„ქართველებს არ უყვართ წამლების მიღება, ხოლო შეძლებული პირები, როცა ისინი იძულებული არიან, ექიმს დაუძახონ, კმაყოფილდებიან ექიმის მოსვლითა და ნუგეშით; მის წამლებს კი მიმართავენ მხოლოდ უკიდურესი საფრთხის დროს. მხოლოდ მრავალ ტკივილთან დაკავშირებული დაავადებანი, აშკარა საფრთხე, გარეგანი და თვალში საცემი სხეულის დამმახინჯებელი ავადმყოფობანი აიძულებენ, დახმარებისათვის ექიმს მიმართონ“, – აღნიშნავდა ედუარდ აიხვალდი, გერმანელი მეცნიერი, რომელმაც კავკასიაში 1825-1826 წლებში იმოგზაურა.
საქართველოს შესახებ ცნობებში აიხვალდი რამდენიმე საინტერესო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმაზე, რომ მისი მოგზაურობის პერიოდში „მოსახლეობაში ძალზე ცოტა აღინიშნა ქირურგიული შემთხვევები. ამის მიზეზი ალბათ დანის შიში უნდა ყოფილიყო, რაც მათ ხშირად აიძულებთ, დაუმალონ ექიმს მნიშვნელოვანი დაავადება. თუმცა, მეორე მხრივ, არცთუ იშვიათად გაიძვერობენ თაღლითები“; ასევე, „მთელ საქართველოში არ არის არც ერთი კერძო, პრივილეგირებული აფთიაქი…“
ამ ამბებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აღარც ექიმების რაოდენობას უჩიოდა და არც აფთიაქებისას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიმართ სკეფსისი და პრეტენზია მაინც არსებობდა.
როგორც ყველა ეპოქაში, ამ სერვისით სარგებლობა ძველ თბილისშიც „ძვირი სიამოვნება“ იყო და მოსახლეობის უმეტესობას მასზე ხელი არ მიუწვდებოდა. ამას თან ერთვოდა მოქალაქეთა არაკეთილსინდისიერი ქმედებაც, როდესაც, როგორც ძველი ქართული პრესიდან ვიგებთ, 1870-იან წლებში, ქალაქის სამკურნალოში, ღარიბი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სამედიცინო სერვისით, ექიმის კონსულტაციითა და მედიკამენტებით ისეთი პირებიც სარგებლობდნენ, ვისაც ფინანსური შეძლებიდან გამომდინარე, „საამისო არაფერი სჭირდა“ [საუბარია დაახლოებით იმავე ასპექტზე, რაც მომავალში, უკვე 21-ე საუკუნის საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ შავ ხვრელად იქნება მოაზრებული].
ამას თან ერთვოდა ის გარემოებაც, რომ ქალაქის სამკურნალოში დიდი უწესრიგობა სუფევდა და სამედიცინო მომსახურების მიღების მომლოდინეთა რიგებიც იდგა. მიზეზი ის ყოფილა, რომ „კაცობრიობის მოკეთენი ცოტა ნებივრობენ, გვიან მობრძანდებიან სამკურნალოში და ავად-მყოფ ღარიბს ხალხს ქუჩაში წვიმასა და ტალახში აცდევინებენო. სამკურნალოს ზედამხედველი ბ-ნი უზბაშევი გარედ ერეკება თურმე ხალხსა იმ საბუთით, რომ იატაკს აფუჭებენ, აჭუჭყიანებენო და ვიდრე ექიმები არ მოვლენ, არ უღებს კარებსაო… ხან იქამდინაც მივა ხოლმე, რომ კარგებსაც უთავაზებს ხოლმე ავად-მყოფებსაო“.
ამას ჩიოდნენ საავადმყოფოს ზღურბლს მიღმა დარჩენილები, ხოლო ისინი, ვისაც გაუმართლა და საავადმყოფოს კედლებში შეაღწია, უკვე უშუალოდ სამედიცინო სერვისის უხარისხობასა და მომსახურე პერსონალის არაპროფესიონალიზმზე წუხდნენ:
„მეტად სასტიკად ექცევიან ეს ვაჟბატონები თურმე ავად-მყოფებს და უმეტესად იმ გვარებს, რომელთაც სატკივრის გამო ლოგინიდგან ადგომა ვერ შეუძლიანთ. ავად-მყოფი რომ შუა-ღამისას სატკივარმა შეაწუხოს და ეხვეწოს, მორიგე ექიმს დაუძახეო, ლოგინიდგან არ დაიძვრის და საძაგლად გინებას დაუწყებსო“.
გარდა ამისა, „თბილისის მიხეილის საავადმყოფოს უწესოებათა“ შესახებ იუწყება გაზეთ „კავკაზში“ 1885 წელს დაბეჭდილი ვრცელი ცნობა. ტექსტიდან ვიგებთ, რომ ამ „უწესოებათა“ შესახებ „სამსახურიდამ გამოსული აფიცერი“ გვიამბობს:
„გამეგონა, რომ თბილისის მიხეილის საავადმყოფოში წამლობა შეუძლებელიაო, რადგანაც მოსამსახურეთა თავხედობას სამზღვარი არა აქვს და საზოგადოდ, ავადმყოფებს მცირე ყურადღებას აქცევენო, მაგრამ რადგან სამსახურიდამ გამოსული აფიცრები ვალდებულნი არიან ამ საავადმყოფოში შევიდნენ მოსარჩენად, ამისათვის ივლისის 11-ს შევედი იქ საწამლებლად და მეექვსე პალატაში დავწექი; პირველს ღამეს თითქმის არ დამძინებია, მხოლოდ განთიადისას თვლემა დამაწყებინა და დავწექი; რამდენიმე წამის შემდეგ ჩემს ოთახში შემოვიდნენ ოთხი მოსამსახურე პაპიროზებით (თუმცა პაპიროზის მოწევა წესდების ძალით სასტიკად აკრძალულია) და დაიწყეს მათგან იმ ღამეს ჩადენილს საქმეებზედ ლაპარაკი საშინელის უშვერის სიტყვებით. დიდხანს ვითმინე, მეგონა, რომ წავიდოდნენ, მაგრამ საუბედუროდ მათ უფრო მოუმატეს ლაპარაკს და მე იძულებული შევიქენ მეთქვა მათთვის:
– თქვენი ვალია წესიერება და მყუდროება დაიცვათ და თქვენ კი სწორედ ამის წინააღმდეგ იქცევით.
ამაზედ უფროსმა მოსამსახურემ მიპასუხა:
– ჩვენ ხომ შენ არაფერს გიშავებთ.
იმ დღეს მე ყურადღება არაფერს მივაქციე, მხოლოდ შუაღამის შემდეგ შემომესმა ყვირილი და სიმღერა დამთვრალის მოსამსახურეებისა, რომელნიც დერეფნებში ისხდნენ; უნდა ისიცა ვსთქვათ, რომ ღამ-ღამობით ავად-მყოფების ოთახებს არავინ ათვალიერებს. მეორე დღეს, სადილს უკან, როდესაც მეცა და სხვა ავადმყოფებიც დასაძინებლად დავწექით, ჩვენს ახლო მდებარე ოთახში უფროსმა მოსამსახურემ ჭურჭელს დაუწყო რეცხვა და ისე ღონივრად ჰყრიდა სტოლზედ, რომ ჭურჭლის ჟღარა-ჟღური ყველა ოთახებში ისმოდა; მე დავუყვირე, რომ დერეფნის კარები მაინც მოეხურათ, მაგრამ რაკი ხმა არავინ გამცა, თვითონ მე წამოვდექი კარების მოსახურავად. ამ დროს იგივე მოსამსახურე გამოვიდა, კარების მოხურვის ნება არ მომცა და დამიყვირა:
– შენ რომელი თავადიშვილი ბრძანდები, რომ აგრე იქცევი.
მე ვთხოვე დეჟურნი ექიმს მშვიდობიანობა ჩამოეგდო, მაგრამ მან მითხრა, რომ ყოველსავე ამას უფროს ექიმს შევატყობინებ და შენ კი ზედამხედველს შეატყობინეო. საქმის გამოსაძიებლად მეორე დღეს ერთი ექიმი მოვიდა. ჯერ მისთვის არაფერი მეთქვა, რომ უფროსი ექიმიც შემოვიდა. მან ჯერ მოსამსახურეებს გამოჰკითხა, შემდეგ მე მომიბრუნდა და მითხრა:
– თუ გინდ რომ კიდეც ეთქვა მოსამსახურეს: „შენ რომელი თავადიშვილი ბრძანდებიო“, მაგაში საწყენი არა არის-რა და თუ ბევრს ილაპარაკებ, მე ვიცი რასაც გიზამ.
დილის საუზმეზედ თუ პური დარჩათ ავადმყოფებს, მაშინვე მოსამსახურეებს მიაქვთ თავიანთთვის.
პირველი განყოფილება ხუთი ოთახისაგან შესდგება და არც ერთს ოთახში საათი არ მოიპოვება, რის გამოც ავადმყოფები წამალს უდროო-დროსა სმენ, თუმცა ექიმისაგან ნათქვამი აქვთ წამლის დალევა საათში ერთხელ, ორ საათში ერთხელ და სხვ.“
როგორც 1880-იანი წლების ბოლო პერიოდის ცნობებით ვიგებთ, ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი დიდი სამკურნალო, რომელიც „ტფილისში არსებობს მიხეილის სამკურნალოს სახელით“, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ჩამოსულ პაციენტებსაც ემსახურებოდა, რის გამოც მათ სიმრავლეს ვეღარ აუდიოდა და ადამიანთა ნაწილი სამედიცინო სერვისის გარეშე რჩებოდა:
„მძიმე ავადმყოფნი, სხვა-და-სხვა ძნელად მოსარჩენის სენით შეპყრობილნი, ან ისეთნი სნეულნი, რომელთაც დიდი ფარეზობა და მოვლა ეჭირებათ, ეტანებიან განსაკუთრებით ტფილისის მიხეილის სამკურნალოს, მაგრამ ეს სამკურნალო ვერ ეყოფა ამოდენა ქვეყანას. მარტო წელს სამკურნალომ უადგილობის გამო უარი უთხრა თითქმის სამას ავადმყოფს. ავადმყოფი მოდის ტფილისში, ხან ვინ იცის, რა სიშორიდამ, ჰხარჯავს ერთს წონა ფულს, ორკვირაობითა და სამ-კვირაობით ელის, ვეღირსები თუ არა მიღებას სამკურნალოშიო, და ბოლოს ეუბნებიან, რომ ვერ მიგიღებთ, ადგილი არა გვაქვს, თქვენს გარდა ბევრიც სხვა უცდის ჯერსაო“.
თუმცა, მიხეილის საავადმყოფოს პერსონალის სასახელოდ, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. 1892 წელს, როდესაც თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა, საავადმყოფოს თანამშრომლები თურმე „თავ-გადადებით უვლიდნენ ხოლერით ავადმყოფებს“. ამ ადამიანებს არც ქალაქი დარჩენია ვალში და ეპიდემიის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დასასაჩუქრებლად, ქალაქის მოურავის თაოსნობით, თანხის შეგროვება დაუწყიათ.
ასევე, მათ სასახელოდ უნდა მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც 1887 წელს მიხეილის სამკურნალოს პერსონალმა გადაარჩინა თბილისელი სექს-მუშაკი მარიამი, რომელსაც უიმედო სიყვარულის მიზეზით თვითმკვლელობა განეზრახა და წყალში გახსნილი გოგირდი დაელია. საქმე ისაა, რომ როგორც გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, მარიამი „სახელ-გატეხილ ქალთა რიცხვს ეკუთვნოდა“, ანუ იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვისაც, ძველ თბილისში, იშვიათად თუ გამოუჩნდებოდა გულშემატკივარი. შესაბამისად, უამრავი, მათ შორის, ზემოთ მოყვანილი საჩივრების ფონზე, მიხეილის სამკურნალოს პერსონალის პროფესიონალიზმი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს.
საერთო ჯამში, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქალაქის ღარიბი მოსახლეობა ყოველთვის დიდი იმედით ელოდა პატიოსანი, გაჭირვებულთა შემწე და „მეიაფე“, კერძო პრაქტიკის მქონე ექიმის გამოჩენას, რადგან, სხვადასხვა პრობლემასთან და სირთულესთან ერთად, არცთუ იშვიათი უნდა ყოფილიყო იმგვარი შემთხვევები, როგორსაც გაზეთ „დროების“ 1879 წლის ერთ-ერთი ნომერი აღწერს:
„ერთი თბილისში მცხოვრები პირისაგან მივიღეთ ჩვენ საჩივარი იმის თაობაზედ, რომ აქაური მკურნალები მეტად გულ გრილად უყურებენ ყოველივე გაჭირვებულ კაცს, რომელიც კი იმათ შემწეობისათვის მიმართავს! თუ უზომო ჯილდო არ მისცა კაცმა, ზედაც არ შეხედავენო და თუნდა ფაიტონი მიართვათ, ორ საჟენზედ არ გამოგყვებიანო.
ორი ყარიბი კაცი ღამე დაწანწალებდნენ ქუჩა-ქუჩა ექიმის საძებნელად… დიდის ვედრებითა და ღრეჯით სთხოვეს ექიმს მიშველებოდა გაჭირვებულს ავათმყოფს და აძლიეს ერთი მანეთი, მაგრამ იმან ხუთ მანეთ ნაკლებ კარებში თავი არ გამოჰყო და დაცინვით მიუთითა მეორე ექიმზედ რომ ის არის კაცთ მოყვარე და შემბრალებელი მკურნალი, ის გამოგყვებათ მანეთათაო! ყარიბები წასულან იმ მეორესთან, მაგრამ იმისი პასუხი ჰყოფილა: „სტუმრები მყავს, არა მცალიან, რაც უნდა მომცეთ, ვერ წამოვალო“.
ალბათ ამ და სხვა ამგვარი შემთხვევების გამო იყო, რომ 1893 წლისთვის თბილისში მკურნალთა სიების და მისამართების ბეჭდვა და ქალაქის ქუჩებში გაკვრა დაუწყიათ. ამ სიების გარდა, ცნობილი თბილისელი ექიმების მისამართებისა და მათი პროფილის შესახებ ინფორმაციას ძველ საგაზეთო რეკლამებშიც ნახავდით, რომლებითაც დამკვეთები მაქსიმალურად ლაკონიურად ცდილობდნენ პოტენციური პაციენტების დაინტერესებას – „ექიმი კ.ი. გრძელიშვილი მიიღებს ყელის, ცხვირისა და ყურით ავადმყოფებს. დილის 9-11 ს. საღამოზე 5-7 ს. მიხეილის ქუჩა, ნემენცების ეკლესიის პირდაპირ“.
რაც შეეხება კონკრეტულად ექიმებს და მათ პროფესიონალიზმს, ჩანს, რომ XIX საუკუნის ბოლო პერიოდში თბილისში ამ კუთხითაც არაერთი პრობლემა იყო, რაც, ბუნებრივია, ძველ ქართულ პრესაშიც პოვებდა ასახვას, მაგალითად:
„ვიღაცა 16 წლის ყმაწვილი მშობლებს სამკურნალოში გაუგზავნიათ, რომელსაც სააპერაციო სატკივარი ჰქონია. ავად-მყოფი საწოლზედ დაუწვენიათ და როდესაც ექიმი მიახლოებია იარაღით ხელში, ყმაწვილს ტირილი და წივილი დაუწყია. პატივცემულს ექიმს არ ესიამოვნა თურმე ეს წივილი, წაუკრ-წამოუკრავს ყმაწვილისთვის და გამოუგდია. ყმაწვილი დაბრუნებულა შინა, ლამაზად გატყეპილი და არც რაიმე შვება მიუღია“.
ასევე, თავად განსაჯეთ, რამდენად შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ეს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ისტორია:
„თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში წოლილა აზნაური თომა ჩიქოვანი, რომელსაც ოპერაცია დასჭირებია. ოპერაციის დროს ავადმყოფს მიუმართავს ექიმისათვის და უთხოვნია ხლორო ფორმისათვის მასუნებინეო. ექიმი გაურისხებია ამ „თავხედობას“ და ჯერ მუშტი გაურტყავს მისთვის თავში, მასუკან დასაძინებელი წამლის მაგივრად „დასაყუჩებელი“ უხმარია და ავადმყოფისათვის პირში პირსახოცი ჩაუტენია. ავადმყოფს გული წასვლია და წყლით მოუბრუნებიათ. ექიმს უბრძანებია მოსამსახურეებისათვის, ავადმყოფი შეეკრათ, მაგრამ ეს უკანასკნელი გაძალიანებულა, გადავარდნილა საოპერაციო სტოლიდამ და გაქცეულა. მოსამსახურეები გამოსდგომიან და საცვალი სულ შემოუგლეჯავთ. ამ დროს ავადმყოფს სისხლი ხვითქით თურმე ჩამოსდიოდა ნაოპერაციევი ალაგიდამ. ექიმს მოუთხოვნია წიგნი და ეს „თავწასული“ კაცი მაშინვე ავადმყოფების რიცხვიდამ გამოურიცხავს“;
ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო სერვისის მიღების შემდეგ, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უფრო სკანდალურადაც გაგრძელებულა და, საბოლოოდ, სასამართლო დავით დასრულებულა, როგორც ეს 1897 წელს მომხდარა:
გაზეთ „ტფილისის ფურცლის“ ცნობით, „ავადმყოფი ბ-ნი ბ-კოვი მეტად შეუფერებლად და უზრდელად მოექცა ექიმ მაისურიანცს. ბ-კოვს თეძო ჰქონდა გადატეხილი და მოსარჩენად ექ. მაისურიანცი ჰყვანდა მოწვეული. როდესაც ბ-კოვი მორჩა, ექიმმა ფეხი გაუზომა და იქვე გამოაცხადა, რომ ფეხი 1 ½ სანტიმეტრით დამოკლდაო. ამ ამბავმა ბ-კოვი ისე გააბრაზა, რომ დაავლო თოფს ხელი და მაისურიანცს გამოუდგა. შეშინებული მაისურიანცი გარეთ გავარდა. შემდეგ ექიმები მოიწვია და იმათ შეამოწმეს, რომ მაისურიანცს ფეხის დამოკლებაში ბრალი არა აქვს და რომ ფეხის დამოკლება სრულიად წესიერი შედეგია ავადმყოფობისა. ეს საქმე სასამართლოში იქმნება გარჩეული“.
ყველაფერთან ერთად, ექიმების მიმართ არსებული ამგვარი დამოკიდებულება და უნდობლობა იყო კიდეც იმის მიზეზი რომ, ამა თუ იმ სატკივრის დროს, თბილისელები დახმარებისათვის ხშირად ცრუექიმებს, ექიმბაშებსა და მკითხავებსაც კი მიმართავდნენ. თანაც, მათი სერვისი ხომ უფრო იაფი იყო?!
დაბალ ტარიფებთან ერთად, დაბალი იყო მათი „მომსახურების“ ხარისხიც, რადგან შეუძლებელია, მკურნალობა ვუწოდოთ იმასაც, რასაც მათ ხელში ჩავარდნილ, ისედაც გაწამებულ პაციენტებს მართებდნენ.
1894 წელს თბილისში გამოჩენილა ვიღაც ექიმბაში, გვარად ფიშერი, რომელსაც „ავადმყოფები ძალიან ეტანებიან თურმე, მაგრამ სენი შესუსტების ნაცვლად, უფრო უარესად ერევათ“. ამ პაციენტთაგან ერთ-ერთი თბილისის ცნობილი მოქალაქის სიდედრი ყოფილა, რომელსაც მკლავი დაუსივდა და დაუჩირქდა – „მოიყვანეს ზემოხსენებული ექიმბაში და იმან პირობა მისცა ორს დღეში განკურნება ავადმყოფისა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ავადმყოფი თანდათან უარესად შეიქმნა. მაშინვე მოიწვიეს თურმე ექიმები, მაგრამ გვიანღა იყო, სისხლი მოსწამვლოდა და ეხლა სიკვდილის პირად არის საბრალო დედაკაცი მიხეილის საავადმყოფოში“.
ასევე, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის ქართულ პრესაში ხშირად გვხვდება ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ დაღუპა ამა თუ იმ ბებიაქალმა რომელიმე ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ორსულობის თვითნებური შეწყვეტა სურდა. ამ შემთხვევათა უმრავლესობაში, მიღებულ „წამალს“ არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ დედაც ეწირებოდა.
აღვნიშნოთ ისიც, რომ ადგილობრივი სპეციალისტებისგან თუ ცრუექიმებისგან განსხვავებით, თბილისის მოსახლეობას დიდი ინტერესი და ნდობა ჰქონდა ყველაფერ „უცხოურის“, მათ შორის, უცხოელი ექიმების მიმართ, თუმცა ქალაქში ჩამოსულ სახელმოხვეჭილ მკურნალთა ტარიფები ადგილობრივთა ბიუჯეტზე მორგებული როდი ყოფილა. შესაბამისად, მათი სერვისით სარგებლობის ფუფუნებაც, ძირითადად, ერთეულების ხვედრი იყო.
ასე, მაგალითად, 1895 წელს თბილისში გზად გაუვლიათ გამოჩენილ გერმანელ ექიმებს: ერნსტ ლეიდენსა და ჰერმან ნოტნაგელს, რასაც გვარიანად გაუხარებია სხვადასხვა სნეულებით შეწუხებული ადგილობრივები.
„სხვა ავადმყოფთა შორის ექიმის სანახავად მივიდა ერთი ქართველი თავადიშვილი შ-ძე. სანამ ექიმის კაბინეტში შეიყვანდნენ, წინა ოთახში ფული გადაახდევინეს. ექიმმა დაუწყო ავადმყოფს გასინჯვა და ჯერ კიდევ რჩევა არ მიეცა, რომ დაეკითხა:
– რამდენი გადაიხადეთ ფულიო?
– ოცდა-ხუთი მანეთიო, მიუგო ავადმყოფმა.
– როგორ შეიძლება, სანამ 75 მანეთს კიდევ არ შემოიტანთ, არ გაგსინჯავთო, უთხრა ექიმმა.
– მე მომთხოვეს 25 მანეთი და გადვიხადეო, უპასუხა ავადმყოფმა.
– არა, მიუგო ლეიდენმა, სანამ 100 მანეთად არ შეასრულებთ, არ შეიძლებაო.
მაშინ ავადმყოფი წამოდგა და გამობრუნდა ამ სიტყვებით:
აქ ვაჭრები ყოფილხართ და არა პროფესორებიო, და აღელვებული წავიდა შინისაკენ.
ექიმებმა ფაეტონი უკან დაადევნეს დასაბრუნებლად, მაგრამ თავადმა შეუთვალა: „მირჩევნია ასე დავრჩე ჩემის სენით და თქვენგან განკურნება არ მინდაო“.
„როგორცა სჩანს, – აღნიშნავს „ივერიის“ კორესპონდენტი, – დიდი ნიჭი და დიდი ანგარება შესაძლებელი ყოფილა რომ ადვილად მოთავსდნენ ერთი-ერთმანეთთან“.
რაც შეეხება აფთიაქებს, ზოგადად, სააფთიაქო-ფარმაცევტული ბიზნესი გერმანელების ხელში იყო, თუმცა მანამ, სანამ თბილისის ქუჩები აფთიაქებით დაიხუნძლებოდა, ვერის დაღმართზე მიმოსვლისას „კონკის“ გამცილებელი პატარა ბიჭები შესძახებდნენ – „ზემელის აფთიაქი“ [რისთვისაც, როგორც ურბანული ლეგენდა გვიამბობს, თავად ამ მარკეტინგული ხრიკის ავტორი და აფთიაქის მფლობელი – ევგენი ზემელი უხდიდა მათ ფულს], ქალაქში აფთიაქის მოვალეობას „მეწვრილმანეები“ ასრულებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამაში გვარწმუნებს იოსებ გრიშაშვილი და თანაც დასძენს, რომ „მეწვრილმანე“ ძველად მოხეტიალე ვაჭარს არ ნიშნავდა, ისინი „შეითან ბაზარში“, „ვორონცოვის ქუჩასა“ და „თათრის მეიდანთან“ იდგნენ და ყოველგვარ სამკურნალო წამლეულობას ყიდდნენ.
უკვე 1875 წელს, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, თუკი „ათი-ხუთმეტი წლის წინათ ქალაქში მხოლოთ ერთი [შმიტის] აფთიაქი იყო და ჰყოფნიდა მთელს ქალაქსაო და ახლა კი ხუთი აფთიაქია და ამას გარდა რამდენიმე მაღაზია, რომლებშიაც წამლებს ჰყიდიან და კიდევ მაინც ვერ ასვლია ჩვენს ქალაქსაო!“
აფთიაქების რიცხვის მატების, თბილისში „სააფთიაქო საქონლით ვაჭრობის ამიერკავკასიის ფარმაცევტთა ამხანაგობის“ დაარსებისა და წლიდან წლამდე გაზრდილი კონკურენციის მიუხედავად, უცვლელი რჩებოდა იმ მოსახლეობის პრობლემები, ვინც წამლის შეძენას საჭიროებდა, რადგან „ტფილისის ზოგიერთ აფთიაქებში მეტად ბევრს ფულს ახდევინებენ წამალში“, ასევე, „ერთს წამალში ერთგან ექვსს აბაზს ართმევენ, მეორე აფთიაქში ოთხ აბაზს, მესამეში მანეთს და სხვანიო“.
ფარმაცევტული მიმართულებით არსებობდა მთელი რიგი სხვა პრობლემებიც, რის შესახებაც 1886 წლის გაზეთ „ახალ მიმოხილვაში“ ექიმი [ლანდსბერგი] ამახვილებდა ყურადღებას:
„აფთიაქები რიგზედ ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას… აი საბუთი: 7 ივლისს მე რეცეპტი დაუწერე ერთს და მაკკერის აფთექაში გავგზავნე [ვარანცოვის ძეგლის პირ-და-პირ]. იქიდგან გამოტანილმა წამალმა ის მოქმედება ვერ იქონია, რომელსაც მე მოველოდი. ამ გარემოებამ დამაფიქრა, გავსინჯე და დავრწმუნდი, რომ ექვსნაირის მასალის ნაცვლად, რომელიც მე მქონდა დანიშნული, მარტო სამ-ნაირი შაეზავებინათ. არც ძნელი იყო ამის გაგება, რადგანაც ადვილად ემჩნეოდა გემოზედ, სუნზე და სხვ. რეცეპტის კოპიოზე-კი სწორედ ჩემი დანიშნული წამალი იყო აღნიშნული და ფასიც სწორედ იმდენი გამოერთმიათ, რამდენიც ჩემს მთელს წამალში ერგებოდათ და მეტიც. მე თვითონ გახლდით ზემოხსენებულს აფთექაში და როცა დავარწმუნე იქ მყოფნი, რომ შეცდომილან, პასუხად შემდეგი სიტყვები მივიღე: „შეცდომით მოგვივიდა, დაგვავიწყდაო“.
ეს შეცდომა კი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იქნებოდა…
ძველ თბილისში სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემების წარმოჩენა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ვცადეთ. მიუხედავად ისტორიებისა, რომლებიც უკვე გიამბეთ, შეუძლებელია, იმ პერიოდის ქალაქში არ ყოფილიყვნენ შეგნებული ფარმაცევტები და აფთიაქის მეპატრონეები, რომლებიც კარგად გააცნობიერებდნენ საკუთარ პროფესიულ თუ სოციალურ პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ კი, იმგვარი ექიმები, როგორიც იყო, მაგალითად, ოფთალმოლოგი გიგო ტარსაიძე, „ტფილისში თვალის სატკივარის სამკურნალოს გამგე“, რომლის მაღალ პროფესიონალიზმსაც საუკეთესოდ აღწერს საფლავის ქვაზე ეპიტაფია აკაკი წერეთლის ავტორობით: „და ხორციელად თვალის ექიმი, სულიერადაც იყო მკურნალი“.
დატოვე კომენტარი