EasyJet-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სავსე თვითმფრინავები 100%-ით უსაფრთხოა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც იოჰან ლუნდგრენმა განაცხადა, ავიაკომპანია საერთაშორისო გაიდლაინებს მიჰყვება ჰიგიენასთან დაკავშირებით და ფრენა აბსოლუტურად უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ ავიარეისების დიდი ნაწილი 15 ივნისიდან უკვე აღდგა.
EasyJet-ის თვითმფრინავებში მგზავრები და ეკიპაჟის წევრები პირბადეებით სხედან, ასევე ფრენების შემდეგ ლაინერის ბორტი სრულად იქნება დეზინფიცირებული. თუმცა, მგზავრები არ ისხდებიან 2 მეტრის დაშორებით მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიებს მოუწოდებდნენ შუა სკამების გაუქმებისკენ სოციალური დისტანცირების მიზნით.
“ეს იყო შემოთავაზება ადრე ერთ-ერთი რეგულატორისგან.. თუმცა, რეკომენდაციები რომელზეც შევჯერდით, არის საერთაშორისო უწყებებისგან… რომელსაც თავის მხრივ მხარს უჭერენ ადგილობრივი რეგულატორები“, – განაცხადა EasyJet-ის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, მოწოდება შუა სკამების გაუქმებასთან დაკავშირებით ცალკეულმა ავიაკომპანიებმა მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის იყო Ryanair-ის ხელმძღვანელიც, რომელმაც ამ იდეას “იდიოტური“ უწოდა.
EasyJet-ი მარტის ბოლოდან, ისევე როგორც სხვა ავიაკომპანიები გაჩერებული იყო. ავიაკომპანიას დაახლოებით 47 000 რეისის გაუქმება მოუწია პანდემიის გამო. ახლა კი როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, ისინი მიმდინარე კვირას ევროპის 22 აეროპორტში დაახლოებით 300 რეისს განახორციელებენ. ხოლო 1 ივლისიდან უფრო მეტი რეისის აღდგენას ელოდებიან.
დატოვე კომენტარი