რობოტიკითა და ინჟინერიით დაინტერესებული ბავშვებისთვის რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ახალი ქართული პროდუქტი, “STEM BOX”-ი გამოჩნდა. ამგვარი კომპლექტაცია, რომელიც აერთიანებს რობოტიკისა და ინჟინერიის სასწავლო რესურსებს ბავშვებისთვის, დიდი ხანია საერთაშორისო ბაზარზე გვხვდება. მსგავსი პროდუქცია ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს არაერთი მიმართულების პრაქტიკულად ათვისებაში. Edison Tech-ში, რომელიც “STEM BOX”-ის მწარმოებელია, გადაწყვიტეს, რომ ყველა ის პრაქტიკული მიდგომა, რაც საჭიროა ტექნოლოგიური იდეის პროტოტიპირებისათვის, BOX-ებში ჩაედოთ და მიეცათ საშუალება მომხმარებლებისთვის, ყველასთვის მარტივი გზით შეესწავლათ რობოტიკა და აეწყოთ ჭკვიანი პროექტები.
STEM თავის მხრივ არის Science, Technology, Engineering და Mathematics-ის აბრევიატურა. Edison Tech-ის ბოქსებში კი ყველა აღნიშნული მიმართულების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნაა ჩადებული: ჭკვიანი მოდულები (Smart Blocks), კონსტრუქციის შესაქმნელი დეტალები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საჭიროა 5 სხვადასხვა ჭკვიანი რობოტის/მოწყობილობის შესაქმნელად.
„ძალიან გვიხარია, რომ პროდუქტი ჩვენ მიერაა შექმნილი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ქართველი მომხმარებელი პირველი აიტაცებს მას, შემდეგ კი სხვა ქვეყნებსაც შევთავაზებთ. უკვე შესაძლებელია პირველი ვერსიის “STEM BOX”-ის შეძენა, ხოლო სამომავლოდ, პერიოდულობით, ახალ-ახალი ვერსიები გამოვა, ახალი პროექტებითა და უფრო საინტერესო ამოცანებით“, – აცხადებს Edison Tech-ის დამფუძნებელი, გივი ბერიძე.
ბერიძის განცხადებით, Edison Tech-ის გუნდში, გარდა უამრავი მნიშვნელოვანი ჭკვიანი ტექნოლოგიის შექმნისა, ყოველთვის ფიქრობენ მომავალ თაობაზე, რათა მათ კიდევ უფრო გაუმარტივონ ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევა. ამის მაგალითია მათ მიერ დაფუძნებული Edison Technology School, რომელშიც 200-მდე ბავშვი სწავლობდა – სკოლა პანდემიის გამო დაიხურა. ბერიძის თქმით, ახალი პროდუქტი სწორედ ამ ხედვის გაგრძელება და დღევანდელ რეალობაზე ადაპტირებული ტექნოლოგიური სკოლის მსგავსი პროდუქტია.
დატოვე კომენტარი