ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროექტების მხარდაჭერას. ის 1991 წელს დაარსდა, საქართველოში 160-მდე პროექტში მას დღემდე 2,6 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული. სამხრეთ კავკასიაში თავისი ტურის ფარგლებში, 16 ივლისს 3-დღიანი ვიზიტით საქართველოს EBRD-ის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობის ახალი სტრატეგიის შემუშავებაა, რომელიც 2013 წლის სექტემბერში უნდა დამტკიცდეს. ვიზიტის ფარგლებში სერ სუმა შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე ეროვნული ბანკისა და საბანკოს სექტორის წარმომადგენლებს.
გთავაზობთ ინტერვიუს EBRD-ის პრეზიდენტთან.
რა არის EBRD-სთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში და მუშაობის რა ტიპის სტრატეგია გაქვთ აქ?
-ს.ჩ. – EBRD-ს საქართველოსთან ძალიან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის 20 წელი აკავშირებს, თქვენი ქვეყნის 160-მდე სხვადასხვა პროექტში ჩვენ უკვე ინვესტირებული გვაქვს 2,6 მილიარდი დოლარი, წლევანდელი წლისთვის კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ასე რომ, ჩვენი ხედვა ხანგრძლივ დროზეა გათვლილი და, ასე ვთქვათ, ჩვენ აქ დიდი ხნით ვართ. ამ ეტაპზე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობა მუშაობს ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიაზე, რომელიც მომდევნო სამ წელზეა გათვლილი და რომელიც, იმედი მაქვს, სექტემბერში ბანკის ბორდის მიერ იქნება დამტკიცებული. აღნიშნულ სტრატეგიაში სამ ძირითად პრიორიტეტზეა საუბარი, ესენია: პირველი – ინვესტირების გზით კერძო სექტორის ხელშეწყობა, მეორე – ენერგეტიკა. სამწუხაროდ, თქვენ არ გაქვთ გაზი და ნავთობი, თუმცა ისინი ძალიან ბევრ ქვეყანას ასევე არა აქვს, სამაგიეროდ, თქვენ გაქვთ წყალი, ძალიან ბევრი წყალი, რომლის გონივრულად გამოყენებასაც ენერგეტიკული სექტორისთვის ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. ეს მართლაც დიდი ენერგეტიკული პოტენციალია. ჩემი აზრით, წყლის პოტენციალის კარგად გამოყენების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს გახდეს მსხვილი ენერგოექსპორტიორი, ასე რომ, ჩვენი საქართველოში მუშაობის უდიდესი ნაწილი იქნება ქართული ენერგეტიკის განვითარებაზე ზრუნვა, მესამე პრიორიტეტი კი არის ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა და ფინანსური სექტორი.
გასული წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6-7%-ს შეადგენდა, თუმცა ამჟამად ეს მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო მცირდება. რა არის, თქვენი აზრით, ამის მიზეზი და მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის შემდგომი პოტენციალი?
ს.ჩ.- რა თქმა უნდა.ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლისთვის საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ზრდის 6-7%-ს. 2013 წლისთვის ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით 3 %-ს. ვერ ვიტყოდი, რომ ეკონომიკური ზრდის შეჩერების მიზეზი და მთავარი დამნაშავე თქვენს ქვეყანაშია, ეს უფრო გლობალური პრობლემაა და მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, 3% ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუ შევადარებთ მას სხვა ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის მაჩვენებელს, მაგალითად, რუსეთის, ან თურქეთის, ან სულაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისას, სადაც 1%-იანი ზრდისთვის იბრძვიან. ევროპის დასავლური ნაწილისკენ თუ წავალთ, იქ უკვე მრავალი წელია, ეს მაჩვენებელი 3%-ზე შეჩერებული, ასე რომ, ამ ვითარებაში 3% ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი გაზრდა და ჩვენი საქმეც ზუსტად ეს არის – გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6-7%-მდე.
თუ იქონია რაიმე სახის გავლენა EBRD-ის საქმიანობაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ან შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ და არასტაბილურმა ფონმა?
ს.ჩ.- ვერ ვიტყოდი, რომ მიმდინარე მოვლენებმა EBRD-ის საქმიანობაზე რაიმე სახის გავლენა იქონია, თუმცა თავად ინვესტორებზე გარკვეულწილად ალბათ მაინც იმოქმედა. ისინი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ახალ ხელისუფლებას, მათ აინტერესებთ ახალი მთავრობის კურსი, საქმიანობა, გეგმები და პრიორიტეტები, ამიტომაც ისინი ჯერჯერობით იცდიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ცხოვრება თავის რიტმს დაუბრუნდება, ყველა პოტენციური ინვესტორისთვის ნათელი გახდება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ხელისუფლების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. ზუსტად ეს ვუთხარი თქვენს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე და მას ეს მშვენივრად ესმის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალზე ბუნებრივი ნაწილია დემოკრატიული პროცესებისა. საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა, ეს კარგად ესმით ინვესტორებსაც და ბუნებრივია, რომ მათაც ახალი ლიდერის ნახვა სურთ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა თქვენთან შეხვედრის შემდეგ, მან მოგაწოდათ ინფორმაცია ეკონომიკური აღორძინების სტრატეგიისა და რეფორმების შესახებ. როგორ შეაფასებდით ამ სტრატეგიას და რა როლს ითამაშებს ამ აღორძინების პროცესში EBRD-ი?
ს.ჩ.- დიახ, ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი მომავლის ხედვები კარგად ერწყმის EBRD-ის სამუშაო სტრატეგიას საქართველოში. რა თქმა უნდა, მას უფრო მეტი პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული, ვიდრე ჩვენს ორგანიზაციას, ბუნებრივია, EBRD ყველა პროცესში ვერ იქნება ჩართული. ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩავდივარ, ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგია და ქვეყნის ხელისუფლების გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც EBRD-ის საქმიანობის შეფერხებას იწვევს. საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ არის და მე დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნისთვის შემუშავებული ჩვენი სტრატეგია სექტემბერში დამტკიცდება.
უახლოეს მომავალში EBRD გეგმავს გამოსცეს EBRD-ის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციის ლარის ბონდი. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა ექნება ამას ქართული ფინანსური სექტორისთვის და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ინოვაციაა საქართველოსთვის?
ს.ჩ.- ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიახლეა საქართველოსთვის. ამის შესახებ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ბანკის მმართველთან და მთლიანად საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. აღნიშნულ პროცესს ყველა მხარე დიდ მხარდაჭერას უცხადებს. ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი მზადაა შეიძინოს ეს ობლიგაციები, რის შემდეგაც გვექნება სადემონსტრაციო ეფექტი. ვფიქრობ, ადგილობრივი ბანკებისთვის ეს ძალიან სასარგებლო ცვლილება იქნება იმის გამო, რომ დღესდღეობით ეს სფერო ძალიან არის დოლარიზებული. ზუსტად ეს არის ამ პროექტის არსებითი მიზანი. თუ აღნიშნული პროექტი კარგად იმუშავებს აქ, მაშინ საქართველო გახდება EBRD-ის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, რადგან ანალოგიური პრობლემები აქვთ ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების საბანკო სექტორებსაც, რომლებიც ცდილობენ განავითარონ ადგილობრივი კაპიტალური ბაზრები და საფუძველი ჩაუყარონ ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტებას. ასე რომ, თუ ამ ბონდის გამოშვებით ჩვენს მიზანს მივაღწევთ საქართველოში, ვეცდებით იგივე გავაკეთოთ სხვა ქვეყნებშიც და გამოდის, რომ საქართველო ამ პროცესის ლიდერი იქნება.
როგორ შეაფასებდით ქართული საბანკო სექტორის სტაბილურობას?
ს.ჩ.- მე თუ მკითხავთ, ის ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ იბრძვიან საბანკო სექტორის სტაბილურობის მოპოვებისა და მისი შენარჩუნებისთვის. ქართული რეალობა ამ მხრივ კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ჩემი ამ ვიზიტების დროს მინახავს. ერთ ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ, ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი საქართველოში 9,5%-ია, მაშინ როდესაც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, რაც ამ ბანკებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. საქართველო ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია და ამიტომ მიიღეთ ჩემი დიდი კომპლიმენტი. თუმცა ადგილობრივი საბანკო სექტორის სტაბილიზებაში EBRD-საც აქვს მიღებული მონაწილეობა, ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული.
როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას და მის როლს საბანკო სექტორის განვითარებასა და სტაბილურობაში?
ს.ჩ.- საქართველოს ეროვნული ბანკი ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ამ მხრივ ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.
ხომ არ ისურვებდით დამატებით უთხრათ რაიმე ქართველ მკითხველს?
ს.ჩ.- დიახ, სიამოვნებით. ვფიქრობ, ყველაფრის თავი და თავი სიცხადე და გამჭვირვალობაა. ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იცოდეს, საით მიდის და რას გეგმავს. პოლიტიკა ხშირად ართულებს ქვეყნის მიმართულების ნათლად წარმოჩენას, თუმცა ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როდესაც ყველაფერი ცხადი იქნება. ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს, რადგან ამ რეგიონში საქართველო თავისი დემოკრატიული მიდგომებით ერთგვარი იმედია. თქვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ მე-9 ადგილზეა. ამას ემატება არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობა და მე მიმაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტური მოცემულობა გაქვთ იმისთვის, რომ მეტი ინვესტორი მოიზიდოთ. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ წარმატების მთავარი გასაღები არის სიცხადე იმ გზისა, საითაც მიემართება სახელმწიფო და მე ამის შესახებაც ვესაუბრე თქვენს პრემიერ-მინისტრს, მან კი EBRD-ს გვთხოვა, დავხმარებოდით ამაში და ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით კიდეც.
დატოვე კომენტარი