Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა თავის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, რაშიც ის მადლობას უხდის მათ და ასევე იმ ვითარებას აცნობს, რასაც კორონავირუსის პანდემია იწვევს მსოფლიო მასშტაბით.
წერილში ბეზოსი ამბობს, რომ კომპანიის სამუშაოს დიდი ნაწილის სახლიდან შესრულება შეუძლებელია, ამიტომაც Amazon-მა არაერთი ნაბიჯი გადადგა მისი ობიექტების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
Amazon-ის ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სამსახურში ვირუსისგან თავს საკმარისად ვერ დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნიუ-იორიკის ობიექტზე, ასევე ესპანეთისა და იტალიის საწყობებშიც. აღნიშნულ შემთხვევებს Amazon-ის ლოგისტიკის თანამშრომლების პეტიციაც მოჰყვა, სადაც ისინი ითხოვდნენ უფრო მეტ თავდაცვით ზომებს კომპანიისგან.
მსგავსი შინაარსის წერილი გაუგზავნა Amazon-ს ოთხმა სენატორმაც. სენატორებმა ბეზოსს მოუწოდეს საწყობების თანამშრომლების უფრო მეტი დახმარება, მათ შორის ანაზღაურებადი ბიულეტენი და ა.შ.
მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი აორმაგებენ იმ თანამშრომლების ხელფასს, რომლებიც ზეგანაკვეთურად ამერიკის საწყობებში მუშაობენ. ასევე კომპანიამ პირობა დადო, რომ ყველა თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდება ან კარანტინში იქნება, ხელფასს მაინც გადაუხდის ორი კვირის განმავლობაში.
რაც შეეხება ბეზოსის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილს, გთავაზობთ მას სრულად:
“ძვირფასო ამაზონელებო,
ეს არ არის ბიზნესი, როგორც ჩვეულებრიც არის ხოლმე, ახლა უდიდესი სტრესისა და გაურკვევლობის დრო დადგა. ეს არის კრიტიკული მუშაობის პერიოდი.
ჩვენ შევცვალეთ ლოგისტიკა, ტრანსპორტირება, მიწოდების ქსელი, შესყიდვები, მესამე დონის გადამყიდველები, პროცესი, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტის მიხედვით ხდება დასაწყობება და მიწოდება მნიშვნელოვანი პროდუქციის, მაგალითად, საოჯახო პროდუქტების, სადეზინფექციო საშუალებების, საბავშვო საკვებისა და სამედიცინო პროდუქციის. ჩვენ უზრუნველვყოფთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ყველასთვის ყველგან, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. ადამიანები ჩვენზე არიან დამოკიდებულები.
მხოლოდ მე არ ვარ მადლობელი იმ სამუშაოსთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. მივიღე ასობით წერილი მომხმარებლებისგან და ვნახე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები, სადაც ისინი თქვენ მადლობას გიხდიან. თქვენს მცდელობებს ხედავენ მთავრობის დონეზეც, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვენს გუნდს უდიდესი მადლობა გადაუხადა.
მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები გრძნობენ ამ კრიზისის ეკონომიკურ ეფექტებს და ძალიან ვწუხარ, რომ მიწევს ამის თქმა თქვენთვის, ჩემი პროგნოზით ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება მანამ, ვიდრე ის გაუმჯობესებას დაიწყებს. ჩვენ ვქირაობთ 100 000 თანამშრომელს და ვზრდით საათობრივ ანაზღაურებას იმათთვის, ვინც ასრულებს შეკვეთებს და მიაქვს ის მომხმარებლებამდე ამ არეულობისა და სტრესის პერიოდში. ამავე დროს, სხვა ბიზნესები, როგორიცაა მაგალითად რესტორნები და ბარები იძულებული არიან დახურონ თავიანთი კარები. ვიმედოვნებ, ადამიანები, რომლებიც დროებით უმუშვერები დარჩნენ, ჩვენთან იმუშავებენ მანამ, ვიდრე ისინი თავდაპირველ სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ.
ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს დიდი ნაწილი სახლიდან ვერ კეთდება. ჩვენ განვახორციელეთ ჯანდაცვისთვის პრევენციული ზომების სერია ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენი ვებგვერდის კონტრაქტორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით – მათ შორის დასუფთავების სიხშირისა და ინტენსიურობის კუთხით, ასევე ცენტრებში რეკომენდებული სოციალური დისტანცირების გზამკვლევების გათვალისწინების კუთხით. ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებით და ვმუშაობთ დამატებითი გზების იდენტიფიცირებაზე, რათა ეს ზომები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.
ჩვენ მილიონობით პირბადის შესყიდვის შეკვეთა გავაკეთეთ, რომელიც ჩვენს თანაშრომლებსა და კონტრაქტორებს უნდა დაურიგეთ, რომლებიც სახლიდან ვერ მუშაობენ, თუმცა, ძალიან მცირე ნაწილის მიღება შევძელით. პირბადეები მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტშია და მათ ძირითადად მთავრობები ისეთი ობიექტებისკენ მიმართავენ, როგორიცაა ჰოსპიტლები და კლინიკები. ძალიან მარტივია ამის გაგება, თუ რატომაც უნდა იყვნენ ისინი პირველ რიგში. როდესაც ჩვენი რიგიც დადგება, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი იქნება მათი ჩვენი თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის დარიგება.
ჩემი დრო და ფიქრები ახლა სრულად ფოკუსირებულია კორონავირუსზე და იმაზე თუ როგორ უნდა ითამაშოს Amazon-მა თავისი საუკეთესო როლი. მინდა იცოდეთ, რომ Amazon-ი გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას და ჩვენ არ შევჩერდებით ახალი შესაძლებლობების ძიების პროცესში, რათა დავეხმაროთ საზოგადოებას.
არ არსებობს ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება იგრძნო თავი ასეთ დროს. და ვიცი რომ ეს ყველაში იწვევს სტრესს. ჩემი წუხილის მიზეზები ახლა, როგორც თქვენთვისაც, ძალიან ბევრია, ეს უკავშირდება: ჩემს შვილებს, მშობლებს, ოჯახს, მეგობრებს, თქვენს უსაფრთხოებას, ჩემს კოლეგებს, იმათ, რომლებიც დაინფიცირებულია და იმ ეკონომიკურ რეალურ ზიანს, რასაც ეს ყველაფერი გამოიწვევს ჩვენი საზოგადოებებისთვის.
ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს საყვარელ ადამიანებს. ვიცი, რომ ამას ერთად გადავიტანთ“.
დატოვე კომენტარი