ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტთან დაკავშირებული კონცეფცია განიხილა. შესაბამისი დოკუმენტი EBRD-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და “მწვანე კლიმატის ფონდი” (GCF) საქართველოსთვის სუვერენული სესხის სახით 60 მილიონამდე ევროს გამოყოფას განიხილავს. სესხი დედაქალაქ თბილისს გადაეცემა, კერძოდ კი შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც თბილისში ავტობუსების, მეტროს სისტემისა და საბაგიროების ოპერირებას ახდენს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მთლიანად პროექტი 60 მილიონი ევრო ჯდება, ხოლო EBRD-ი სუვერენული სესხის სახით 50 მილიონი ევროს გამოყოფას განიხილავს. EBRD-ის დოკუმენტის მიხედვით, როგორც პროექტის მიზნებშია აღნიშნული, ინვესტიცია გააუმჯობესებს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მეტროს 40 თანამედროვე ვაგონის შეძენით, რომელიც არსებულ ვაგონებს ჩაანაცვლებს.
“პროექტი უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქს დაეხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მენეჯმენტის რეფორმირებაში ავტობუსებისა და მეტროს სისტემის განახლების დაფინანსებით”, – წერია EBRD-ის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია EBRD-ის ფინანსური დახმარებით, მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას გეგმავდა.
“ჩვენ ვახორციელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, თუმცა სამწუხრაოდ, დღეს ყველანაირი რესურსი ამოწურული გვაქვს – აღარ დარჩა ვაგონები, რომლის რეაბილიტაცია შესაძლებელია, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. დაახლოებით, 40 ვაგონი იქნება შეძენილი. ეს არის 4-ვაგონიანი მატარებლის 10 შემადგენლობა”, – განაცხადა მაშინ კალაძემ.
დატოვე კომენტარი