ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

ძველი “ზღაპრული მარტორქის” ახალი ხრიკები

ათი წლის წინ Airbnb-მ სასტუმრო ბიზნესს სახე უცვალა და დაბინავება ნაკლებ ძვირი და მეტად სანდო გახადა.

ახლა, მოსალოდნელი პირველადი საჯარო შეთავაზების წინ, მას სწრაფი გაფართოება სჭირდება, თავისი ღირებულება – $31 მილიარდი – რომ გაამართლოს, და ეს მაშინ, როცა მისი აღმასრულებელი დირექტორი არ არის დარწმუნებული, ინვესტორები პირველ ადგილას უნდა დააყენოს თუ არა.

მოუსვენრობით განთქმული ბრაიან ჩესკი მთელი 32 წამის მანძილზე გაუნძრევლად ზის. სან-ფრანცისკოში, Airbnb-ის სათავო ოფისში, სახელდახელოდ შექმნილ საკონფერენციო ოთახში, ხელოვნური ხის ქვეშ მოკალათებულ 37 წლის აღმასრულებულ დირექტორს ხელში iPhone-ი უჭირავს და მთელი ყურადღება მისკენ აქვს მიმართული. ტელეფონში მარკეტინგული ვიდეოა ჩართული. ვიდეოში თხებისა და სტუმრების ურთიერთობაა ნაჩვენები Airbnb Experience-ის დროს ჩრდილო კალიფორნიის ცხოველთა ნაკრძალში, რაც კომპანიის ორი წლის წინ ჩაშვებული ბიზნესის – ექსკურსიამძღოლის სერვისის ნაწილს წარმოადგენს. საკონფერენციო მაგიდის ქვეშ შოტლანდიური ნაგაზი, სახელად ოსო (სრული სახელი: ოსობუქო), ზის და მილიარდერის შავ სპორტულ ფეხსაცმელს ლოკავს. ბოლო “მეეჰ”-ის ხმაზე, ჩესკი გულაჩუყებული ჩანს. “ვაუ! – მიმართავს თავის რვა თანამშრომელს, რომლებიც მის რეაქციას გულისყურით ადევნებენ თვალს. ჩესკი ღრმად ამოისუნთქავს. – რაღაცა ვიგრძენი”.

ეს ალბათ პროგრესია, იმ ჯადოსნურ შეგრძნებასთან დაბრუნება, რაც ჩესკის უნდა, Airbnb-ს სტუმრებმა რომ იგრძნონ. Airbnb-მ დიდი წარმატება მომხმარებელთათვის მასობრივად ერთფეროვან სამყაროში უნიკალური, ხელმისაწვდომი დასაბინავებელი ადგილების შეთავაზებით მოიპოვა. იმ ათ წელიწადში, კომპანიის დაფუძნებიდან რომ გავიდა, თაობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა სოციალურ დამოკიდებულებებში: ციფრული ეპოქის შვილებისთვის უცებ კომფორტული გახდა უცხოებთან ერთად მგზავრობა, ტელეფონით პარტნიორის მოძებნა და ვაკანტურ საძინებლებში ღამის გათევა. Airbnb-მ კი ეს ცვლილებები $31 მილიარდის ღირებულებად აქცია და გარე წყაროებიდან $3 მილიარდზე მეტი მოიზიდა. პროცესში, ბრაიან ჩესკიმ და მისმა ორმა თანადამფუძნებელმა, ჯო გებიამ და ნათან ბლეჩარჩიკმა, თითომ, $3.7 მილიარდის ქონება დააგროვეს Airbnb-ს წილებიდან, ხოლო მათ მიერ შექმნილი სტარტაპი იმ კომპანიათა ექსკლუზიურ ჯგუფს შეუერთდა, რომელთა სახელები უკვე ზმნები გახდა. Google-ი, Xerox-ი, Uber-ი გვაქვს მხედველობაში.

მაგრამ ამხელა ფულს უნიკალური გამოწვევაც ახლავს. დაარქვით ამას ე.წ. ზღაპრული მარტორქის წყევლა: როგორ უნდა გაამართლოს Airbnb-მ ღირებულება, რომელიც Expedia-ს, Hilton-ისა თუ American Airlines-ის ღირებულებას აღემატება? მართალია, Airbnb-ს რეზერვში $3 მილიარდი აქვს, გასულ წელს დაახლოებით $2.6-მილიარდიანი (შემოსავლების სახით) ფულადი ბრუნვის პირობებში, მხოლოდ $100 მილიონი, გნებავთ, 4%, მოიპოვა (მისი უფრო მსხვილი, საჯარო ბაზარზე ბრუნვადი მეტოქეების მარჟები დაახლოებით 27%-ს შეადგენს). როგორ უნდა განაგრძოს Airbnb-მ ზრდა – გაგანია გამწვავებული კონკურენციისა და მზარდი რეგულაციური გამადიდებელი შუშის პირობებში – და ათმაგი უკუგება აჩვენოს, რომელსაც მისგან ვენჩურ-კაპიტალისტები ითხოვენ? ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე წნეხად პირველადი საჯარო შეთავაზების პერსპექტივა აქცევს, რომელიც, როგორც ამბობენ, 2019 წლის შუა პერიოდში დაიწყება.

ეს ამბავი განსაკუთრებულად რთულია Airbnb-სთვის, იმიტომ რომ, ვთქვათ, Google-ისგან განსხვავებით, რომელმაც ლამის ყველაფერში – საძიებო სისტემებითა და ტელეფონებით დაწყებული, მანქანებით დამთავრებული – რევოლუცია მოახდინა, Airbnb-ი ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ სფეროშია დახელოვნებული. ის აკავშირებს ვაკანტური სახლებისა და ბინების მქონე ადამიანებს იმათთან, ვისაც მათი დაქირავება უნდა. ესაა და ეს. სწორედ აქედან იღებს სათავეს Airbnb-ს ახალბედა ინტერესი გიდიანი ექსკურსიების გაყიდვისა Experiences-ის ჭრილში ან რესტორნების დაჯავშნაში დახმარების გაწევა Resy-სთან თანამშრომლობის მეშვეობით.

სირთულეებს სუსტი სააღმსრულებლო გუნდიც ემატება, რომელშიც ვერ ნახავთ ფინანსურ დირექტორსა და მარკეტინგის დირექტორს, არადა თავის მიზნამდე – პირველად საჯარო შეთავაზებამდე – მოსამზადებლად წელიწადზე ნაკლები რჩება. და კიდევ ჩესკის ფაქტორი – აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორთაგან მილიარდებს იღებს, მათ ინტერესებს წინა პლანზე არ აყენებს.

“კომპანიების პროგრესის საზომი იცვლება, – ამბობს ჩესკი. – აქამდე მართლაც ფინანსურ მიღწევებზე დადიოდა ყველაფერი, თუმცადღეს, ვფიქრობ, ახალი კომპანიები აცნობიერებენ, რომ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე და ცხოვრება უკეთესი უნდა გავხადოთ”.

გეგმა ასეთია: Amazon-ით მსუბუქად შთაგონებულს, ჩესკის სურს, Airbnb უნივერსალურ მაღაზიად აქციოს, ოღონდ – მხოლოდ მოგზაურებისთვის. ის იმედოვნებს, რომ 2028 წლისთვის Airbnb-ს მილიარდი მომხმარებელი ეყოლება, რაც გიგანტური ნახტომი იქნება იმ 400 მილიონი ადამიანიდან, რომელთაც სერვისი მისი არსებობის პირველი ათი წლის განმავლობაში გამოუყენებიათ (წელს, ჯერჯერობით, უხეში გამოთვლით, 100 მილიონი ადამიანია Airbnb-ში დარჩენილი). ბეზოსის სქემის კვალდაკვალ, ჩესკი Airbnb-ს ტექნოლოგიას სახეს ისე უცვლის, რომ სწრაფად იყოს შესაძლებელი ასობით ბიზნესისა და კატეგორიის მოცვა – ისე სწრაფად, როგორც არასდროს.

“დგება მომენტი, როცა დიდ რიცხვთა კანონი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ნიადაგში მეტი თესლის ჩაყრა ხდება საჭირო”, – ამბობს ჩესკი.

მაგრამ ჩესკი იმაზეც ღელავს, ვაითუ ეს იოლი, ძალდაუტანებელი ზრდა Airbnb-ს უნიკალურობას დაემუქროს. შედეგად, ის ცდილობს, Airbnb-ს პოზიციონირება ისე მოახდინოს, რასაც თავად “21-ე საუკუნის კომპანიას” უწოდებს – კომპანიას, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური შედეგების წინაშეა დავალებული, არამედ სხვა მონაწილეთა წინაშეც, როგორებიც არიან სტუმრები, მასპინძლები, თანამშრომლები და ქალაქები. ჩესკი ამას არა სენტიმენტალურ კორპორაციულ კულტურად, არამედ გადარჩენის გზად აღიქვამს: გადაწყვეტილების მიღების პროცესს საფუძვლად უნდა დაედოს ის, რაც ყველასათვის საუკეთესოა Airbnb-ს კომუნაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში იხეირებენ მისი ინვესტორები. “მომდევნო 50 წელიწადში საზოგადოება ვეღარ შეეგუება ისეთ კომპანიებს, რომლებიც ერთგვარად ახლომხედველურად, ვიწროდ არიან ფოკუსირებულნი ძალიან მოკლე ვადებსა თუ ორიოდე მხარეზე”, – ამბობს ჩესკი.

ამ ყველაფრის შედეგი არის დაძაბულობა Airbnb-ს სწრაფი ზრდის საჭიროებასა და ჩესკის სურვილს შორის, ნელა იმოქმედოს და რაღაც პასუხისმგებლობის მქონე და მდგრადი შექმნას. “რეალობა ისაა, რომ დიდხანს ვერ გაძლებ, თუ გაზრდასა და მიმზიდველი ეკონომიკის შექმნას ვერ შეძლებ, – ამბობს American Express-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და Airbnb-ს საბჭოს წევრი კენეთ ჩენო. – თუმცა, დიდხანს მაშინაც ვერ გაძლებ, თუ შენი ბრენდი ადამიანების ცხოვრებას აზრს არ ანიჭებს”. 

წიგნების თაროზე ორჯერ რომ დააკაკუნო, ჯო გებიას ჰოლოგრამა გამოჩნდება. ეს ნამდვილი გებიას, Airbnb-ს 37 წლის თანადამფუძნებლის, სატრაბახო ოინია, რომელიც საკონფერენციო ოთახში კალათდება. იქაურობა სან-ფრანცისკოს სათავო ოფისიდან ნახევარ მილში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მისი ძველი ბინის რეპლიკას წარმოადგენს. გებიას უკან მისი აჩრდილისებრი ვერსია მონოტონური ხმით ლაპარაკობს: “თქვენ ზუსტად იმ ადგილას დგახართ, სადაც პირველი სამი გასაბერი მატრასი დავაწყვეთ…”

სწორედ მათმა დაფუძნების ისტორიამ შეიძინა მითური სტატუსი სილიკონის ხეობაში და დღემდე Airbnb-ს იდენტობის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს. Rhode Island School of Design-ის კურსდამთავრებულებს, გებიასა და ჩესკის, ქირის ფულის გადახდა უჭირდათ, ჰოდა, 2007 წელს სან-ფრანცისკოსში, დიზაინის კონფერენციაზე ჩასულ ხალხს ფულს ართმევდნენ, მათ იატაკზე განთავსებულ გასაბერ მატრასებზე რომ გაეთიათ ღამე. ვებგვერდის შესაქმნელად საქმეში მესამე მეგობარი, ნათან ბლეჩარჩიკი ჩართეს.

სტარტაპმა, რომელსაც თავიდან Air Bed and Breakfast-ი ერქვა, ერთ ღამეში როდი მიაღწია წარმატებას. 12 თვის თავზე, დღეში მხოლოდ 10 ან 20 ჯავშანს თუ იღებდნენ. მაგრამ ტრიოს უკვე დაეწყო გარე დაფინანსების მოძიება: 2008 წლის ივნისში ისინი შვიდ ანგელოზ-ინვესტორთან ცდილობდნენ დაკავშირებას, თუმცა ეს მცდელობა ხუთი უარითა და ორი უგულებელყოფილი ი-მეილით დასრულდა. რას ითხოვდნენ? – $150,000-ს, კომპანიის 10%-ის სანაცვლოდ – ულუფისა, რომელიც – შეუსუსტებლობის შემთხვევაში – დღეს, სულ ცოტა, $3 მილიარდად იქცეოდა. გაკოტრებულმა დამფუძნებლებმა საკრედიტო ბარათების აღება დაიწყეს, თანაც ისეთი ინტენსივობით, გეგონება, ბეისბოლის ბარათები ყოფილიყო, ლიმიტს მიტანებულებს კი ბაინდერებში ახარისხებდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა ნდობის ნაკლებობა გახლდათ. ინტერნეტში გაცნობილი უცხო ადამიანების შინ, ღამის გასათევად დაპატიჟება არ აგრძნობინებდა ხალხს თავს კომფორტულად.

“ნამდვილი ბრძოლა იყო იმის მიხვედრა, თუ როგორ უნდა დაგვეძლია სტერეოტიპი, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობდა და რომლის თანახმად, უცხო – საფრთხეს უდრის, – ამბობს გებია. – ამას ბავშვობიდან გვიდებენ თავში”.

სან-ფრანცისკოს სამუშაო მაგიდებიდან ამ პრობლემის მოგვარება დამფუძნებლებმა ვერ შეძლეს. გამოსავლის ძიებაში, მათ Airbnb-ს მასპინძლებთან დაიწყეს დარჩენა. შექმნეს რეცენზირების სისტემა, რითაც ადამიანებს ერთმანეთის შეფასება შეეძლოთ, დაამატეს სადღეღამისო სამომხმარებლო სერვისი და ფოტოების ხარისხზე შეუდგნენ მუშაობას. 2008-ის ფინანსურმა კრიზისმა, სხვა რამეებთან ერთად, მოგზაურებს ქამრების შემოჭერისკენ უბიძგა, ჰოდა, გაღარიბებული მასპინძლებმაც, დამატებითი შემოსავლის ხათრით, უცებ “უცხო-საფრთხის” პარადიგმის დაძლევა მოიწადინეს.

მალევე Airbnb-მ უარი თქვა თავის კრიტერიუმზე, რომ სტუმრებს აუცილებლად გასაბერ მატრასებზე უნდა დაეძინათ და დილით ესაუზმათ, და, სანაცვლოდ, ვებგვერდზე ყველაფერი განათავსა, უკანა ეზოში მდებარე ქოხებით დაწყებული, საზიარო ბინის ერთი საძინებლით დამთავრებული. 2013 წლისთვის Airbnb 500,000 სხვადასხვა დასაბინავებელ პუნქტს სთავაზობდა მომხმარებელს. დღეს ეს რიცხვი 5 მილიონს სცდება.

ხალხი Airbnb-ს შესახებ ერთმანეთისგან, ე.წ. ზეპირი რეკლამით იგებდა. დღესაც კი, სარეკლამო ბიუჯეტის 90%-ზე მეტს კომპანია სტუმრების, და არა მასპინძლების, მოსაზიდად ხარჯავს. ჯერჯერობით ეს სტრატეგია მუშაობს. 2008-ში Airbnb-ს პიკური ღამე, უხეში გამოთვლით, 100 სტუმარს ნიშნავდა. 2018-ის აგვისტოში, თითქმის 10 წლის შემდეგ, Airbnb-ს საუკეთესო ღამედ ის ღამე შეგვიძლია, ჩავთვალოთ, სადაც 3.5 მილიონი ადამიანი ათევს სხვადასხვა ადგილას ღამეს (საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2 მილიონია).

მასპინძლების ძალდაუტანებლად დარეგისტრირებაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ Airbnb მიწოდებასთან დაკავშირებული მოულოდნელი პრობლემის წინაშეა აღმოჩენილი. მიზეზი ორი სახისაა. პირველი – კომპანიის წარმატებამ ჯიბესქელი მეტოქეების ყურადღება მიიპყრო. Booking Holdings-მა – Priceline-ისა და OpenTable-ის მსგავსი უძრავი ქონების $12.6-მილიარდიანმა (2017-ის შემოსავლით) მფლობელმა, და Expedia-მ (2017-ის შემოსავალი: $10 მილიარდი), თავიანთ საიტებზე ბინებისა და გასაქირავებელი დასასვენებელი პუნქტების აქტიური გამოდება დაიწყეს. ამ გაზაფხულს Booking Holdings-მა საგანგებო კატეგორია, “ალტერნატიული დასაბინავებელი ადგილები”, შემოიტანა და, პირველად არსებობის მანძილზე, განაცხადა, რომ მომხმარებელს 5 მილიონ ასეთ პუნქტს სთავაზობდა – ანუ იმდენივეს, რამდენსაც Airbnb.

მეორე – ადგილობრივი მთავრობები სიმკაცრის გამოჩენას იწყებენ. სირთულეები ნაირგვარია, დაწყებული ბრალდებებით, რომ უძრავი ქონების მფლობელები არარეგულირებადი სასტუმროების შექმნის მიზნით იყენებენ Airbnb-ს, დამთავრებული უკვე კომპანიის დადანაშაულებით, რომ ის ხელს უწყობს საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიზისებს. დენვერში დაფუძნებული მონაცემთა ანალიზის ფირმა AirDNA-ს თანახმად, მკაცრი რეგულაციების მიღების შემდეგ კომპანიის საიტზე დასაბინავებელი პუნქტების რიცხვი ისეთ ქალაქებში მცირდება, – ზოგჯერ 30%-ზე მეტით, – როგორიც ბერლინი, სანტა-მონიკა და სან-ფრანცისკოა. Airbnb ნიუ-იორკსა და პარიზსაც ჰყავთ მიზანში ამოღებული. კანონში ცვლილებამ იაპონიაში გახსნილი კომპანია აიძულა, ივნისში ათასობით ჯავშანი გაეუქმებინა და შეფერხებული მომხმარებლებისთვის $10-მილიონიანი ფონდი შეექმნა.

“როცა რაღაც ადვილად გეძლევა, თითის განძრევა, პრაქტიკულად, არ გიწევს, – ამბობს ჩესკი. – ადვილად კი საიტზე განთავსებული უამრავი პუნქტი მოგვეცა”. ამდენად, თებერვალში Airbnb-მ თავისი ფოკუსი განავრცო, რათა უფრო ღია გამხდარიყო ტრადიციული ოპერატორების მიმართ, დაწყებული ე.წ. ლოგინი-საუზმის ტიპის დასარჩენი ადგილებით, გასაქირავებელი დასასვენებელი პუნქტებით და თვით ე.წ. სასტუმრო-ბუტიკებით დამთავრებული, და ყოველ მათგანს ვებგვერდზე ცალკე კატეგორია დაუთმო. ეს ნათელი გზაა ზრდისკენ, თუნდაც რომ, რაღაც თვალსაზრისით, ძირს უთხრიდეს იმას, რაც Airbnb-ს, დამფუძნებლებისა თუ მომხმარებლების თვალში, უნიკალურს ხდის.

აქ Airbnb-ს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: კომპანია მასპინძლებს უფრო პატარა წილს – 3%-ს – აჭრის მაშინ, როცა ისეთმა სამოგზაურო ონლაინსააგენტომ, როგორიც Booking-ია, შესაძლოა, 15% წაიღოს. “ვერ ვიტყოდი, რომ უკეთესი ვერსიაა. უფრო იაფი ვერსიაა”, – ამბობს ალექ შტრომანდელი, რომელიც ბრუკლინში მდებარე სასტუმრო-ბუტიკ Gowanus Inn-ისთვის Airbnb-ზე ოთახებს განკარგავს.

Airbnb, შესაძლოა, მეტოქეებზე იაფია, მაგრამ ჯერ მაინც არ შეუძლია, მომხმარებელს მათი მასშტაბები შესთავაზოს. Booking Holdings-ის ზრდას თან უამრავი სტრატეგიული შესყიდვა ახლავს და ის უკვე ფლობს ბევრ ისეთ რამეს, რის შექმნასაც Airbnb ახლაღა ცდილობს. ასე, მაგალითად, Booking-ს ფრენებისთვის Kayak-ი აქვს, ჯავშნებისთვის – OpenTable-ი, Rentalcars.Com-ი – ტრანსპორტირებისთვის, აზიაში მოგზაურობისთვის – Agoda და Priceline-ი – ფასდაკლებული პაკეტებისთვის.

Booking Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორის, გლენ ფოგელის, თქმით, მისი მიზანი მომდევნო ათი წლისთვის ყველა ნაწილის ისე თავმოყრაა, რომ საწყისი წერტილიდან ბოლო წერტილამდე მთელი მოგზაურობის დაჯავშნა უხარვეზოდ წარიმართოს. “კი, ეს რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ ადამიანები, ვისაც ამის მიღწევის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ, ის ადამიანები არიან, ვის ხელშიც უკვე არის მასშტაბი, გამოცდილება და ფუნდამენტური საშენი აგურები, – ამბობს ფოგელი. – ეს ადამიანები ჩვენ ვიქნებით”.

ჩესკი ამ უხარვეზო მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხედვას იზიარებს და აშკარა უპირატესობის მქონე შესყიდვებსაც განიხილავს – დიდი სასტუმრო-ქსელების, მეინსტრიმული ტუროპერატორებისა და ტრანსპორტირების კომპანიებისაც კი – მაგრამ ზრდის “ყიდვა” არ აინტერესებს. სანაცვლოდ, ის უარს ამბობს კომპრომისზე იმასთან დაკავშირებით, რაც, მისი დაჟინებული აზრით, Airbnb-ს განმასხვავებელი ნიშანია: მიკუთვნებულობის განცდა.

“ვფიქრობ, Airbnb-ს მიზიდულობის ცენტრი მომხმარებლებისთვის იმ უნიკალური გამოცდილების შეთავაზება უნდა იყოს, რაც სხვაგან არსად არ არსებობს ინტერნეტში”, – ამბობს ჩესკი.

 

თუ ოცნება Airbnb-ს “ამაზონიფიკაციას” წარმოადგენს, ჩესკი აცნობიერებს, რომ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მან ბეზოსის ერთ-ერთი წამყვანი ლეიტენტატი, Prime-ის ყოფილი უფროსი, გადმოიბირა, რათა სცადოს და Amazon-ის ანალოგი რეალობად აქციოს. გრეგ გრილიმ Amazon-ში 18 წელი გაატარა, სანამ მარტში Airbnb-ს, კერძოდ კი ამ უკანასკნელის სახლების განყოფილებას შეუერთდებოდა, რომელიც კომპანიის მთავარ ბიზნესზე – გაქირავებაზე – არის პასუხისმგებელი. როცა გრილიმ Amazon-ში დაიწყო მუშაობა, ხალხი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კომპანია რაიმე უფრო მეტს გაყიდდა, ვიდრე წიგნებია. დღეს გრილი Airbnb-შია – იმ დროს, როცა ამ უკანასკნელს Amazon-ის მსგავსი ექსპანსია წყალივით სჭირდება. “ანალოგი 20 წლის წინანდელსა და სხვა “A” კომპანიას შორის, ჩემთვის სავსებით გასაგებია, – ამბობს ის. – აქ, მოგზაურობის დარგში, უდავოდ არსებობს Amazon-ის ზომის შესაძლებლობები”.

მაგრამ ეს პარალელი Amazon-თან, არაერთი თვალსაზრისით, რთული და შრომატევადი ამოცანაა. საცალო ვაჭრობა $5.8-ტრილიონიანი ბაზარია აშშ-ში – გაცილებით მსხვილი, ვიდრე მოგზაურობისა, თუნდაც ყველაზე ფართო გაგებით. Amazon-ი ისეთ რამეებს ყიდის, როგორიც წიგნები, ტანსაცმელი და ბაღის იარაღებია – ანუ მასობრივ სამომხმარებლო საგნებს. Airbnb-ს კი სრულიად საპირისპირო უნდა. “ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეთავაზება Airbnb-ზე სოკოს გუმბათია, – ამბობს ჩესკი და გუმბათისებრი, გეოდეზიური სახურავის მქონე პაწაწინა ქოხს გულისხმობს, რომელიც კალიფორნიის სანაპიროზე ღამეში $130-ად ქირავდება. – და, სამწუხაროდ, რაც უნდა წარმატებული იყოს ის, მისით მილიონებს ვერ ვიშოვით. ამდენად, ისეთი ბიზნესი ვართ, უამრავ სხვა რამეში რომ უწევს ჩაბმა, რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ასეთი დიდი ვერ გახდება. ეს ასეა – სასრულია თავისი არსით”.

Airbnb-ს პირველი დიდი მცდელობა ექსპანიისა, Experiences-ია – უაღრესად ფრაგმენტირებული გიდიანი ექსკურსიების ბაზრის მისეული ვერსია. როგორც Etsy-მ ხელნაკეთი ნივთები ელ-ვაჭრობად აქცია, ხოლო Uber-მა ნებისმიერი მანქანიანი ადამიანი – კერძო მძღოლად, Experiences-ს სურს, ნებისმიერი, შეფ-მზარეულის ასისტენტით დაწყებული, იოგას მიმდევრით დამთავრებული, ონლაინტურების ბიზნესის მესვეურად აქციოს. და მაინც, რამდენად დიდია ეს ბაზარი? “შეზღუდვები სივრცეში კი არ უნდა ვეძიოთ, – ამბობს ჯო ზადეჰი, რომელიც Airbnb-სთვის Experiences-ს თაოსნობს, – არამედ დროში”.

2016-ში ჩაშვებული Experiences-ი ნელია. სამდღიანი, სრულად გაწერილი მარშრუტების საწყისი იდეა ზედმეტად ძვირი და დროის წამღები აღმოჩნდა Airbnb-ს ეკონომიური მოგზაურებისთვის. უფრო მოკლე ალტერნატივაზე გადაიყვანეს, თუმცა მალე ხარისხის პრობლემამ იჩინა თავი. თუ სახლების შემოწმება Airbnb-ზე მათ განთავსებამდე არ ხდება, იგივე მიდგომა მასპინძლიანი ექსკურსიებისთვის არ მუშაობს. სახლები პირველად არქიტექტურულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, პირველ ყოვლისა, მათში ცხოვრება უნდა იყოს შესაძლებელი. ამ შემთხვევით ექსკურსიებს კი ასეთი სტანდარტები არა აქვს, ჰოდა, Airbnb-ს მასპინძლები ხშირად გიჟებივით იქცეოდნენ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი პირველი, პროდუქტის ბეტა-ვერსიის სახით ჩაშვებული Experiences-ის მონაწილე იყო ქალი, რომელიც სტუმრებს უკიოდა, როცა ეს უკანასკნელნი, ერთი საათის განმავლობაში, სან-ფრანცისკოს პლაჟს ნაგვისაგან ასუფთავებდნენ. გამოცდილებაა უდავოდ, თუმცა არა ისეთი, Airbnb რომ ისურვებდა.

ექსკურსიამძღოლების შემოწმების საჭიროებამ Experiences-ი შეანელა, მაგრამ ზრდამ 2018-ში აკრიფა ტემპი. მას მერე, რაც ორი წლის წინ 12 ქალაქში 500 Experiences-ი ჩაუშვეს, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 800 ქალაქში 15,000 Experiences-ია. ყოველი ჯავშნიდან კომპანია 20%-ს იღებს, რამაც შარშანდელი შემოსავალი დაახლოებით $2 მილიონით გაბერა. ზღვაში წვეთიაო, ამ თანხაზე ვერ იტყვი, თუმცა Airbnb-სხელა კომპანიისთვის დამრგვალების შეცდომასავითაა. წყაროების თანახმად, ამ პროდუქტის განსავითარებლად Airbnb-მ $100 მილიონზე მეტი დახარჯა. და მაინც, სიტუაცია, შესაძლოა, უკეთესობისკენ იცვლებოდეს: Forbes-ის შეფასებით, Experiences-მა შეიძლება, წელს გაყიდვებით $90 მილიონს მიაღწიოს, რაც Airbnb-ს, გათვლების მიხედვით, $18 მილიონის მინუსში დატოვებს. Airbnb უარყოფს როგორც შემოსავლის, ისე ზარალის მაჩვენებლებს, თუმცა თავად დეტალებს არ გვიმხელს. 

დეკემბერში ჩესკიმ თავისი თანადამფუძნებლები ბრეინშტორმინგისთვის შეკრიბა. შეკრების მიზანი სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბება იყო, რომლებიც, ჩესკის თქმით, სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება კომპანიას, რომელიც ფინანსური მაჩვენებლებების მიღმა წასვლას ცდილობს. “თუ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, – ამბობს ჩესკი, – საკითხავი აქ ისაა, ვის მიმართ გაკისრია ეს პასუხისმგებლობა”.

აღმასრულებელ დირექტორთა უმეტესობისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ახლო მომავალში საჯარო ბაზარზე აპირებს გასვლას, ინვესტორები ბუნებრივი არჩევანი იქნებოდა. მაგრამ ჩესკი აღმასრულებელ დირექტორთა უმეტესობა როდია. ინვესტორთა მოძიებასთან ერთად, Airbnb პროგრესს ოთხი სხვა მეწილის ჭრილშიც გაზომავს – თანამშრომლების, სტუმრების, მასპიძლებისა და ქალაქების ჭრილში. Airbnb იმედოვნებს, რომ ეს ზოგიერთი უჩვეულო კორპორაციული ინიციატივის მიღებას გაამარტივებს. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა თხოვნა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისადმი (SEC), რომ მან Airbnb-ს მისცეს ნება, თავისი აქციები მასპინძლებს აჩუქოს ისე, როგორც ეს თანამშრომლებისთვისაა შესაძლებელი, და მათ სარემონტო სამუშოებისთვის დაბალხარჯიანი სესხები შესთავაზოს. მაგრამ ეს ახლებური საზომი კომპანიის სურვილსაც ასახავს, დარჩეს თავისი კომუნალური ფესვების ერთგული.

“Airbnb-ს კომუნა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილების მიმღების რანგში გვყავს, რომელიც გვეუბნება, რა უნდა ვაკეთოთ ზრდისთვის, მათი ‘წარმომადგენლები’ კი დამფუძნებლები არიან”, – ამბობს რეიდ ჰოფმანი, LinkedIn-ის თანადამფუძნებელი და Airbnb-ს ინვესტორი.

მაგრამ პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ამგვარი ინკლუზია უფრო რთული თუ გახდება. Airbnb ბევრს ეცადა, სამუდამოდ კერძო კომპანიად რომ დარჩენილიყო, მაგრამ 2017 წლის შემოდგომას, Morgan Stanley-ისთან ლაპარაკის შედეგად, მათ გააცნობიერეს, რომ წინ კერძო გზა უბრალოდ არ არის. ამდენად, კომპანია, ყველაზე ადრე, 2019-ის შუა პერიოდში აპირებს საჯარო ბაზარზე გასვლას. ფანჯარა მოკლე იქნება: 2020-ში თანამშრომელთა საფონდო ოფციონს ვადა ამოეწურება, რაც მათ სააქციო კაპიტალს ერთ ღამეში ააორთქლებს.

როცა საჯარო ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით ვეკითხებით, ჩესკის უსიამოვნო ემოციები შესამჩნევად იპყრობს. ძალიან ხშირად, მისი თქმით, კომპანიები დიდი სურათის შეგრძნებას კარგავენ და კვარტალურ რიტმში გადადიან. “პრობლემა ისაა, რომ ზოგ ადამიანს ავიწყდება, რომ, პირველ რიგში, მთაზე მიცოცავენ”, – ამბობს ის.

“უამრავ აღმასრულებელ დირექტორს შევხვედრივარ, ვინც ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივებზეა ორიენტირებული ან უნდა, გრძელვადიან პერსპექტივებზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ძალიან ბევრი წნეხი აქვთ და ძალიან ბევრი კონფლიქტური სიტუაცია, – ამბობს ჩესკი. – ამბობენ ხოლმე, რომ უნდათ საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურონ, დარწმუნდნენ, რომ მათ პროდუქტებს მსოფლიოსთვის კარგი მოაქვთ, მაგრამ ერთადერთი მაჩვენებლები, რასაც საბჭოს შეხვედრებზე განიხილავენ, რეალურად, პროდუქტის გაყიდვების მაჩვენებლებია”.

ეს ნამდვილად არაკონვენციური სიტყვებია იმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან, რომელიც, შესაძლოა, მალე საჯარო ბაზარზე გავიდეს. Airbnb-ს თამაშის წესების დაწერა სურს, თუმცა ინვესტორების გადასაწყვეტია, რამდენად მზად იქნებიან სათამაშოდ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *