ძალადობა არის მრავალშრიანი პრობლემა, რომელიც არ ექვემდებარება მხოლოდ ერთი კრიტერიუმით განსაზღვრას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დრამა, რომლის ფიზიკური კვალი და ფსიქოემოციური ტრავმა შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს ძალადობის მსხვერპლს თუ მოწმეს.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მისი შემცირებისათვის აუცილებელია ამ კომპლექსური პრობლემის ანალიზი, მისი დაშლა შემადგენელ, ხშირად არცთუ ისე თვალში საცემ კომპონენტებად. ერთ-ერთ ასეთ დამალულ კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის ფინანსური შემადგენელი. ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰარი ბეკერის აზრით, ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, თუ დანაშაულის ჩადენის საფასური უფრო დაბალია, ვიდრე მისი არჩადენით მიღებული სარგებელი. საფასური/სარგებლის შეფარდება უფრო მაღალია ღარიბებისათვის, ვიდრე (შედარებით) შეძლებული ადამიანებისათვის. გაუნათლებლობა, უმუშევრობა და ნარკოტიკები მიზეზშედეგობრივ კავშირშია სიღარიბესთან და დანაშაულის ჩადენის ფაქტორებს შეადგენს. სახელმწიფოს ფინანსური რესურსები სწორედ ზემოხსენებული ფაქტორების გაუვნებელყოფისაკენ უნდა იყოს მიმართული. ძალადობის პრევენცია ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მის შედეგებთან ბრძოლა.
სწორედ ძალადობის ამ ასპექტს, უფრო ზუსტად კი ძალადობის შედეგების ფინანსურ განზომილებას და ამ კრიტერიუმის მნიშვნელობას ეხება წინამდებარე სტატია. იგი არ განიხილავს ომის ფინანსურ განზომილებას, იქნება ეს ომი საგარეო მოწინააღმდეგესთან, ეთნოკონფლიქტი თუ შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება. სტატიის თემა არის საზოგადოებაში არსებული ენდოგენური ძალადობის ფინანსური განზომილება და ანალიზის ამ ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა ძალადობის პროფილაქტიკის მიზნით.
ძალადობის შედეგების რაოდენობრივი ანუ მონეტარული გაზომვა შესაძლებელია. არსებობს პირდაპირი რეალური ხარჯები და არაპირდაპირი რეალური ხარჯები.
პირდაპირი რეალური ხარჯებია:
1) პირდაპირი ზიანი: ძალადობის შედეგად დაზიანებული და განადგურებული პირადი და სახელმწიფო ქონება;
2) ჯანდაცვა: საავადმყოფოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა და მოვლა, მანქანების, სამედიცინო აპარატურისა და მედიკამენტების შეძენა, მედპერსონალის ხელფასები, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯები;
3) სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოებისა და პენიტენციარული სისტემა: პოლიციის, პროკურატურის, კრიმინალური ექსპერტიზის, სამაშველო და სახანძრო სისტემების ხარჯები (მაგ., ხელფასები), მანქანების, საწვავის, იარაღისა და სხვადასხვა სახის პრევენციული/დამცველი მექანიზმების შეძენა, შენახვა და მოვლა (მაგ.; წყლის ჭავლის მანქანები, ცრემლსადენი გაზი, ბარიერები და ა.შ.); ადვოკატურა, სასამართლო პროცესები, ციხეების მშენებლობა და მოვლა, ციხის პერსონალის ანაზღაურება, პატიმრების კვება და მოვლა და ა.შ.;
4) სოციალური სფერო: ძალადობის შედეგად დაღუპული ან დაინვალიდებული მარჩენლის გარეშე მყოფი ოჯახების მოვლა, დაკრძალვისა და სასაფლაოების ხარჯები.
პირდაპირ რეალურ ხარჯებთან შედარებით არაპირდაპირი რეალური ხარჯები შედარებით უფრო რთული გასაზომია, რადგან პირდაპირი რეალური ხარჯებისაგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი მოიცავს ძალადობის შედეგად არარეალიზებულ ან არასრულად რეალიზებულ პოტენციალს. თუმცა ეს ხარჯებიც რაოდენობრივია და (მიახლოებით) გაზომვას ექვემდებარება.
1) ბიზნესი და დასაქმება: ძალადობის შედეგად ფიზიკურად თუ ფსიქოემოციურად ტრავმირებული მსხვერპლის თუ ძალადობის მოწმის მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობის შემცირება და შესრულებული სამუშაოს დაბალხარისხიანობა. შედეგად ვიღებთ კომპანიის შემცირებულ მოგებას, რაც იწვევს თანამშრომლების შემცირებულ ანაზღაურებას და რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ სახელმწიფოსათვის შემცირებულ გადასახადებამდე;
2) თანამშრომლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ახალი თანამშრომლის ძებნის, დაქირავებისა და ტრენინგის ხარჯები;
3) კომპანიის თანამშრომლებისათვის, ოფისებისა და წარმოებებისათვის გაზრდილ უსაფრთხოებაზე ზრუნვა: დაცვის თანამშრომლების დაქირავება, სათვალთვალო კამერების, სიგნალიზაციის სისტემების შეძენა, სხვადასხვა სახის ბარიერების შექმნა და ა.შ.;
4) ძალადობის მსხვერპლისათვის ეს არის დაკარგული დრო, შემცირებული ანაზღაურება და ხელიდან გაშვებული შანსები, რომელიც მას შეიძლება ცხოვრებაში მეორედ არასდროს მიეცეს.
ზოგიერთი ზემოხსენებული ხარჯი მსხვერპლის გადასახდელია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩამოთვლილი ფინანსური ხარჯების გადახდა უწევს სახელმწიფოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის კერძო თუ საჯარო ფინანსების მასობრივად არასწორი და არაეფექტიანი გამოყენება. ბიზნესი თავს არიდებს იმ სახელმწიფოში ინვესტირებას, სადაც ძალადობაა, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ ქვეყნის ერთიანი ეროვნული პროდუქტის შემცირებისაკენ, რაც ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობის კლებას. შემცირებული ეროვნული პროდუქტი ზრდის სიღარიბისა და გაუნათლებლობის მაჩვენებლებს, რომლებიც ძალადობის უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორებია. და ასე იკვრება მანკიერი და პროგრესირებადი მიზეზშედეგობრივი კავშირი: ძალადობა – სიღარიბე – მეტი ძალადობა – მეტი სიღარიბე – უფრო მეტი ძალადობა – უფრო მეტი სიღარიბე და ა.შ.
ძალადობის ფინანსური გაზომვით შესაძლებელია დანახვა, თუ როგორ ფლანგავს ძალადობა კერძო პირების, კომპანიების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსებს. რესურსების არასწორი ხარჯვა ყველასათვის მტკივნეულია, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მტკივნეულია განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც ფინანსური რესურსი ისედაც დეფიციტურია.
როგორც ზემოთ ითქვა, ძალადობის შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარება უფრო ძვირი უჯდება საზოგადოებას, ვიდრე მისი პრევენცია და ეს პროპორცია შეადგენს 1/9-ს. ძალადობის ფინანსური გაზომვა იძლევა ყველასათვის გასაგებ რაოდენობრივ განზომილებას. ხშირად აუცილებელია ჯამური ძალადობის (ანუ კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი აქტების ჯამი) მორალური განზომილებიდან გამოყვანა, რათა მოხდეს მისი გაზომვა ფინანსურ ჭრილში. მიზანი კი ის გახლავთ, რომ ზემოხსენებული ფინანსური გაზომვის შედეგად მიღებული იყოს ის ზომები, რომლებიც შეამცირებს მომავალი ძალადობის მასშტაბებსა და ინტენსიურობას და, შესაბამისად, შემცირდება შედეგის ფასიც. სწორედ ძალადობის შედეგების რაოდენობრივი განზომილება იქნება საჯარო სამსახურების ბიუჯეტირების განმსაზღვრელი ერთ-ერთი კომპონენტი.
იმ მიზნით, რომ პოლიტიკოსებმა მიიღონ მართებული გადაწყვეტილება ძალადობის პრევენცია/აღმოფხვრის შესახებ, მათ უნდა იცოდნენ, თუ რა ჯდება ძალადობა. რაოდენობრივი ინფორმაცია/ანალიზი დაანახებს გადაწყვეტილების მიმღებებს პრობლემის მასშტაბს თუ სიღრმეს. მიღებული ზომების შემდგომ, ძალადობის შედეგების პერიოდული ფინანსური ანალიზი საშუალებას მისცემს გადაწყვეტილებების მიმღებებს მოახდინონ პრევენციის მექანიზმების კორექციაც.
ძალადობის შედეგების ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს ერთიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 3% უჯდება. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და პრევენციული ზომების მიღების შემთხვევაში, ეს ეკონომიკური რესურსი შეიძლება სხვა მიმართულებით და ბევრად უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს.
რადგან ძალადობის საფასურს ყველა ვიხდით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ (მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადის არაეფექტიანად გამოყენება), ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობაც, აღარ არის ვინმეს პირადი საქმე, ისევე როგორც არ არის ვინმეს პირადი საქმე, დაიცავს თუ არა იგი მანქანით მოძრაობისას უსაფრთხოების ზომებს.
დატოვე კომენტარი