Forbes Life გვაფრთხილებს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული გაჯეტ-დამოკიდებულების საფრთხის შესახებ, მეცნიერულად ხსნის მის მიზეზებს და გვთავაზობს ელექტრონული მოწყობილობების მავნე გავლენის შემცირების საშუალებებს.
სიამოვნების ჰორმონი
ღამით გეღვიძებათ, მაგრამ არა კოშმარის გამო, არამედ იმიტომ, რომ სმარტფონმა დაიწრიპინა და ახალი e-mail-ის შესახებ გაუწყათ. საუზმისას, ყავასთან ერთად -კომპიუტერი და ფეისბუკის ახალი ამბები. თქვენ მუდმივად ხელმისაწვდომი ხართ – ავტომანქანის საჭესთან, კინოში და მთებშიც კი, თუმცა ხშირად ეს რეალურად არაფერში გჭირდებათ. XXI საუკუნემ, რომელიც კაცობრიობას სულ ახალ-ახალი ციფრული მოწყობილობებით ამარაგებს, კიდევ ერთ მავნე ჩვევა -გაჯეტებზე დამოკიდებულება მოგვიტანა. თანაც არა თავად ტელეფონებსა და კომპიუტერებზე, არამედ ინფორმაციის იმ ნაკადზე, რომელსაც ისინი თავს ატეხენ მათ მფლობელებს.
სპეციალისტების მტკიცებით, ეს დამოკიდებულება ჰორმონალურია: ჩვენ ვეჩვევით „სიამოვნების ჰორმონს ” – დოფამინს, რომელიც მაშინვე გამოიყოფა, როგორც კი ახალი ინფორმაციის მომდევნო ულუფას ვიღებთ. „ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ სივრცის სკანირებას რაიმე ისეთის მოძიების მიზნით, რაზეც შეიძლება გადავერთოთ – იქნება ეს მომდევნო sms-ი, e-mail-ი, ჩატი სოციალურ ქსელში თუ სატელეფონო ზარი. დოფამინური რეცეპტორები აღგზნებულია – ჩვენ პერმანენტულად სიახლის მოლოდინში ვართ და თანაც გვეჩვენება, რომ იგი ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე ის საქმე, რომლითაც ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული”, – განმარტავს გერი სმოლი, აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ნეიროფსიქოლოგი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) ფსიქიატრიის პროფესორი.
სტატისტიკა ამ მოსაზრებებს ადასტურებს: UCLA-ის მკვლევარებმა გამოითვალეს, რომ კომპიუტერის საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი ახალ „ფანჯარას” ერთი საათის განმავლობაში 37-ჯერ ხსნის. ამერიკული კომპანია American Express-ის სოციალურმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ შვებულებაში მყოფი ადამიანების 79% გაჯეტებს ისეთი მოგზაურობის დროსაც კი ვერ ელევა, რომელსაც სამუშაოსთან არანაირი კავშირი არა აქვს. „მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ ე.წ. გადანაწილებულ გონზე, -ამბობს ფილოლოგიურ და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია, უსადაგებს რა საყოფაცხოვრებო ციფრებს სამეცნიერო ბაზას.- გონზე, რომელიც ადამიანსა და სხვადასხვა მოწყობილობას შორისაა განაწილებული. გაჯეტებმა საკუთარ თავზე აიღეს იმ ფუნქციების ნაწილი, რომლებიც ადრე ადამიანის გონების პრივილეგიას წარმოადგენდა. ისინი იმახსოვრებენ, აანალიზებენ. ადამიანები სულ უფრო მეტად ერწყმიან მოწყობილობებს. ჩნდება სრულიად ბუნებრივი კითხვა: სად მთავრდება ჩვენი პიროვნული “მე” და სად გადის საზღვარი ადამიანსა და მოწყობილობას შორის?
გონებრივი შტურმი
მეცნიერები გაჯეტ-დამოკიდებულების არა მარტო ფილოსოფიური ასპექტით არიან შეშფოთებული. კომპიუტერისა და სხვა ინტერაქტიული მოწყობილობების აქტიურად მომხმარებელი თანამედროვე ადამიანის ტვინი ვერ უმკლავდება ზღვა ინფორმაციას. იგი მუდმივად დაძაბულია. ამის გამო ზიანდება მეხსიერებაც და მთლიანად აზროვნების უნარიც. დარწმუნებული ვართ, რომ მოწყობილობები უფრო მეტი საქმის მოსწრებაში გვეხმარება, მაგრამ სინამდვილეში მუდმივად ყურადღებაგაფანტულები ვერ ვახერხებთ მთავარზე კონცენტრირებას და რამდენიმე საქმეს ერთდროულად კეთებისას, ვუშვებთ უნებლიე შეცდომებს მარტივ სიტუაციებში; ზიანდება გრძელვადიანი და მოკლევადიანი მეხსიერება. როგორც პროფესორი გერი სმოლი თავის წიგნ iBrain-ში ამტკიცებს, ჩვენც ვერც კი ვამჩნევთ, თანდათან როგორ ვკარგავთ კრიტიკული აზროვნების უნარს. დასავლეთის სოციოლოგებმა ახალი ტერმინიც კი შემოიღეს -„გონებაგაფანტული ადამიანების თაობა” (distraction generation). იგი ახასიათებს ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ყურადღების კონცენტრირების უნარი. ახლახან იუტის შტატის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა: დამახსოვრების უნარის გამოსაკვლევად სტუდენტების ჯგუფს სთხოვეს ავტომობილის მართვისას გაევლოთ მცირე ტესტი (დავალებას ტელეფონის მეშვეობით იღებდნენ -რასაკვირველია, hands-free რეჟიმში). შედეგად, ორი საქმის ერთდროულად კეთებისას, მონაწილეთა 97,5%-მა საშინლად მართა მანქანა და ტესტიც ცუდად ჩააბარა. „სავარაუდოდ, ჩვენს ტვინს, უფრო სწორად, მის ფრონტალურ კორტექსს, რომელიც ყურადღების ფოკუსირებასა და პრიორიტეტების წყობაზეა პასუხისმგებელი, არ ძალუძს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, -ამბობს ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ჯეისონ ვატსონი, – შედეგად, შესრულებული დავალებების ხარისხი, რა თქმა უნდა, დაბალია”.
თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კვლევაში მონაწილეთა დარჩენილმა 2,5%-მა ორივე დავალებას საუკეთესოდ გაართვა თავი. მეცნიერების აზრით, თანამედროვე ადამიანების სწორედ ასეთ მცირე პროცენტს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალების ხარისხიანად შესრულება. „ერთი შეხედვით, გაჯეტები ადამიანს მრავალარხიანი ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს,- გვიხსნის ტატიანა ჩერნიგოვსკაია, -მაგრამ რეალურად ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლია ერთ საქმეზე კონცენტრირება რამდენიმე წუთზე მეტად. პარადოქსია, მაგრამ გამოდის, რომ ადამიანს, რომელმაც მთელი სამუშაო დღე მონიტორის ეკრანთან გაატარა, სინამდვილეში არაფერი გაუკეთებია. ამ ნულოვანი რეზულტატის გაცნობიერება ადამიანში გარდაუვალ სტრესს იწვევს “. ჩერნიგორსკაია წუხს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მისი მიღების სიჩქარე – მსოფლიოს უმსხვილესი მუზეუმების კოლექციები, საუკეთესო ბიბლიოთეკების ფონდები და ა.შ. – უმრავლესობისათვის არ ნიშნავს მათი გამოყენების სურვილს. გარდა ამისა, ამატებს ჩერნიგორსკაია, – ჯერჯერობით ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა მოწყობილობა ადეკვატურად გამოიყენონ და ამავდროულად თავი არ დაკარგონ, რადგან გაჯეტები პიროვნულ მახასიათებლებზე მოქმედებს”.
ციფრული შიმშილი
სულ ცოტაც და აღიარებულ დიაგნოზად იქცევა, როგორც ეს „კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის” შემთხვევაში მოხდა, როდესაც კომპიუტერზე მიჯაჭვულმა პაციენტებმა -თვალების სიწითლესა და სიმშრალეზე ერთნაირი ჩივილებთ – ოფთალმოლოგების პრაქტიკაში ახალი ტერმინი შემოიტანეს. გაჯეტ-დამოკიდებულების აქტუალურ პრობლემას ჯერჯერობით მხოლოდ ტურისტული ინდუსტრია გამოეხმაურა. აშშ-სა და ევროპაში სწრაფად შემოდის მოდაში digital detox vacations – ტურები, სადაც კომპიუტერით სარგებლობა აკრძალული ან, უბრალოდ, ტექნიკურად შეუძლებელია. სულ უფრო მეტი კურორტი და სასტუმრო ხდება digitally free: ნომრებში და ტერიტორიაზე არ არის wi-fi , ასევე ტელეფონები, ტელევიზორები და სხვა ტექნიკა, ხოლო შესახლების დროს სტუმრებს გაჯეტების ჩაბარებას სთხოვენ. ყველა ვერ უძლებს ასეთ მკაცრ „დიეტას”, მაგრამ ბევრი ეჩვევა და აღნიშნავს, რომ მათი დასვენებისა და ძილის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება. ამასთანავე, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სასთუმალთან დადებული ჩართული ტელეფონი ძილის მოშლის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია. მობილური კავშირის საშუალებასთან ახლოს ყოფნაც კი მშფოთვარე მდგომარეობის მაპროვოცირებელია.
თუ მთის კურორტისათვის ან სპეციალური პროგრამის სასტუმროსათვის დრო არ გაქვთ, გაჯეტ-დამოკიდებულებასთან ბრძოლა სახლის პირობებშიცა შესაძლებელია. მაგალითად, დააყენეთ კომპიუტერზე პროგრამა, რომელიც მისთვის მიცემული რეჟიმის მიხედვით ბლოკავს ინტერნეტს და ფოსტის წამდაუწუმ შემოწმების უფლებას არ იძლევა (Freedom – ყველაზე იაფი და პოპულარული ვარიანტი). შეეცადეთ გადაეჩვიოთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას: თუ ფიტნესკლუბში ველოტრენაჟორის პედლებს ატრიალებთ და თან ტელეფონით საუბრობთ, ტვინი არ ისვენებს. გარდა ამისა, საჭიროა ყოველდღიურად მისცეთ თავს იმის სულ მცირე შესაძლებლობა მაინც, რომ სრულ სიწყნარეში დაისვენოთ.
რვა სასტუმრო, რომლებიც digital detox პროგრამას გვთავაზობენ
ვაიომინგის შტატის სამთო-სათხილამურო კურორტი ჯექსონ-ჰოული, რომელიც უღრანი ტყეებითა და თოვლიანი მთებითაა გარშემორტყმული, მთელი წლის განმავლობაში გვთავაზობს სპეციალურ პაკეტს Solitude Unplugged -„მარტოობა ტექნიკის გარეშე”. შესახლებისას სტუმრები მისაღების სეიფში აბარებენ საკუთარ გაჯეტებს და სრულფასოვნად ტკბებიან პასიურ-აქტიური დასვენებით, რადგან არ ხდება მათი მოცდენა ჩატში საუბრებით. სასტუმრო სახლების ნომრებში არ არის არც ტელეფონები, არც ტელევიზორები და არც wi-fi.
www.tetonlodge.com
ქალაქ პიტსბურგის სასტუმრო Renaissance Pittsburgh -ში მოქმედებს სპეციალური წინადადება Zen and the Art of Detox . სტუმრები საჩუქრად იღებენ კაიაკის მართვის გაკვეთილებს, ხოლო ნომრებში მათ ძველებურ ქაღალდის ყდებში ჩასმული მსოფლიო კლასიკის შედევრები ელით.
www.marriott.com
ამერიკული კომპანია Via Yoga გვთავაზობს digital detox ტურებს მექსიკასა და კოსტა-რიკაში. ცხოვრება ბუნების წიაღში, ეკობუნგალოში, სხვადასხვა ინტენსივობის იოგა – პროგრამები და, რასაკვირველია, არავითარი გაჯეტები!
www.viayoga.com
ამერიკის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური დიზაინერული სასტუმრო The Quincy გვთავაზობს ოპციას Be Unplugged – „იყავით მომსახურების ზონის მიღმა”. ის სტუმრები, რომლებმაც ეს სპეცწინადადება გააფორმეს, ვალდებული არიან სასტუმროში ყოფნის პერიოდში უარი თქვან კომპიუტერების, ტელეფონების, iPad-ისა და ა.შ. მოხმარებაზე. ბონუსის სახით ისინი საჩუქრდებიან წიგნების მაღაზიის $25-იანი სერტიფიკატით და ლამაზი ბლოკნოტით, რათა ხელით წერის ჩვევა აღიდგინონ. ასევე საჩუქრად იღებენ ვაშინგტონის პარკების გზამკვლევს.
www.thequincy.com
თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში, ხუთვარსკვლავიან Hillside Beach Club -ში დიდი პოპულარობით სარგებლობს „წყნარი პლაჟი”, სადაც აკრძალულია მობილური ტელეფონითა და ნებისმიერი სხვა გაჯეტით შესვლა.
www.hillsidebeachclub.com
ინდოეთში, ჰიმალაების ძირში მდებარე, ცნობილ ადამიანთა შორის მეტად პოპულარული აიურვედული სასტუმროს, Ananda in the Himalayas -ის უმეტეს ტერიტორიაზე – რესტორნებში, სპაში, სასეირნო და იოგას სავარჯიშო ზონებში, აუზებთან – აკრძალულია ინტერნეტითა და მობილური კავშირით სარგებლობა. იმისათვის , რომ სიწყნარისა და განმარტოების მსურველი სტუმრები არაფრით შეწუხდნენ, ინტერნეტი მხოლოდ ნომრებშია, როუმინგი კი პრაქტიკულად არსად არ არის. თუმცა აქ გაჯეტების არსებობის შესახებ ყველა სწრაფად ივიწყებს: სტუმრებს სთავაზობენ უნიკალურ და ძალიან დატვირთულ სპა-პროგრამებს იოგა-დეტოქსის, გაახალგაზრდავების, წონის დაკლებისა და სტრესთან გამკლავების მიმართულებებით.
www.anandaspa.com
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ლანდის რეგიონის თერმული კურორტის Les Pres d’Eugenie -ის კონცეფცია ფიზიკური და სულიერი ძალების სრული აღდგენაა. აქ სტუმრების სიმშვიდეს ძალიან მკაცრად იცავენ. ოფიციალურადაა აკრძალული გაჯეტებით სარგებლობა სპა-ზონაში (ეს კი იმპერატორ ევგენიას მსოფლიოში სახელგანთქმული თერმული წყლები გახლავთ), ასევე სასტუმროს სამ რესტორანშიც, რომელთაგანაც ერთ-ერთს უკვე ოცდაათი წელია მიშლენის სამი ვარსკვლავი აქვს.
www.michelguerard.com
ძველებური ინგლისური სასტუმრო Chewton Glen ინგლისის მეფეთა სანადირო სავარგულების – ნიუ-ფორესტის ტყის შუაგულში, ველური ცხენებისა და ტახების სამფლობელოში მდებარეობს. სტუმრებს შესახლებისთანავე აფრთხილებენ: არავითარი მობილური ტელეფონები! მათი ჩამორთმევა არ ხდება, მაგრამ დაბეჯითებით სთხოვენ დატოვონ ისინი ნომრის სეიფში. სპა-ცენტრის, მისაღების, ბარის (რომლის ღვინის მენიუშიც 600 -ზე მეტი დასახელების ღვინოა) და რესტორნის ტერიტორიაზე გაჯეტებით სარგებლობა აკრძალულია.
www.chewtonglen.com
დატოვე კომენტარი