ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2019 და 2020 წლებში საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბანკის განახლებული შეფასებით, საქართველოში მშპ-ს ზრდა აღმოსავლეთ ევრიპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.
EBRD-ის ქვეყნებს შორის, ბანკს ყველაზე ნეგატიური პროგნოზი თურქეთისთვის აქვს. გასულ წელს ქვეყნის ეროვნული ვალუტა 29%-ით გაუფასურდა დოლარის მიმართ, წლიური ინფლაცია ოქტომბერში 15 წლიან მაქსიმუმზე – 25%-ზე დაფიქსირდა, შედეგად კი გასული წლის მეორე ნახევარში ქვეყანის ეკონომიკამ რეცესია განიცადა. ბანკი ზრდას არც 2019 წელს პროგნოზირებს და ელოდება რომ ეკონომიკის შემცირება 1%-ის ფარგლებში იქნება.
EBRD-ის მთავარი ეკონომისტი სერგეი გურიევი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თურქეთში მყისიერი ზრდა არც 2019 წლის დასრულების შემდეგ მიიღწევა.
“თურქეთის ეკონომიკაში დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. EBRD-ის ქვეყნებს შორის ის ერთადერთია სადაც წელს რეცესიას ვპროგნოზირებთ და ეს სიტუაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შემდეგაც ჩვენი პროგნოზით ზრდა არ იქნება მყისიერი. საქართველოს ჰყავს მსგავსი მეზობლები, თუმცა თუკი ეკონომიკას მდგრადი და დივერსიფიცირებული წყაროები ექნება, თქვენ გამომწვევებს გაუმკლავდებით”, – ამბობს ბანკის მთავარი ეკონომისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკებზე, მნიშვნელოვანია ექსპორტის დივერსიფიკაცია.
“ევროკავშირთან ვაჭრობა და ინტეგრირება დაგიცავთ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე დამოკიდებულებისგან, ვგულისხმობ რუსეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს”.
დატოვე კომენტარი