ძმებმა არველაძეებმა სპორტულ თემატიკაზე პირველი ქართული NFT გამოუშვეს

ძმებმა არველაძეებმა სპორტულ თემატიკაზე პირველი ქართული NFT გამოუშვეს

ძმები არველაძეების ერთობლივ NFT-ზე (Non-Fungible Token) ის საფეხბურთო მაისურები არის გამოსახული, რომლებიც ტყუპებმა ერთმანეთს 1997 წელს, „ბრედასა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ გაუცვალეს, – ამის შესახებ შოთა არველაძე Facebook-ზე წერს. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში ძმებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს – აჩი „ბრედაში“ თამაშობდა, შოთა კი – „აიაქსში“.

„მე და აჩიმ გადავწყვიტეთ, ჩვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი და 1997 წელს, „ბრედასა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ გაცვლილი მაისურები გავაციფრულოთ და ჩვენი ქომაგებისთვის (და არამარტო) NFT აქტივად ვაქციოთ, ციფრული ვერსია კი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს იქნება პირველი და ერთადერთი NFT, რომელსაც მე და აჩი ამ თემაზე გავაკეთებთ და შესაბამისად მყიდველს ექნება უნიკალური შანსი, რომ ამ მომენტის ციფრული ვერსიის მფლობელი გახდეს. ეს NFT-ი Ethereum-ის ბლოკჩეინზე დავიტანეთ და გაყიდვა აუქციონის წესით შემდეგი 30 დღის განმავლობაში მოხდება“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, NFT-ის გამოშვებაში ძმებ არველაძეებს Amazon-ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელი, პავლე მგელაძე დაეხმარა, რომელმაც მანამდე ლადო გუდიაშვილის ერთ-ერთი გრაფიკული ნამუშევარიც გააციფრულა.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ თემატიკაზე გამოშვებული პირველი ქართული NFT-ის აუქციონის გვერდზე, რომელიც პორტალ Rarible-ზე უკვე იყიდება, შოთა არველაძე ამ მაისურების სიმბოლურ დატვირთვაზე წერს: „მნიშვნელობით, ეს თამაშიც და მაისურიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ჩემს კარიერაში. ის ემოციები, რომლებიც აჩისთან შეხვედრის და მის წინააღმდეგ თამაშის დროს მქონდა, დღემდე ცოცხალია. ყოველ ჯერზე, ამ მაისურის დანახვა ჩემში ყველაფერს ერთად აღვიძებს, რაც მე და აჩის გვაკავშირებდა, მოედანზეც და მის მიღმაც“.

ცნობისთვის, NFT, ანუ Non-Fungible Token ეთერიუმის ბლოქჩეინზე აღბეჭდილი ინფორმაციის ერთი უნიკალური კოდია, რომლითაც, როგორც წესი, ხელოვნების ნიმუშებს ან მსგავსს, მაგრამ აუცილებლად უნიკალურ ნიმუშებს გამოხატავენ. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული სამყაროსთვის NFT ნიმუშები იგივეა, რაც ხელოვნების ნიმუშები ჩვენი სამყაროსთვის – ისინი უნიკალურია და მათი კოპირება შეუძლებელია, რის გამოც, ხშირად, NFT-ები კოლოსალურ თანხებად იყიდება. პირველი ბუმი NFT-ების ბაზარმა 2021 წლის მარტში განიცადა, მას მერე, რაც ხელოვან Beeple-ის ნამუშევარი „The First 5000 Days“ $69 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ NFT-ები განსაკუთრებულად პოპულარულია სპორტსმენებში – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT პლატფორმა, სახელწოდებით Autograph, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას, ტომ ბრეიდის ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ სხვათა ღირსსახსოვარ ნივთებთან ერთად, Autograph-ზე ჩოგბურთელ ნაომი ოსაკას, ჰოკეისტ უეინ გრეცკის და სკეიტბორდინგის ლეგენდის, ტონი ჰოუკის ნივთები იყიდება.

 

ფოტო: შოთა არველაძე via Rarible

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *