აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ახალი სოციალური ქსელი Facebook-ის აკრძალვის გახანგრძლივების საპასუხოდ ჩაუშვა.
შეგახსენებთ, რომ იანვრის კაპიტოლიუმის ბუნტის შემდეგ ტრამპს აეკრძალა მრავალი სოციალური პლატფორმის გამოყენება, რომელთა შორისაა Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი, YouTube-ი. ოთხშაბათს FB-ის საზედამხედველო საბჭომ განაცხადა (Facebook Oversight Board), რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, შესაბამისი ჯარიმის დასადგენად, მომავალი 6 თვის განმავლობაში განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის მომხრეების მხრიდან ამ ფაქტზე შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა. ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა, საზედამხედველო საბჭოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა.
ასევე, YouTube-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტრამპის ანგარიშს მას შემდეგ გაააქტიურებენ, რაც მისგან მომავალი „საფრთხე“ შემცირდება. რაც შეეხება Twitter-ს, სადაც ყოფილ პრეზიდენტს 88 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, პლატფორმის გამოყენება მას სამუდამოდ აეკრძალა.
შესაბამისად, ტრამპის პოსტების ნახვა შესაძლებელი იქნება მის ახალ ვებგვერდზე, რომელიც FB-ის საზედამხედველო საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ჩაეშვა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მომხმარებლებს ახალი ვებგვერდიდან პოსტების გაზიარება Twitter-სა და Facebook-ზე შეეძლებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ვებგვერდი Campaign Nucleus-ის მიერ შეიქმნა. ცნობისთვის, Campaign Nucleus-ი ციფრული მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავეშიც ტრამპის ყოფილი კამპანიის მენეჯერი, ბრედ პარსკეილი, დგას.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ახალი ვებგვერდი Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის გასაკრიტიკებლად უკვე გამოიყენა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორუმპირებულმა სოციალურმა მედიამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
დატოვე კომენტარი