წლევანდელი წლის პირველი ნახევრის რეკორდული მოგების მიუხედავად, Wizz Air Holdings-მა ფისკალური 2024 წლის მოგების პროგნოზი შეამცირა. მიზეზი ეკონომიკური შენელებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთების გარდა, თვითმფრინავების ძრავებთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც, თავის მხრივ, ზრდის პროცესზეც უარყოფით გავლენას იქონიებს.
მოგების პროგნოზის €50 მილიონით შემცირების შემდეგ, ავიაკომპანიის აქციებმა ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. Wizz-ის გავრცელებული განცხადებით, წლევანდელი წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული რეკორდული მოგების მიუხედავად, მიმდინარე წელს კომპანია €350-400 მილიონის მოგებას მიიღებს. ოთხშაბათის მონაცემებით, წელს Wizz-ის აქციები საერთო ჯამში 2.2%-ით დაეცა.
Wizz-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯოზეფ ვარადის ინფორმაციით, Pratt & Whitney-ის მიერ მოწოდებული გადაცემათა ტურბო-ვენტილატორული ძრავების პრობლემა 2024 წელს ავიაკომპანიის გაფართოებას შეაფერხებს. შემოწმებისა და შესაძლო შეკეთებისთვის, გლობალური ფლოტიდან კომპანიას 3,000-მდე ძრავის ამოღება მოუწევს, პროცესი კი სავარაუდოდ 18 თვეს გასტანს.
ზაფხულში, ძლიერი მოთხოვნის გავლენით, Wizz-ის პირველი ნახევრის მოგებამ €401 მილიონს მიაღწია. სექტემბრამდე, ექვი თვის პერიოდში, შემოსავალი 39%-ით, €3.05 მილიარდამდე გაიზარდა, რაც განსაკუთრებით ისეთ ბაზრებზე გაფართოების დამსახურებაა, როგორიც, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ბაზრებია. კომპანიის მონაცემებითვე, ამ პერიოდში ფრენების გაუქმების ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, დატვირთვის კოეფიციენტი კი თითქმის 93%-მდე გაუმჯობესდა.
ძრავის პრობლემების მოსაგვარებლად, Wizz-მა 13 ძველ თვითმფრინავზე იჯარა გაახანგრძლივა. გარდა ამისა, კომპანიამ მწარმოებლებისგან კომპენსაციის გარანტიაც მიიღო. ძრავების გარდა, კომპანიაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უსაფრთხოება იქცა. Wizz-მა ისრაელში ფრენები მიმდინარე თვის ბოლომდე შეაჩერა.