კომპანია Warner Bros.-ის განცხადებით, ჰარი სტაილზისა და ფლორენს პიუს მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Don’t Worry Darling“-ის ბილეთების გაყიდვის შედეგად ჩრდილოეთ ამერიკაში, სადებიუტო უიკენდზე, 19.2 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. ცნობისთვის, მონაცემები აშშ-სა და კანადაში მდებარე 4,113 კინოთეატრის სალაროებიდანაა მიღებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ფილმისთვის, რომლის გადაღებაც საერთო ჯამში 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, მსგავსი შედეგის დაფიქსირება საკმაოდ დადებით შეფასებას იმსახურებს. ამას ისიც მოწმობს, რომ შემოსავლების თვალსაზრისით კინოსურათმა გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, მეორე ადგილზე გასულმა ფილმმა, „The Woman King“-მა $11.1-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, „Don’t Worry Darling“-ის პრემიერა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ბოლო მონაცემებით, ოლივია უაილდის რეჟისორობით გადაღებული ფილმის გლობალური შემოსავალი 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ კინოსურათში თავად უაილდიც მონაწილეობს.
დატოვე კომენტარი