ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოუწოდებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დაბრუნების ილუზიისაგან გათავისუფლდეს“ და მიიღოს 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური რეალობა. ამის შესახებ კომენტარი რუსულ სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-თან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმა გააკეთა. ამ უკანასკნელმა კომენტარი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მშვიდობიანად დაბრუნებაზე ისაუბრა.
„საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების შესახებ შიდა აუდიტორიისათვის არის გამიზნული. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც გაკეთდა. ოს ხალხს მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა და ფასი. მოგიწოდებთ, თავი დააღწიოთ ილუზიებს და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, – ნათქვამია ახსარ ჯიოევის განცხადებაში.
რუსულ სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-ის ვებგვერდზე მითითებულია ცრუ ინფორმაცია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს, ღამით საქართველომ „სამხრეთ ოსეთზე“ შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო.