანკაპის – კოსტიუმიც კი მოირგო), საჭიროა გადავხედოთ არგენტინის ეკონომიკის ისტორიას ბოლო ასი წლის მანძილზე.
ზოგადად, არგენტინის ეკონომიკური ისტორია სამაგალითოა – ის იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყნის ეკონომიკა. განსხვავებით ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობისგან, არგენტინის მოსახლეობა ძირითადად ევროპელების (ძირითადად, იტალიელებისა და ესპანელების) შთამომავლებისგან შედგება, რადგან (აქ მე დამოუკიდებლობის პირველ 64 წელს გამოვტოვებ) 1880 წელს, სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, არგენტინის მთავრობა აქტიურად უჭერდა მხარს იმიგრაციას და იმ პერიოდში იმიგრანტების რიცხვით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. იმიგრაციისა და ბუნებრივი რესურსების ხარჯზე 1913 წელს არგენტინა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეულში შედიოდა (მაგ. Angus Maddison – The World Economy – A Millennial Perspective). ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით ის უსწრებდა საფრანგეთს და გერმანიას, რომ არაფერი ვთქვათ იტალიასა და ესპანეთზე. დღეს ამ მაჩვენებლით არგენტინა 66-ე ადგილზეა და მსოფლიოს საშუალო დონესაც კი ჩამორჩება.
რთულია, ზუსტად ვთქვათ, რამ განაპირობა ასეთი ვარდნა. თუმცა ერთი მიზეზი მაინც შეიძლება გამოვყოთ. ევროპული მიგრანტების ნაწილს შეადგენდნენ იქაური სოციალისტები და ანარქისტები, რომლებმაც, მალევე, ახალ სამშობლოში შესაბამისი მოძრაობებისა და პარტიების დაფუძნება დაიწყეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმთან მათი ბრძოლის მეთოდები, გარდა გაფიცვებისა და დემონსტრაციებისა, ტერორიზმიც იყო. შედეგად, 1920-იანი წლებისთვის ამ მოძრაობების საპირისპიროდ (ისევე, როგორც ევროპაში), დაიწყო ულტრამემარჯვენე, ფაშისტური ორგანიზაციების ჩამოყალიბებაც. ხოლო 1929 წელს დაწყებულმა დიდმა დეპრესიამ, შეიძლება ითქვას, დაიწყო ის პოლიტიკური ციკლი, რომელსაც, იმედია, ხავიერ მილეი დაარღვევს. 1930 წლიდან მოყოლებული არგენტინის მთავრობების ცვლილების დინამიკა ძალიან მარტივია – გადატრიალება და ხუნტა – ეკონომიკის მართვის სოციალისტური მეთოდები – ეკონომიკის მორიგი ჩავარდნა – გადატრიალება და ხუნტა (სულ არგენტინაში ექვსი სამხედრო გადატრიალება მოხდა, უკანასკნელი – 1976 წელს). 1946 წლის მერე ამას დაემატა პერონიზმი, რომელიც სოციალიზმის, ავტორიტარიზმისა და ავტარქიის ნაზავია – ყველაფერ იმის, რაც ვნებს ეკონომიკის განვითარებას.
Long story short – თუ არ ჩავთვლით კარლოს მენემს (რომელსაც არ გაუმართლა და, როდესაც არგენტინაში ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, განვითარებად ქვეყნებში მოხდა კრიზისების სერია, – მექსიკიდან ბრაზილიამდე – რომელმაც არგენტინაც მოიყოლა), ბოლო ასი წლის მანძილზე არგენტინის არც ერთი მთავრობა არ ზრუნავდა ეკონომიკაზე – ის ყოველთვის ზრუნავდა მხოლოდ ხმებსა და არჩევნებში გამარჯვებაზე. 2022 წელს, მორიგი პერონისტების – ნესტორ და კრისტინა კირშნერების მრავალწლიანი მმართველობის შედეგად, არგენტინის მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2012 წელს (როგორც ნომინალური გაცვლითი კურსით, ისე PPP-კურსით); არგენტინის საგარეო ვალი მისი მშპ-ის 44%-მდეა, თუმცა მისი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ მთელი სსფ-ის ვალების 28%-ია, რაც წარმოუდგენლად დიდი რიცხვია – უბრალოდ, სხვა აღარავინ ასესხებს ფულს არგენტინას; ინფლაცია ქვეყანაში ბოლო 15 წელია, ორნიშნაა და 2023 წლის თებერვლიდან – სამნიშნა. სიღარიბის დონე ქვეყანაში 40%-ია; უამრავი ფული იხარჯება სუბსიდირებაზე (მაგალითად, მომხმარებლები იხდიან ენერგიის ღირებულების მხოლოდ 15%-ს); და 2020 წელს არგენტინამ მეცხრედ (!) გამოაცხადა დეფოლტი თავის სახელმწიფო ვალზე.
ამ ყველაფრის ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ არგენტინელებმა აირჩიეს ადამიანი, რომელიც მათ ყველაფრის დანგრევას და ახლის აშენებას ჰპირდება. მილეი არ იქნება პირველი მემარჯვენე პრეზიდენტი რეგიონში, თუმცა ამ ეტაპზე ის არ ჰგავს არც აუგუსტო პინოჩეტს და არც ჟაირ ბოლსონარუს. ის არც ტრამპია, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედარება არაერთხელ შემხვედრია მედიაში. ის უდავოდ ექსცენტრული, ზოგჯერ ეგზალტირებული, საკმაოდ ქარიზმატული ადამიანია, და, რაც გვაბრუნებს ბუნებრივი ექსპერიმენტების თემასთან, ეკონომიკურად ის ლიბერტარიანელია, ავსტრიული სკოლის მიმდევარი. რამდენადაც მე ვიცი, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა – თუკი ცენტრალური ბანკის ლიბერტარიანელი ხელმძღვანელი უკვე ყოფილა (ალან გრინსპენი), მილეი იქნება ქვეყნის პირველი ლიბერტარიანელი მეთაური ისტორიაში. როგორც ლიბერტარიანელს შეეფერება, ის მრავალ რადიკალურ რეფორმას ჰპირდება არგენტინელებს – სამინისტროებისა და სუბსიდიების გაუქმებიდან, მასშტაბურ პრივატიზაციასა (რომელშიც არ შედის სახელმწიფო მონოპოლიების პრივატიზაცია, ის მათ უბრალოდ აუქმებს, ემანდ ვინმეს მათი რენაციონალიზაციის სურვილი არ გაუჩნდეს) და სამუშაო ძალის ბაზრის სერიოზულ რეფორმამდე. თუმცა, პირადად ჩემთვის, ყველაზე უფრო საინტერესო არის მონეტარული პოლიტიკის რეფორმა. უფრო სწორად კი, მისი გაუქმება – მილეი აპირებს გააუქმოს არგენტინის ცენტრალური ბანკი და ქვეყანა მთლიანად აშშ დოლარზე გადაიყვანოს. ეს არ იქნება პირველი ასეთი შემთხვევა – მაგალითისთვის, ეკვადორი, სალვადორი და პანამა დიდი ხანია, დოლარზე გადავიდნენ, მონტენეგრო კი – ევროზე. მაგრამ ეს ქვეყნები მასშტაბით გაცილებით ჩამორჩებიან არგენტინას. მაშ, რას შეიძლება ველოდოთ ამ შემთხვევაში?
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე არ ვარ ლიბერტარიანელი და, ზოგადად, არც ვეთანხმები ცენტრალური ბანკის გაუქმების იდეას – ჩემი აზრით, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვანი და საჭირო ინსტრუმენტია ქვეყნისთვის. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არგენტინის მონეტარული პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, წარუმატებელია. მაშინაც კი, როდესაც 1991 წელს ქვეყანაში შემოიღეს, როგორც მანამდე ეგონათ, ფიქსირებული გაცვლითი კურსის საუკეთესო ვარიანტი – ე.წ. სავალუტო კავშირი, ყველაფერი მორიგი დეფოლტით დასრულდა. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ, საწყის ეტაპზე მაინც, სრული დოლარიზაცია წარმატებული იქნება. ასევე წარმატებული იქნება გადასახადების, სუბსიდიებისა და სამინისტროების შემცირება, პრივატიზაცია, სამუშაო ძალის ბაზრის რეფორმა. ეს ყველაფერი ცხადია. მაგრამ რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს წარმატება?
დოლარიზაციის უპირველესი პლუსია ვალდებულების აღება – ვალდებულების, რომ სახელმწიფო (იქნება ეს ფისკალური თუ მონეტარული ხელისუფლება) არ შექმნის (რასაც ჩვენთან „დაბეჭდვას“ ეძახიან) ფულს თავისი ვალდებულებების გასასტუმრებლად ინფლაციის ხარჯზე. ამდენად, მისი ბიუჯეტი (თეორიულად) იქნება დაბალანსებული, ხოლო საპროცენტო განაკვეთები ქვეყანაში – მიბმული ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთებზე. თუმცა ყოველთვის არის რისკი, რომ ამ თუ არა, შემდგომ მთავრობას მოუნდება უფრო მეტის ხარჯვა, ვიდრე გადასახადები მისცემს საშუალებას და ის აიღებს ვალს. ვალს კი დაბრუნება უნდა. მით უმეტეს, როდესაც ვალს დოლარში იღებ, რომელიც იაფია, აწ გარდაცვლილ პესოსთან შედარებით. ამიტომ ცდუნება, აიღო იაფი ვალი ექნება ყველა მთავრობას, ლიბერტარიანულის გარდა. არგენტინის პოლიტიკური ისტორიის გათვალისწინებით, ალბათობა იმისა, რომ მილეი ან მისი თანამოაზრეები (თუ არსებობენ საერთოდ) დიდხანს იქნებიან მთავრობაში, საკმაოდ მცირეა. და იაფ ვალუტაში სესხის მასშტაბური აღების მაგალითი გვაქვს – საბერძნეთი, რომლის მიერ ვალის დაგროვებამ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია სავალო კრიზისი, რომლიდანაც გამოსვლას საბერძნეთს წლები დასჭირდა და ისიც მხოლოდ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა დახმარებით. დაეხმარება აშშ არგენტინას ამავე პირობებით? საეჭვოა. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ არგენტინას დასჭირდება დოლარების დამატებით სესხება – არსებული პესოების „გადასახურდავებლად“. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოკლევადიანი რეფორმები ქვეყანას არ უშველის – როგორც სტენფორდის პროფესორი, ჯონ კოქრენი წერს, საჭიროა გრძელვადიანი და მასშტაბული ფისკალური, მონეტარული და მიკროეკონომიკური რეფორმების ერთობლიობა, დოლარიზაცია კი ამ პაკეტის მხოლოდ ერთი ნაწილია. თუკი ეს მიღწევადია – მაშინ, დიდი ალბათობით, მილეის პროგრამა გრძელვადიან წარმატებასაც მოიტანს. შესაბამისად, მთავარი კითხვაა – რამდენად მიღწევადია და, რაც მთავარია, შენარჩუნებადი, რეფორმების ეს პაკეტი? პასუხი ამ კითხვაზე, ჩემი აზრით, განვითარების ინსტიტუციურ თეორიაშია: ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების აუცილებელი პირობებია ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტები, თამაშის ერთგვარი წესები, რომლებიც ბაზრის მონაწილეებს სწორ ეკონომიკურ სტიმულებს აძლევს. ასეთებია: საკუთრების უფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური სტაბილურობა, პლურალიზმი და ა.შ. შესაბამისად, არგენტინის წარმატება, ჩემი აზრით, უპირველესად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ხავიერ მილეი ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნას – და ექნება თუ არა მას ამისთვის დრო. თუმცა ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტებისა და სწორი რეფორმების პირობებში არც დოლარიზაციაა საჭირო, პირიქითაც კი.
როდესაც ამ, უკვე ისედაც გრძელი სტატიის დასაწყისში, ბუნებრივი ექსპერიმენტი ვახსენე, მე ბოლომდე გულწრფელი არ ვყოფილვარ. მილეის წარმატება ან წარუმატებლობა არ გაგვცემს პასუხს კითხვაზე – მუშაობს თუ არა ლიბერტარიანიზმი. მის წარმატებაზე ლიბერტარიანელების მოწინააღმდეგეების პასუხი იქნება – „ერთი მაგალითი არაფერს ნიშნავს“. მისი წარუმატებლობის შემთხვევაში ლიბერტარიანელები იტყვიან – „ეს არ იყო ნამდვილი ლიბერტარიანიზმი“ (როგორც ვენესუელა არაა ნამდვილი სოციალიზმი სოციალისტებისთვის). ამიტომ, მიუხედავად ჩემი პირადი აზრისა მისი იდეოლოგიის შესახებ, მინდა წარმატება ვუსურვო ხავიერ მილეის – ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა.